
პირველად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, გრან პრის ფინალში საქართველო სამ კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი - სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებს სმოლკინი და ერთეულ ქალებში ანასტასია გუბანოვა. ჩვენი ოლიმპიური ნაკრებიდან, ერთადერთი, რომელმაც ვერ მოახერხა გრან პრის ფინალისთვის სარეიტინგო ქულების დაგროვება ნიკა ეგაძეა, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე, 2026-2027 წლების სეზონში ნიკა თავის სათქმელს კიდევ იტყვის.
საინტერესოა, რომ გრან პრის ფინალში, რომელიც 10-13 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქ ჩონგჩინში გაიმართება და რომელშიც გრან პრის ეტაპების მიხედვით, მსოფლიო რეიტინგის 6-6 საუკეთესო სპორტსმენი / წყვილი იასპარეზებს, საქართველო, აშშ-სა და იაპონიასთან ერთად, იმ სამი ქვეყნიდან ერთ-ერთია, ვისაც ფინალში სამ კატეგორიაში ეყოლება წარმომადგენელი.
მცირე დეტალი, რომელიც მინდა, რომ შეგახსენოთ - გრან პრის ფინალამდე არის 6 ეტაპი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. თითოეულ სპორტსმენს / წყვილს, ფინალში მოსახვედრად ორ ეტაპზე უწევს ასპარეზობა (ეტაპის მასპინძლის მოწვევის საფუძველზე ასპარეზობ), სადაც რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დაიკავოს.
ის, რომ ფინალში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იასპარეზებდნენ სამი ეტაპის შემდეგ ცნობილი იყო. ქართულმა წყვილმა მოიგო ანჟეს (საფრანგეთი) ეტაპი და შენჟენში (ჩინეთი) კი, მეორე ადგილი დაიკავეს. ფინალის წინ, ქართული წყვილი, რეიტინგის მე-2 ნომერია. გუშინ დასრულებული იაპონიის ეტაპის (NHK Trophy) შემდეგ, ფინალისტი 6 წყვილის სია საბოლოოდ დაკომპლექტდა და ქართულ დუეტს წინ მხოლოდ, ტრადიციულმა და კარგად ნაცნობმა მეტოქეებმა, გერმანულმა წყვილმა მინერვა ფაბიენ ჰაზემ და ნიკიტა ვოლოდინმა გაასწრეს. დანარჩენი ოთხი საგზური კანადელებმა ლია პერეირა / ტრენტ მიშომ, კიდევ ერთმა გერმანულმა წყვილმა ანიკა ჰოკე / რობერტ კუნკელიმ, ალისა ეფიმოვა / მიშა მიტროფანოვის წყვილმა აშშ-დან და იაპონელებმა იუნა ნაგაოკა / სუმიტადა მორიგუჩიმ მოიგეს. წინასწარი შეფასებით, ოქროს მედლებისთვის სწორედ ჰაზე-ვოლოდინისა და მეტელკინა-ბერულავას წყვილი იბრძოლებენ.
ორი მეორე ადგილი მოიგეს იმავე ეტაპებზე დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა. გრან-პრის ფინალის საბოლოო ექვსეულში ჩვენი ოლიმპიური ნაკრების წევრები, მე-5 პოზიციით გავიდნენ. ეს მათ კარიერაში გრან-პრის სერიის პირველი მედლები და სადებიუტო ფინალია. სპორტული ცეკვების კატეგორიაში ლიდერობენ ფრანგები ლორანს ფურნიე ბოდრი / გიომ სიზერონი, მომდევნო მეორე ადგილზე არიან ემილია ზინგასი / ვადიმ კოლესნიკი, მესამე ადგილზე ბრიტანელები ლაილა ფირი / ლუის გიბსონი, მომდევნო მეოთხე წყვილი, ვინც ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა კიდევ ერთი ფრანგული წყვილია, ევგენია ლოპარევა / ჟოფრე ბრისო და ბოლოს, მე-6 ადგილით ფინალში მოხვდნენ ამერიკელები კრისტინა კარეირა / ენტონი პონომარენკო.
სხვათა შორის, თუკი სპორტულ წყვილებში და სპორტულ ცეკვებში ქართული გუნდის წევრები ფინალს მიღმა რომ დარჩენილიყვნენ სასწაული უნდა მომხდარიყო - მაგალითად, მსაჯებს ყველაფერზე დაეხუჭათ თვალი. თუმცა, ბოლო ეტაპამდე, მაინც ბევრი სიხარულს თავს არიდებდა. აი სულ სხვაგვარად იყო ვითარება ერთეულ ქალებში, სადაც ანასტასია გუბანოვას მეორე და მეოთხე ადგილები ჰქონდა სერიაში მოგებული. ანასტასიას ჰქონდა 22 ქულა და მცირე, მაგრამ შანსი, ფინალში მე-6 ადგილით მოხვედრილიყო და რეალურად, ასეც მოხდა. ფინალში, ანასტასია მთავარი კონკურენტები იაპონელი მოციგურავეები (შიმადა, ნაკაი, ჩიბა) არიან, რომლებიც ოთხმაგ ნახტომებსა და სამმაგ აქსელებს ასრულებენ. გუბანოვას მთავარი კოზირი ელეგანტური სრიალი, კომპონენტების მაღალი შეფასება და სტაბილურობაა. თუმცა, იაპონელების გარდა, მას ჰყავს კონკურენტი ნეიტრალური ქვეყნიდან (რუსეთიდან) ალექსანდრა იგნატოვა, რომელმაც რუსეთის მიმართ დაწესებული აკრძალვების პერიოდში დრო უქმად არ დაკარგა, დედა გახდა და ახლა ყინულს დაუბრუნდა. იგნატოვას აქვს ოთხმაგი ნახტომები აქვს. ოთხმაგი ლუტცის წყალობით მოიგო მან ერთ-ერთი ეტაპის თავისუფალი პროგრამა და იაპონელების შემდეგ, ქალთა ექვსეულში მე-4 ადგილზეა. მეხუთე საგზური კი, ესტონეთის წარმომადგენელი ნინა პეტრუკინაა.
სხვათა შორის, ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 ნოემბრიდან საკუთარ ქვეყანაში არ შეეშვა რუსეთი მოქალაქეები, პირდაპირ დაარტყა რუს მოციგურავეებს. შესაბამისად, გრან პრის ფინური ეტაპის (Finlandia Trophy 2026) გამოტოვება სავიზო შეზღუდვების გამო, ISU-სგან ნეიტრალური სტატუსისა (AIN) და მოქმედი შენგენის ვიზების მქონე სპორტსმენებსაც შეეხოთ. ჰელსინკის ეტაპს და შემდეგ უკვე აქედან გამომდინარე ფინალსაც ჩამოშორდა 7 რუსი მოციგურავე, მათ შორის სპორტული წყვილების მთავარი ფავორიტები - ანასტასია მიშინა / ალექსანდრ გალიამოვი (რომლებმაც მანამდე შენჟენის ეტაპი მოიგეს), ალექსანდრა ბოიკოვა / დმიტრი კოზლოვსკი, ეკატერინა ჩიკმარევა / მატვეი იანჩენკოვი და კაცთა ერთეულებში ევგენი სემენენკო.
ამ მომენტისთვის ასეთი ამბები გვაქვს. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ გრან-პრის ფინალში, რომელიც 10-13 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქ ჩონგჩინში გაიმართება საქართველოს სამ კატეგორიაში ეყოლება მონაწილე.





ჩვენ







