
დღეს ბათუმში, საქართველოს ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის მე-5 ტურის მატჩი გაიმართა. „ბათუმისა" და „კვარტალის" დაპირისპირება, რომელიც 29 სექტემბერს დაიწყო, უხვი ნალექის გამო შეჩერდა და მოგვიანებით საერთოდ გადაიდო. გუნდებს პირველ ტაიმში სათამაშო 15 წუთი ჰქონდათ დარჩენილი. შესაბამისად, დღეს, „ბათუმმა" და „კვარტალმა" თავდაპირველად პირველი ტაიმი დაასრულეს, შემდეგ კი, მატჩიც.
სატურნირო ცხრილში, ზედა ოთხეულში „ბათუმი" და „კვარტალი" მესამე და მეოთხე ადგილებზე იყვნენ განლაგებულნი, შესაბამისად, დარჩენილ ტურებს და მათ შორის დღევანდელ შეხვედრასაც უნდა გაერკვია, თუ ვინ მოიგებდა ქალთა ლიგის ბრინჯაოს მედლებს. ანგარიში ჯონი ბაკურაძის სტადიონზე მასპინძლებმა გახსნეს 29 სექტემბერს, მე-5 წუთზე ხატია ჭყონიას გოლით გახსნეს. თუმცა, ამის შემდეგ, უხვი ნალექსი გამო, მატჩი შეჩერდა, შემდეგ კი გადაიდო. დღეს კი, იმავე სტადიონზე, თამაში 30-ე წუთიდან განახლდა. დღეს, შეხვედრის განახლებიდან მალევე, 32-ე წუთზე, ბათუმელთა გამოცდილმა მოთამაშემ, თათია შაინიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა და პირველი ტაიმიც მასპინძლებმა 2-0 მოიგეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 52-ე წუთზე, ანანო წიქარიძემ გაიტანა და „კვარტალმაც" ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა. 72-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა, ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. თუმცა, თბილისურმა კლუბმა ბოლომდე იბრძოლა. ჰქონდა ანგარიშის შემცირების შანსიც, 82-ე წუთზე. თუმცა, პენალტი გააცუდეს. საბოლოოდ, შეხვედრა 3-1 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ, რომლებმაც, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 39 ქულა დააგროვეს და ორი ტურით ადრე ჩემპიონატის დასრულებამდე, ბრინჯაოს მედლებიც მოიგეს.
სხვათა შორის, „კვარტალს" 5 დეკემბერს, კიდევ ერთხელ მოუწევს ბათუმში ჩასვლა და ამჯერად ბოლოს წინა, მე-11 ტურის მატჩის თამაში.
ფოტო:ქსკ ბათუმი





ჩვენ







