დღეს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ტყიბულის „მეშახტემ", რომელიც ამ ტურამდე ოფიციალურად დაემშვიდობა ეროვნულ ლიგას, ჩემპიონობის შანსი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, „დინამო თბილისს" წაართვა. „მეშახტემ", რომელმაც მთელი სეზონი წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე ითამაშა და რომელსაც მწვრთნელად, ჩემი პირადი მოსაზრებით (სხვებიც დამეთანხმებიან) ქუთაისის „ტორპედოს" ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ჰყავს სათავეში და რომელშიც არიან ქუთაისური კლუბიდან იჯარით მოთამაშე ფეხბურთელები ელიგის ბოლო ვირაჟზე, სადაც ყველა გოლს და ბარათსაც კი მნიშვნელობა აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ქულებზე, სათამაშოდ, სწორედ „შენგელია არენა" არჩია. თუ, რატომ და რა დატვირთვა აქვს ამ გარემოებებს „დინამო თბილისთან" აქ აღარ ჩავუღრმავდები.
ჩემპიონობისთვის მებრძოლ თბილისურ კლუბს, რომელსაც დარჩენილ ორ ტურში, მასზე რაც იყო დამოკიდებული 6 ქულა უნდა აეღო, როგორც ჩანს წნეხს ვერ გაუძლო. დიდი ალბათობით, წნეხთან ერთად, კლიმატურ ცვლილებებს ვერ გაუძლო, დინამოელთა მეკარემ ლუკას ფლორესმაც ვერ გაუძლო, რადგან ბრაზილიელმა, თუკი დედაქალაქელთა მაისურით გამართულ სასტარტო შეხვედრებში თავი კარგად დაგვამახსოვრა, ბოლოსკენ, მთელი ეს ჯაფა წყალში ჩაყარა. აქვე დავაფიქსირებ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას და ასეთი ფინიშისთვის, სადაც არ არიან ცხრილის ლიდერი კლუბები და ეთამაშები ფურცელზე სუსტ გუნდებს, 19-გზის საქართველოს ჩემპიონს ალბათ ბევრად უფრო წაადგებოდა „დამჯდარი" ჯაბა კანკავა. ჰო, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. თორემ, დინამოელთა სამწვრთნელო შტაბი, რომ „მეშახტეს" ზერელედ არ შეხედავდა და სათანადოდაც შეაფასებდა, ამის შესახებ ფიქრიც არ მინდა. სხვათა შორის, იგივენაირი დატვირთვის იქნება თბილისელთათვის ბოლო მატჩი 5 დეკემბერს თბილისში, „სამგურალის" წინააღმდეგ.
რაც შეეხება ტყიბულელებს, ჰქონდათ მათ მოტივაცია თუ არა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, „დინამო თბილისი" ყოველთვის მოტივაციაა და საქართველოს ყველა ლიგისა და ყველა ფორმაციის კლუბი, „დინამო თბილისთან" აკეთებს წარმოუდგენელს.
დღევანდელ თამაშში, რომელშიც სტუმრებმა ბურთი გააკონტროლეს პირველი სახიფათო მომენტიც მათ ჰქონდათ, როდესაც მე-12 წუთზე ბას კარის გასწვრივ ჩაწოდებული ვერ „ჩაკეტეს" თანაგუნდელებმა. კარის მიმართულებითაც უფრო მეტჯერ დაარტყეს თუმცა, „მეშახტემ" რაც დაარტყა, თითქმის ყველა გაიტანა. პირველი გოლი კი, ჩხეტიანის შეგირდებმა 26-ე წუთზე გაიტანეს. ლაშა უგრეხელიძის გრძელი და ზუსტი გადაცემით, საკუთარი ნახევრის საჯარიმო მოედნის ხაზიდან, თამაშგარის ზღვარზე კარგად მიიღო გიორგი ბურდულმა, რომელსაც არ გასჭირვებია დინამოელთა მცველების ჩამოშორება და ბრაზილიელი მეკარის „გაცურებაც". ანგარიში, მასპინძლებმა გახსნეს, 1-0. სხვათა შორის, ამ მომენტის შემდეგ, ამ შეხვედრაში პირველი კუთხური ჩამოაწოდეს, თბილისელებმა, თუმცა, ამჯერად, ქეცბაიას შეგირდებმა, ეს სტანდარტული გოლად ვერ გარდასახეს. 41-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ კარგად შენიშნა უმეთვალყურეოდ დატოვებული რაფაელა ლიმა, რომელსაც ამავდროულად უზარმაზარი სივრცე ჰქონდა და კარგად შეცვალა ფლანგი, ლიმამ კი, გაიტანა და დინამოელთა იმედები კიდევ უფრო „ჩააქრო". რეალურად პირველ ტაიმში „დინამო თბილისს", მარჯვენა ფლანგი ჩაუვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯენერი ხორავამ შეხვედრას 3 წუთი დაამატა, თბილისელებმა ვერაფერი მოახერხეს და „მეშახტემ" 2-0 მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტზე, 51-ე წუთზე თბილისელებს ცივი შხაპი გადაავლო ცოტნე ფაცაციამ, რომელმაც საგოლე გადაცემას, შორი მანძილიდან სტანდარტულიდან კარში ჩასმული გოლი დაუმატა. იმ თამაშიდან გამომდინარე კი, რასაც დედაქალაქური კლუბი თამაშობდა, ცოტა იყო თამაშის შემოტრიალების შანსი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში თბილისელებს უფრო მეტი მომენტი ჰქონდათ, მაგალითად, 63-ე წუთზე ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი ლაშა უგრეხელიძემ, კიდევ 10 წუთში, 73-ე წუთზე მომენტი ვერ გამოიყენა ბამ. შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ ჰქონდა მომენტი თორნიკე კვარაცხელიასაც და მანამდე ჰალიდ დოლტმურზიევსაც, თუმცა, დღეს, ქეცბაიას გუნდის დღე არ იყო.
„დინამო თბილისმა" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ახლა, თბილისელებს, ბოლო ტური, აუცილებლად მოსაგები აქვთ. ამასთან, იმისთვის რომ დინამოელები საპრიზო სამეულში და შესაბამისად, 2027-2028 წლების სეზონში უეფა-ს ევროტურნირებზე მოხვდნენ, დღეს დაწყებულ ტურში, ფეხი უნდა დაუცდეთ „იბერია 1999"-ს, რომელიც კარგ სვლაზეა, ბათუმის „დინამოს", რომელიც ძალიან ახლოს არის 2026 წლის სეზონში დუბლი შეასრულოს და „რუსთავს", რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარე გათამაშების „ბლაინდ ბოქსია" (Blind Box).
ამ ტურის შემდეგ, „მეშახტემ" სამი ქულა კი დაიმატა, მაგრამ კვლავ ბოლო ადგილზეა და მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს. „დინამო თბილისს" კი, 62 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა. ეროვნული ლიგის ბოლოს წინა ტური ხვალ და ზეგ გაგრძელდება (იხილეთ კალენდარი).





ჩვენ







