საქართველოს 15-ქალა პორტუგალიასთან ახალი სახეებით ითამაშებს
საქართველოს 15-ქალა პორტუგალიასთან ახალი სახეებით ითამაშებს
28.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს 15-ქალა ეროვნული ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც 30 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩი ლისაბონში, „ჟამურის" ბაზაზე საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.


„პორტუგალიაში რამდენიმე ახალი მოთამაშე მიგვყავს, რომელთაც თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ. ნინო სუბელიანი, ნინო ოქრუაშვილი და ნინი კვარაცხელია სანაკრებო სიაში პირველად მოხვდნენ და პორტუგალიასთან დებიუტი ექნებათ. ასევე დებიუტანტია ილონა ბოკუჩავა, რომელიც რაგბზე გაზაფხულზე მოვიდა, ძალიან კარგი ათლეტია და პორტუგალიასთან პირველად ითამაშებს. ლიკა ბჟალავა და სალომე ჩხაიძე აქამდე მხოლოდ 7-ქალას თამაშობდნენ, ახლა კი დებიუტი 15-ქალაში ექნებათ. რაგბზე თავი ჰქონდა დანებებული და ახლა დაგვიბრუნა ნანი სირაძე, რომელსაც მანამდე 7-ქალა ნაკრებში უთამაშია", - ამბობს გიორგი მაისურაძე, 15-ქალა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


გემახსოვრებათ, საქართველოს 15-ქალა ნაკრებმა, შარშან ნოემბერსა და წელს თებერვალში, რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ორი თამაში მოიგეს და 2027 წელს ალაფაზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ამ თამაშის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში შეირჩა პორტუგალიის ნაკრები, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბინადარია.


„2027 წლის რაგბი ევროპის ალაფისთვის მზადება სექტემბრიდან დავიწყეთ, რა დროსაც პორტუგალიის ქალთა ნაკრები დაგვიკავშირდა და ამხანაგური თამაშის გამართვა შემოგვთავაზა, რასაც სიხარულით დავთანხმდით. მადლობა საქართველოს რაგბის კავშირს, პორტუგალიაში გამგზავრების შესაძლებლობა რომ მოგვცა. პორტუგალია ელიტ დივიზიონის გუნდია და ჩვენთვის დიდი გამოწვევაა მათთან თამაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჯერ ალაფაზე არ გვითამაშია და უკვე ერთით მაღალი დივიზიონის გუნდს შევხვდებით", - ამბობს მაისურაძე.


ჩვენს გოგონებს, მზადების პროცესში ორი სპარინგი ჰქონდათ ჭაბუკთა ბ ლიგის ვაჟთა გუნდებთან „გარდასახვასთან" და „რაშებთან'". საქართველოს 15-ქალას მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ სპარინგების სიმცირის პირობებში, ბიჭების გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული თამაშები გოგონათა გუნდს ძლიერ წაადგება და ბიჭებსაც ამ სპარინგებში მონაწილეობაზე მადლობას უხდის. აი, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული თამაში კი, ჩვენი გუნდისთვის სერიოზული გამოცდა იქნება - ელიტარულ რაგბთან ზიარების შესაძლებლობა, როგორც მაისურაძე მომავალ სპარინგს აფასებს.


„პორტუგალიასთან თამაში ჩვენი შესაძლებლობების შესაფასებლად კარგი საჯილდაო ქვა იქნება. ვნახავთ სად ვართ და რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. ამ შემთხვევაში შედეგი მეორეხარისხოვანია. მთავარია ვნახოთ სად გვაქვს სუსტი წერტილები და შინ დაბრუნებულებს დაახლოებით ორი თვე გვექნება სამუშაოდ, რათა გერმანიასთან თამაშს უფრო მომზადებულები შევხვდეთ", - ამბობს მაისურაძე.


პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ, 15-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფისთვის მზადებას საქართველოში გააგრძელებს. ალაფაზე კი, საქართველო ნაკრები 6 თებერვალს გერმანიას სტუმრად შეერკინება, 13 და 27 მარტს კი თბილისში შვედეთსა და ფინეთს უმასპინძლებს.


საქართველოს 15-ქალა ნაკრების შემადგენლობა მომავალი თამაშისთვის ასე გამოიყურება:


ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. კირა დანელია, 13. აბა ხაბულიანი, 12. ანა პოღოსიანი, 11. ნინო მელუა, 10. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 9. სალომე ჩხაიძე;

შერკინება: 1. ანასტასია ახვლედიანი, 2. ანა რურუა, 3. ანი კაპანაძე, 4. გურანდა ხიჯაკაძე, 5. ვერიკო კუნდუხაშვილი, 6. ნინო წიკლაური, 7. ლიკა ბჟალავა, 8. ანა დათიაშვილი.

მარქაფა: 16. ნინო სუბელიანი, 17. ნინო ოქრუაშვილი, 18 მირანდა სააკიანი, 19. ნინი კვარაცხელია, 20. სალომე საღარაძე, 21. ნინო მეფარიშვილი, 21. ილონა ბოკუჩავა, 23. ნანი სირაძე.