2005

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ექტრემალურად ექსტრემალური “ნიამორი”

 

იმ დღეს, 3 მარტს, ვერის ბაღში მდებარე ალპურ კლუბში თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების მეორე ფესტივალი “ნიამორის” ჟიური დიდხანს ფიქრობდა რომელი ფილმისთვის ერგუნებინა გრან-პრი. არბიტრების სიმპათიები ხან ქართული, ხან შვეიცარული და კვლავ ქართული (განსაკუთრებით სამი ფილმისკენ, თითო ნომინაციიდან თითოსკენ) იხრებოდა... ბოლოს, როგორც ჩანს ყველამ ერთხმად (ზოგმა დაუსწრებლადაც კი ტელეფონით, იმიტომ, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე ოდნავ დასვენებულები გამოცხადებულიყვნენ) საერთო აზრი გამონახა და განაცხადა – “ეს ფილმი ჭეშმარიტად იმსახურებს გრან-პრის და თანაც იგი სასწავლო თვალსაჩინოებადაც უნდა იქცეს მათთვის, ვისაც, დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე პრეტენზია აქვს”.

 

ვინ გახდა სხვებისთვის ერთი შეხედვით ასეთი მკაცრი შეფასების კრიტერიუმის მაპროვოცირებელი ფილმი, ამის შესახებ, ოდნავ მოგვიანებით გეტყვით. მანამდე კი “ექსტრემალურად” დატვირთული “ნიამორის” მცირედი ქრონოლოგია 2005 წლის იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით.

 

ჩანაწერი I - ფოტოტგამოფენა. მეორე ფესტივალმა ფოტოგრაფთა მუზად, ამჯერად “ექსტრემალური და ამოუცნობი სამყარო” აირჩია. ფოტოების მიღების გამოცხადების დღიდან, სულ მალე, ეს კი 2004 წლის ოქტომბერ _ დეკემბერში დაიწყო, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში ორი ასეული ფოტო, სულ 35 ავტორის ნამუშევარი შემოვიდა.

 

მას შემდეგ, რაც მასალა დახარისხდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე იცოდნენ, რომ გამოფენის სათაური ექსპოზიციაში სრულად აისახებოდა. წარმოდგენილ ფოტოებს შორის იყო სოსო მგელაძის წყალქვეშა სამყარო, ზურაბ შარიას და მამუკა ნიკოლაძის მიწისქვეშეთი, გოგიტა ბუხაიძის და გოგა ჩანადირის სამოგზაურო ჩანახატები, დავით ყიფიანის “ექსტრემალურად” არაფრენილი პარაპლანი და, რაღა თქმა უნდა, მთები, ბილიკები და ხედები მწვერვალებიდან... მონაწილეთა შორის იტალიელი სილვიო კალვის ფოტოებიც იყო წარმოდგენილი.

 

ცოტა რამ სილვიო კალვის შესახე - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იტალიელი საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს ბევრ ქართველზე კარგად იცნობს. სიგიჟემდე უყვარს აქაურობა და ხელიდან შანს არ უშვებს დახმარების ხელი გამოუწოდოს ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით თუ ეს დახმარება ქართველ მთამსვლელებს სჭირდებათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სილვიოს ძალისხმევით ჯერ საქართველოში, შემდეგ კი იტალიაში მე-19 საუკუნის ცნობილი იტალიელი მოგზაურისა და ფოტოგრაფის ვიტორიო სელას (მან მე-19 საუკუნის 80-იან წლებში იმოგზაურა საქართველოში და ნანახი ფოტოში ასახა) ფოტო-გამოფენა მოეწყო. ალბათ, არც მოვლენებს გავუსწრებ წინ და არც დიდ საიდუმლოს გავცემ თუ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სილვიოს დახმარებით მალე საქართველოში ახალი ტურისტული მარშრუტი ამუშავდება და მას “სელას ნაკვალევზე” ერქმევა.

 

კვლავ საგამოფენო ციებ-ცხელებას დავუბრუნდეთ. მოკლედ ამ ყოველივეს სკანირება, დამუშავება და საექსპოზიციოდ დამზადება ნიამორელებმა საახალწლოდ დაიწყეს. მთელი დღესასწაულებიც, “ფოტო სამყარო პრო-ფოტო ცენტრთან” ერთად მელიქიშვილზე გაატარეს. ძველით ახალ წელს კომპიუტერი მზად იყო ფოტოების დასაბეჭდად,  მაგრამ... ბედის ირონია, ქაღალდზე ამობეჭვდის დროს, ყველა ფოტო წაიშალა და ორგანიზატორებს ყველაფრის გაკეთება, ერთ დღეში თავიდან მოუხდათ.

 

ამას დაერთო ისიც, რომ “უნივერსში”, სადაც გამოფენა უნდა შემდგარიყო, რემონტი ვერა და ვერ დასრულდა და “ნიამორმა” ნავსაყუდელი და ისიც მხოლოდ ოთხი დღით, 14-17 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იპოვა.

 


...შედეგი? ალბათ კარგი, რადგან სახელდახელოდ ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ საიორგანიზაციო კომიტეტმა ფოტო-კატალოგის გამოცემა გადაწყვიტა, 30-30 ფოტო კი ყაზბეგსა და მესტიაში საჩუქრად წასაღებად გადადო. მაღალმთიან სოფლებს “ნიამორის” ძღვენს თოვლის დნობის შემდეგ ჩავუტანთ. 


 
ჩანაწერი II - სპორტული “ნიამორი”. პირველი ფესტივალისგან განსხვავებით მეორე “ნიამორში” სპორტსმენებიც ჩაერთვნენ. თანაც ექსტრემალები _ სნოუბორდერები, მეკლდეურები, და ბოლოს ალპინისტები. თუმცა ამ უკანასკნელებმა ჯერ არ იციან, მყინვარწვერზე, რომელიც ყაზბეგის რაიონში მდებარეობს და რომლის სიმაღლეც 5033 მეტრია, უამინდობის გამო, როდის მოახერხებენ “ნიამორის” დროშის აფრიალებას. ისე, არც ის არის გამორიცხული, ეს დროშა თავად ფესტივალის ორგანიზატორებმა (ერთმა ნაწილმა, გიორგი კალატოზიშვილის გამოკლებით, რადგან მას თოვლი არ უყვარს) ავაფრიალოთ 5033 მეტრზე. როდის? ეს ჩვენ არ ვიცით. თუმცა თუ ახლა თქვენ ხელში ყოველწლიური ჟურნალი “ნიამორის” ეს ნომერი გიჭირავთ, იმას ნიშნავს, რომ დროშა მყინვარწვერზე ავიტანეთ, ყოველ შემთხვევაში შევეცადეთ და ე.წ. “სერაკებიდან” უკან დავბრუნდით. ეს ამბავი, ფოტო-რეპორტაჟით გადავწყვიტეთ გვეამბო. ისე მოგვიანებით, ჟურნალისტების ინსტრუქტორმა ჯონი ხუციშვილმა სხვა ჯგუფთან ერთად ნიამორის დროშა მაინც გაშალა 5033-ზე.


 
პირველი ნიამორული სტარტი კი სნოუბორდერებმა აიღეს. 27 თებერვალს, გუდაურში დღე თბილად და მზიანად დაიწყო, თუმცა უშუალოდ სტარტის წინ რომელიც “კუდებზე” (ასე ჰქვია საშეჯიბრო ტრასის ადგილს) გაიმართა, ამინდი აირია. მიუხედავად ამისა, შეჯიბრი შედგა. ვაჟთა შორის საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მალხაზ ნაზღაიძემ გაიმარჯვა, გოგონებში, კი ნინო ზაქაიძემ ნინო ბურდულს აჯობა... დანარჩენებმა იმ დღეს ვერ გარისკეს.

 

 

სამაგიეროდ, შეჯიბრს უცხოელები, ჰელისკის (გაუკვალავ თოვლში მოსრიალეები) ადევნებდნენ თვალს და მომავალ ფესტივალში მონაწილეობის სურვილი გამოთვეს. ისე, მეორე “ნიამორის” სპორტული სიახლე არც იქნებოდა, რომ არა შვეიცარიელების სიყვარული მთისადმი და დახმარების სურვილი.

 

სპორტული შეჯიბრები შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ დააფინანსა. გამარჯვებულებისთვის კი პრიზები ყავა პელეს საქართველოს წარმომადგენლებმა დააწესეს.


 
მეორე სპორტული აქცია უკვე თბილისში, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელოვნურ კედელზე 2 მარტს გაიმართა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოსთვის ამ მეტად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სპორტის სახეობით ოფიციალური სტრუქტურები პირველად დაინტერესდნენ. სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი სპორტის სახეობების  სამმართველოს უფროსი მალხაზ უდესიანი და მისი მოადგილე ნიკა ამაშუკელი მთელი შეჯიბრის მიმდინარეობისას გაოგნებულები შესქცეროდნენ ქართველ მეკლდეურებს და ბოლოს, მას შემდეგ, რაც გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს ისიც კი თქვეს _ ამიერიდან სპორტის ამ სახეობას ჩვენც დავეხმარებითო.

 

 

მეკლდეურთა შორის, ორი სახეობის, სწრაფი და რთული ცოცვის შემდეგ პირველი “ნიამორის” გამარჯვებულები საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ავთო ქურასბედიანი და ნინო ჩარკვიანი, პატრულის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი თანამშრომელი გახდნენ. სხვათა შორის, 2 მარტს ერთ-ერთმა ტელევიზიამ ნინოს მაგიერ გამარჯვებულად მეორე ადგილზე გასული სპორტსმენი დაასახელა, რისთვისაც ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა, უკვე დაჯილდოების ცერემონიაზე ეს შეცდომა გამოასწორა და ვიდრე ფილმების გამარჯვებულებს გამოარკვევდნენ დარბზს ნონოსთვის გამარჯვება მიალოციანა. 


  
ჩანაწერი III - ფილმები. 3 მარტს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია იყო დაგეგმილი. 1 მარტს, ვიდრე მეკლდეურები სტარტისთვის გულდამშვიდებულები ემზადებოდნენ,  ფესტივალის ორგანიზატორებს კიდევ ერთი ექსტრემალური ბარიერის გადალახვა მოუხდათ. საზეიმო საღამოს გოგონა წამყვანმა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა შემთხვევით სპექტაკლზე ფეხი მოიტეხა. მისი მეწყვილე ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი მასხარაშვილი კი ეულად დარჩა... გამოსავალი? ლელა - დიდხანს არ ფიქრობენ ორგანიზატორები და "რუსთავი 2"-ის დილის წამყვანს ლელა მოსემღვდლიშვილს უკავშირდებიან.

 

 

თითქოს თავისტკივილი დასრულდა. მაშ ასე, ერთი საათიც და გამარჯევბულების ვინაობა გაირკვევა. სპორტული ენით ფესტივალი ფინიშის სწორს გავიდა.  ორგანიზატორებმა გამარჯვებულთათვის ორგინალური პრიზები დააწესეს - ბეჭდები “ნიამორის” გამოსახულებით, რომლებიც ვანის გათხრების დროს ნაპოვნი ჩვ. წ. აღ-მდე მე-4-5 საუკუნეებით დათარიღებული ბეჭდების ზუსტი ასლებია. ეს ისტორიულ-ეროვნული საჩუქრები ფესტივალს პრიზებად თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა და უშუალოდ მისი ხელმძღავნელის მაკა დვალიშვილის ხელშეწყობით დააწესა.

 

მაგრამ... ირკვევა, რომ კინოთეატრ რუსთაველში შუქი არ არის და უახლოეს დღეს არც იქნება. მორიგი ექსტრემალური ვითარება და ორგანიზატორებს ერთი დილემის გადაჭრა უწევთ _ ან გადაიდოს დაჯილდოების ცერემონიალი და ამით ფესტივალის კეთილის მსურველთათვის პირი “მოეხსნათ” _ ესაო და “საქმეები ჩააწყესო”, ან რუსთაველს სხვა დარბაზი უნდა ჩანაცვლებოდა.

 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ დაჯილდოების ცერემონია ფესტივალისთვის ნაცნობ კინოდარბაზში, კინოს სახლში ჩატარებულიყო... როცა დარბაზი ჩაბნელდება ეკრანზე ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერის სტუდია “მაესტროს” მიერ დამზადებული ფილმი - ფესტივალის ქრონიკა უჩვენეს. საერთოდ, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რაზეც ფესტივალის ორგანიზატორები დღენიადაგ საუბრობდნენ - რომ არა ქართული მედიის მხარდაჭერა, ფესტივალი უბრალოდ ვერ იარსებებდა. წელს ფესტივალის საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდნენ გაზეთები მთავარი სპორტი, სარბიელი, 24 საათი, სვობოდნაია გრუზია, ჟურნალი ანაბეჭდი, სააგენტო ნოვოსტი გრუზიი და სტუდია მაესტრო.

 
პირველი გამარჯვებული მაყურებლის რჩეული ფილმი გახდა. წელს ეს პრიზი – თემურ აბუთიძის (აბუ) და არჩილ ქიქოძის “ჯავახეთის გაზაფხულმა” დაიმსახურა. ოდნავ მოგვიანებით ამავე ფილმს პრიზი გადაეცა საუკეთესო რეჟისურისთვის.

 

შემდეგი ნომინაცია, ფესტივალისთვის ტრადიციული, მხოლოდ ახლა ახლებურად “მონათლული” სახელით _ “პირველი ნაბიჯი _ ლევან ლაგაზიძის პრიზი” ახალბედა მთამსვლელს და კონორეჟისორს გიორგი მრევლიშვილს გადაეცა, ფილმისთვის “ოცნებათა საზღვარი”...

 

 

ნომინაციაში - საუკეთესო ხმის რეჟისურა საუკეთესო შვეიცარული ფილმი “მშვიდობით ჩემო მთებო” გახდა. კიდევ 30 წუთში, ეს ფილმი ნომინაციაში მთა და ადამიანი იმარჯვებს და მოოქროვილ ნიამორთან ერთად WWF-ის კავკასიის ბიუროს მიერ დაწესებულ ფულად პრიზსაც ისაკუთრებს. ერთი საინტერესო გარემოება - თუკი ფესტივალმა საქართველოს ნიამორის არსებობა შეახსენა, წითელ წიგნში შეყვანილ ამ ცხოველს WWF-ი რეალურად აბრუნებს.

 

ალბათ, აქვე იმის თქმაც დროულია, რომ აღნიშნულ ნომინაციაში შვიდი ფილმი მინაწილეობდა. მათ შორის, სამი შვეიცარული ფილმი. თუმცა ეს ბუნებრივიცაა - ალპებში ხომ ყველაზე კარგად იციან მთის ფასი და მათგან ბევრის სწავლაც მოგვიწევს. ალბათ, ისიც უნდა ვისწავლოთ, როგორ ავკრიფოთ ჩვენი დაყრილი ნაგავი მყინვარწვერზე. ეს შვეიცარლებმა ქართულ-შვეიცარულ ფილმში “ჯეოსვისი” დაგვანახეს.

 

ნომინაციაში - საუკეთესო სცენარი პირველობა არავის დაუთმო –შვეიცარლების ფილმმა “ყარაყორუმის გზა”.

 

ვინ გახდა ისტორიის საუკეთესო მემატიანე?  იტალიელების მიერ გამოგზავნილი ფილმი, ერთ-ერთი ყველაზე რთული რვაათასიანი მწვერვალის K-2-ის პირველასვლაზე, ქართველი გიორგი მრევლიშვილის ფილმი ქართული ალპინიზმის 80-წლიან ისტორიაზე, თუ საუკუნეების მომსწრე ბილიკების მონათხრობი? ამ ნომინაციაში სტუდია პილიგრიმის ფილმმა “ბილიკების ენამ” გაიმარჯვა. ეს ფილმი მოოქროვილ ნიამორსაც იგებს ნომინაციაში მოგზაურები და ზაზა დარასელის ფონდიდან 300 აშშ დოლარსაც.

 

მორიგი ნომინაცია საუკეთესო უცხოური ფილმი და მოვერცხლილი ნიამორის მორიგი კანდიდატები. პირველ ფესტივალზე მხოლოდ ერთი უცხოური, ამერიკული  ფილმი მონაწილეობდა. წელს კი “ნიამორს” საერთაშორსო სტატუსი გაუძლიერა იტალიურმა, რუსულმა და შვეიცარულმა პროდუქციამ. საინტერესოა, რომ რუსების ერთმა ფილმმა “ყაზბეგიადა 2004-მა” ფესტივალი “ნიამორი" დროულად იპოვა. აი, მეორე ფილმი კი გზაში, უგზო-უკვალოდ დაიკარგა. ორგანიზატორებმა იტალიელების გამოგზავნილი ფილმი “იტალია-K2” “ი-ემ-ეს” ფოსტაში ძლივს მონახეს და ახლა, ფოსტის ხელმძღვანელობას მადლობას უხდიან, რომ ფილმი არ დაიკარგა... ქართული მაყურებლისა და სამსჯავროს წინაშე შვეიცარიელებმა ოთხი ნამუშევარი გამოიტანეს. საუკეთესო კი ამ ნომინაციაში იტალიური ფილმი გახდა.

 

და ვიდრე ფესტივალის ორი მთავარი ნომინაციის სამთო ექსპედიციის და გრან-პრის მფლობელებს დაგისახელებთ, კიდევ ორი დაჯილდოების შესახებ _ მეორე “ნიამორზე” ისევე, როგორც შარშან, კონკურსი ხუთ ნომინაციაში გამოცხადდა. თუმცა ერთში, მონაწილეობის მსურველი არ გამოჩნდა. ნომინაციაში მაშველები მონაწილეები არც წლეულს იყვნენ. მიუხედავად ამისა ფესტივალის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, მომავალ წელს, “ნიამორზე” ამ თემატიკის ქართული ფილმებიც გამოჩნდება. მით უმეტეს, რომ ნინო ჯაფიაშვილი უკვე მუშაობს ასეთი ჟანრის ფილმზე და ალბათ, მომავალში მფრინავი შამილის ისტორია “ნიამორის” მაყურებლის ყურადღებას დაიმსახურებს. ამჯერად კი ქართველი მაშველის, ნომინაციაში მაშველები სიმბოლური გამარჯვებული გამოვლინდა – იგი უშბაზე დაღუპული ვანო გულედანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფილმს გადაეცა. 


 
ასევე სიმბოლური გამარჯვებული გამოვლინდა ნომინაციაში ექსტრემი. ექსტრემალური მცდელობისთვის ქართველი ბაიკერების მემატიანე თინათინ დვალიშვილი დაჯილდოვდა.

 

 

მოოქროვილი ნიამორი, ზაზა დარასელის ფონდის მიერ დაწესებული 200 აშშ დოლარი და “რონიკოს” სათვალეების ქსელის მიერ დაწესებული, სამთო ექსპედიციის მონაწილისთვის ერთ-ერთი საჭირო ატრიბუტი, მთის სათვალეები მფლობელებს დიდხანს ელოდნენ. ნომინაციაში ალპინისტური ექსპედიცია შვიდი ფილმი, მათ შორის ერთი რუსული, ერთი იტალიური და ხუთიც ქართული (მათგან სამი ქართული ალპინიზმის გრანდების, ბიძინა გუჯაბიძისა და ბენო ქაშაკაშვილის გადაღებული) ფილმი იყო. დარბაზში დაძაბულობამ იმატა - საუკეთესოდ კი ფილმი “სამყაროს კიდეზე” დასახელდა. ფილმის ავტორმა ნინო ჯაფიაშვილმა მეორე წელია “ნიამორის” მაღალ საფეხურზე მოხვედრა მოახერხა. აი, ოპერატორმა მიშა თვარაძე კი ნომინაციაში გამარჯვების გარდა, ცნობილ ქართველ მთამსვლელ ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად საუკეთესო ოპერატორიც გახდა.

 

და ბოლოს, ის რითაც სტატიის თხრობა დავიწყეთ, “დანებებული” ჟიური და მეორე ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფილმი  “იტალის - K 2” გახდა. ამ პრიზის მფლობელი ფილმის წარმომადგენლები “ნიამორის” საორგანიზაციო კომიტეტის მოწვევით 2005 წლის აგვისტოში საქართველოს მაღალმთიანს ეწვევიან.

 

ფესტივალის პარტნიორები იყვნენ: თანამედროვე ხელოვნების საერთაშორსო ცენტრი, თბილისის სახელმწიფომ უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბი, საქართველოს მეკდეურობის ფედერაცია, კლუბი სამთო მოგზაური, რადიო იმედი, ჯეოლენდი, კაფე მსოფლიო სპორტი.

 


 “ნიამორის” გრან-პრი იტალიაში

გუშინ  ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა სილვიო კალვიმ კუთვნილი გრან-პრი მიიღო. სამთო, სათავგადასავლო და ექსრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი “ნიამორის” ორგანიზატორებმა სტუმარს ფესტივალის მთავარ პრიზებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. თხუთმეტდღიან მოგზაურობას საქართველოს მთებში, რასაც ერთ-ერთი საჩუქარი ითვალისწინებს, სილვიო კალვის სხვა თანამემამულეები და მეგობრები აუცილებლად შეძლებენ; თავად კალვი კი ძალიან კარგად იცნობს ყველა იმ ადგილს, რომელთა დათვალიერებასაც
“ნიამორის” ეს სამოგზაურო ბარათი სთავაზობს.

სილვიო კალვი წლევანდელი “ნიამორის” ფავორიტი გახლდათ. მოგზურმა და მთამსვლელმა ფესტივალზე საკუთარ ფოტონამუშევრებთან ერთად 1954 წელს პირველი იტალიელი მთამსვლელების K2-ზე ასვლის ამსახველი დოკუმენტური ფილმიც გამოაგზავნა.  ფოტოსერია “სვანეთი” ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ფოტოგამოფენაზე ნახა დამთვალიერებელმა, ფილმმა კი ფესტივალის გრან-პრი მოიგო.

სილვიო კალვო, რომელიც ამჟამად ბერგამოს ალპური კლუბის წარმომადგენელია, საქართველოთი კარგა ხანია დაინტერესებულია. იგი 29 იანვარს მილანში, იტალიური ალპური კლუბის მიერ მოწყობილი კონფერენციის, მრგვალი მაგიდისა და ფოტო-ნამუშევრების გამოფენის (ღონისძიებების სახელწოდება იყო: “საქართველოში გუშინ და დღეს”) ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. კალვის განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს ქართველ კოლეგებთანაც. ამაზე მეტყველებს გუშინ სასტუმრო “მთის ბროლში’ საჩუქრების გადაცემისას შეკრებილი საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარის, გივი ქართველიშვილის სიტყვებიც: “ბატონი სილვიო ძალიან გვეხმარება ქართველ ალპინისტებს. მისი დიდი დამსახურება იქნება ის, რომ  მალე საქართველოში ათასობით ტურისტი, გამოემგზავრება”. საქმე იმაშია, რომ სილვიო კალვი სხვა იტალიელ თანამოაზრეებთან ერთად ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას მარშრუტის აღდგენას აპირებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პროექტი უკვე დაამტკიცა იტალიის მთავრობამ. ამ პროექტთან დაკავშირებული დეტალების დასაზუსტებლად ჩამოვლენ ორგანიზატორები საქართველოში; სწორედ ამ ადამიანებზე თქვა სილვიო კალვიმ, როდესაც მას თხუთმეტდღანი საგზური გადასცეს. “აუცილებლად იმოგზაურებენ ამ შესანიშნავ ადგილებში ჩემი მეგობრები, რომლებიც იმ დროისთვის საქართველოში იქნებიან. კარგია, რომ ეს ყველაფერი მე ნანახი მაქვს,” _ ამას გარდა, კალვიმ “ნიამორის” ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა საჩუქრებისთვის (რითაც აშკარად კმაყოფილი დარჩა) და განაცხადა, რომ K2-სთვის “ნიამორში” სასიამოვნო წარმატება იყო. თავის მხრივ, სტუმარმა “ნიამორის” ორგანიზატორს თამარ ჯიშკარიანს ფილმის პირველი აფიშა და ვიოდეოკასეტა უსახსოვრა. რაც შეეხება ფესტივალს, “ნიამორი” ზაფხულში დროშის მყინვარწვერზე ატანით და ფესტივალისადმი მიძღვნილი ჟურნალის  პრეზენტაციით გაგრძელდება.

ვერიკო ნეფარიძე
გაზეთი “24 საათი”
2005 წლის 2 ივნისი