
ის, რომ ბათუმში ყველაფერი მშვიდად არ წავიდოდა, ნებისმიერს შეეძლო ამოეკითხა „ბეშიქთაშისა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის წინა დღესაც, იმ წუთიდან მოყოლებული, როდესაც თურქული გუნდის თვითმფრინავი, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და რიზე-ართვინის აეროპორტში მოუხდა დაშვება (იხილეთ სტატია ბმულზე). საერთო ჯამში, გუნდი საკმაოდ დაღლილი, 8 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვიდა სარფის საბაჟოს გავლით ბათუმში. ვერ ივარჯიშა და ვერც მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. თურქულ მედიაში პირველი და დიდი კითხვის ნიშნები, თუ საქმე მატჩის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხებოდა, რატო დაინიშნა ბათუმში და არა, უფრო მოშორებულ ადგილას, სადაც ჩასასვლელად თურქი ქომაგისთვის, თუნდაც ვიზები იქნებოდა საჭირო და როგორც რიზედან, ტრაბზონიდან და სამსუნიდან ასე, უბრალოდ ვერ ჩაირბენდნენ მატჩის საყურებლად. ანუ ჩემმა თურქმა კოლეგებმა ამით თქვეს, რომ მათთვის საქართველოში ჩასვლა ძალიან მარტივი იყო და მაშინ, თამაშის გადატანას რაღა აზრი ჰქონდაო.
გუშინდელი დილა, მატჩის დღე, დაიწყო თითქმის პარალელურად, თურქულ და ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერით - „82ბათუმ", რაც თურქული პოსტის ავტორებმა ახსნეს, როგორც მათი კლუბის „çArşı"-ს (რაც პირდაპირ თარგმანში ბაზარს ნიშნავს) დაარსების თარიღია - 1982 წელი. მაგრამ რა შუაშია მაშინ ბათუმი? საქმე ისაა, რომ ამ ფან ჯგუფის სახელწოდება და მათ მიერ წარმოდგენილი ბანერიც, სხვადასხვანაირად შესაძლოა გავშიფროთ.
„çArşı" მართლაც 1982 წელს დაარსდა და აქვე დავაკონკრეტებ, თურქეთში 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მკაცრი რეჟიმისა და ცენზურის პერიოდში შეიქმნა. მასში „ბეშიქთაშის" ახალგაზრდა გულშემატკივრები გაერთიანდნენ, რომლებიც სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონის ცენტრალურ ბაზართან (Beşiktaş Çarşısı) იკრიბებოდნენ. ეს ჯგუფი იყო „ხალხის გუნდის" იდენტობასთან ასოცირებული. თურქულ ფეხბურთში „ფენერბაჰჩე" ტრადიციულად ელიტურ კლუბად ითვლებოდა, „ბეშიქთაში" კი, მუშების, წვრილი მოვაჭრეებისა და უბრალო ხალხის გუნდად და სახელიც „ჩარში" სწორედ ამ ქუჩის, ბაზრისა და უბრალო მოქალაქეების ერთობას უსვამს დღემდე ხაზს. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, სიტყვაში წაგრძელებულ ფეხებიანი, წრეში ჩასმული „A"ასო წერია სხვა ზომით და სხვა ფერის შრიფტით, რაც თავისთავად ინტერესს იწვევს. რეალურად კი, ეს არის ანარქიის სიმბოლო - „მეამბოხე სული" (Asi Ruh). მათთვის ეს ნიშანი არა ქაოსს, არამედ ავტორიტარიზმის, უსამართლობისა და ყველანაირი ჩაგვრის წინააღმდეგ ამბოხს ნიშნავს. სხვათა შორის, ამ სიმბოლოს გამო უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე „ჩარშის" ბანერები არაერთხელ აკრძალა (მაგალითად, „არსენალთან" და „მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრებზე), რადგან ანარქიის ნიშანი პოლიტიკურ გზავნილად ჩათვალა. „ჩარშის" ყველაზე ცნობილი სლოგანი „Çarşı, her şeye karşı!" (ჩარში ჰერ შეი ქარში) თურქულად ირითმება და ნიშნავს: „ჩარში ყველაფრის წინააღმდეგია!" ამ ფილოსოფიით ისინი ყოველთვის სცდებოდნენ სტადიონის ფარგლებს, არიან ცნობილი მემარცხენე, ანტიფაშისტური, ეკოლოგიური აქტივიზმით და ხშირად, მთავრობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების (მათ შორის, გეზის პარკის მოვლენების) წინა ხაზზეც მდგომნი.
„ჩარშის" მიერ გუშინ დილით სოციალურ ქსელში გამოფენილ ფოტოზე კიდევ, ერთი ორაზროვანი ბანერი ჩანს, აი ის, ოდნავ ზევით, რომ ვახსენე - „82ბათუმ". გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე თურქეთი დღეს 81 პროვინციად არის დაყოფილი, ხშირად „ჩარში" და მისი მსგავსი ფან-ჯგუფები რიცხვს „82"-ს (და მისი მომდევნო რიცხვები) თურქულ ნაციონალისტურ რიტორიკასა და ფან-კულტურაში სიმბოლურად „82-ე პროვინციის" კონტექსტში, ანუ ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიების აღნიშვნისას მოიხსენიებენ. ასე მოხდა ბათუმის შემთხვევაშიც „82 Batum", რითაც ბათუმი, სიმბოლურად თურქეთის 82-ე პროვინციად წარმოაჩინეს. ანალოგიურად ხდება ოსმალეთის იმპერიის სხვა ყოფილ ქალაქებზეც: „82 Kerkük" (ქირქუქი), „82 Musul" (მოსული), „82 Halep" (ალეპო), „82 Selanik" (სალონიკი) ან „82 Kıbrıs" (კვიპროსი). ეს ყველაფერი ეფუძნება 1920 წლის „ეროვნული აღთქმის" (Misak-ı Millî) რუკას, დოკუმენტს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დაარსებამდე მიიღეს და რომელშიც ბათუმი, მოსული, ქირქუქი, ალეპო და დასავლეთ თრაკია თურქეთის საზღვრებში მოიაზრებოდა.
ბუნებრივია, სოციალური ქსელი, რის სოციალური ქსელია, თუკი, მსგავსი ინფორმაცია უცბად არ მოედებოდა ორ მეზობელ ქვეყანას, სადაც ბევრი სწორედ, სოციალური ქსელით არსებობს. ბუნებრივია, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდათ ქართველ ძალოვანებს, მათ ვისაც უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ, პოლიტიკურად დაძაბულ ვითარებაში მყოფი სახელმწიფოს გუნდებს შორის, მთელი ორი დღის მანძილზე, მათი (გუნდების, მედიის, გულშემატკივრის) უსაფრთხოება უნდა უზრუნველყო.
საქართველოს შს მინისტრის განმარტებით, უწყებას წინასწარი ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. შესაბამისად, სარფის საზღვარზე, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამართალდამცველებმა ქვეყანაში თურქ ქომაგებს ჩამოართვეს დაახლოებით 100-მდე პროვოკაციული შინაარსის ბანერი და სიმბოლიკა, რომელთა გამოფენაც სტადიონზე იგეგმებოდა.
დღის განმავლობაში მხვდებოდა ვიდეო-რგოლები სადაც ბათუმელები, ან ბათუმში მყოფი რუსი „სტუმრები" აღშფოთებულნი იყვნენ, „ბეშიქთაშის" ფანების სიმრავლითა და მსვლელობით. აქ, მინდა უბრალოდ, გავახსენო ყველას, რომ 2024 წელს დორტმუნდში, ჰამბურგში, გელზენკირხენში და ბოლოს კიოლნში „ქართული სპორტის ქომაგებმა" არათუ მასობრივი მსვლელობები მოაწყვეს, კიოლნში მდინარე რაინზე გემითაც კი გაისეირნეს. რა თქმა უნდა ბევრი ლუდიც დალიეს. ეს უბრალოდ შეგახსენეთ... არ მახსენდება, რომ გერმანელებს ეს მსვლელობები, თუნდაც სიტყვიერად გაეპროტესტებინათ.
მე რამდენადაც მახსოვს და შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩვენი ქომაგებისთვის არაფერი ჩამოურთმევიათ, თუმცა, იმ ქვეყანაში (გერმანიაში) რაიმე აკრძალული რომ ჩაეტანათ და მერე მის გარეშე დარჩენილიყვნენ, ალბათ ცოტა აგრესიას ჩვენებიც კი, გამოახატავდნენ...
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნელ-ნელა საფეხბურთო და სპორტული ფან-კულტურა ვითარდება და არავინ მიწყინოს და სტადიონებზე მხოლოდ, მოსვლა, ერთი-ორჯერ შეძახილი, სტვენა და გინება (ეს ყველაზე კარგად გამოგვდის და ეს, არ ეხება (!) ეროვნული ნაკრების ქომაგებს), არ არის ფანობა. ეს, გულშემატკივრობაა. აი, ფანების ის ნაწილი კი, რომლებიც გუშინ ბათუმში იყვნენ, ბევრ ბრძოლაში გამოვლილები არიან და ეჭვი მაქვს, ორშაბათს, სტამბოლის დერბის დროს, თუ ჩვენს ჯიბრზე არ ჩაეხუტნენ („ბეშიქთაშისა" და „გალათასარაის" დერბის ვგულისხმობ), კიდევ ერთხელ დააყრიან ერთმანეთს. შესაძლოა, სადმე გზად „თუფრაშის" სტადიონისკენ (Tüpraş Stadyumu) და იქნებ სულაც Beşiktaş Çarşısı-ს მიდამოებში. დღეს აქ სხვა ქვეყნებისა და კლუბის ფანებზე აღარ შევჩერდები (რადგან მსვლელობები, ჩხუბები, მათ შორის პოლიციასთან, ფან-კულტურის ნაწილია). ფაქტია, რომ ჩვენ და მათ შორის ის ხალხი, ვინც ამ ფანების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ ჯერ სწავლის პროცესში ვართ, ფანებთან, ულტრასებთან ურთიერთობის. ამიტომ, ვიდრე ვისწავლით, პროვოკაციებზეც, რაზეც ფანები ხალისობენ, ნებისმიერის წამოგება მარტივია.
როგორც შეიძლებოდა თავიდან რაღაცეების აცილება და შეიძლებოდა თუ არა? ალბათ შეიძლებოდა. „ბეშიქთაშის" გვერდი თამაშამდე წერდა, რომ ფანებს სტადიონზე შემოსვლისას ჰქონდათ პრობლემა - კიდევ ერთი მიზეზი გაღიზიანების. თუმცა, აქაც, სტადიონის უსაფრთხოება მკაცრად იცავდა უეფა-ს მიერ გაწერილ პროტოკოლს, რასაც სხვათა შორის, თავად თურქებიც აკეთებენ სტადიონებზე და სპორტულ დარბაზებში. თან საკმაოდ მკაცრებიც არიან!
შევედით სტადიონზე, სადაც თამაში დაიწყო და დაახლოებით 32-ე წუთზე შეჩერდა. გამომდინარე იქიდან, რომ კლონი არ მყავდა და ამ თამაშზე ვერ მოვხვდი, „ბათუმი არენადან" ინფორმაციას, კოლეგები მაწვდიდნენ, მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე ჩოჩქოლის კადრები გავრცელდა. სექტორში (ასე ჰქვია ტრიბუნას, სადაც კონკრეტული კლუბის ქომაგები სხედან) ჩხუბი თურქმა ქომაგებმა ერთმანეთში დაიწყეს (ეს „კინო" თბილისში პოლონეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას ვნახე, როდესაც პოლონელების ფან-სექტორში ატყდა ჩოჩქოლი და გაირკვა, რომ სტუმართა ტრიბუნაზე ერთმანეთში ჩხუბობდნენ. დაიმტვრა „დინამო არენის" 50-100 სკამი. ბათუმშიც, ძალოვანები მოჩხუბარი თურქების დასაშოშმინებლად შევიდნენ. ასე, რომ პალესტინის დროშა, რომც ყოფილიყო გამოფენილი, ეს ამ დაპირისპირების და შესაბამისად, იქ ძალოვანების შესვლის საბაბი არ ყოფილა. გამოყენებული იყო თუ არა, არაპროპორციული ძალა, „წიწაკის სპრეი" და ა.შ. მხოლოდ კადრებში ვნახე, მეც თქვენსავით, რაც გავრცელდა და რის ირგვლივაც, რამდენადაც ცნობილი გახდა, შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ გამოძიებას.
გამოძიებას, თავის მხრივ აწარმოებს უეფა-ც, მაგალითად, სწავლობს ფაქტებს „ბეშიქთაშის" სექტორში მომხდარი შეტაკებების შესახებ. უეფას პირველადი პოზიციით, პოლიციის ჩარევა და შემდგომი ესკალაცია სწორედ, თავად „ბეშიქთაშის" ფანებს შორის დაწყებული ჩხუბის განეიტრალების მცდელობას მოჰყვა. სადისციპლინო ორგანო იძიებს, ვისი მიზეზით გახდა იძულებული მთავარი მსაჯი მორტენ კროგი, შეხვედრა შეეჩერებინა და გუნდები გასახდელში დაახლოებით ნახევარი საათით გაეყვანა.
გამოძიების საგანია ტრიბუნებზე გამოფენილი ანტი-ისრაელური სლოგანები, პალესტინის მხარდამჭერი ბანერი („Revolt against the occupation, freedom for Palestine") და „ბოზქურთის" სიმბოლიკა - ყველა უეფა-ს აქვს აკრძალული. გარდა ამისა, ოქმში მოხვდა მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ეპიზოდიც, როცა „ბეშიქთაშის" მცველმა კასუმ უატარამ ტრიბუნიდან პალესტინის დროშა აიღო და უეფას სარეკლამო ბანერზე გადაფინა.
იძიებენ თამაშის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტსაც, როცა „ბეშიქთაშის" ფეხბურთელებმა „ჰაპოელ ბეერ-შევას" მოთამაშეებს ხელი არ ჩამოართვეს.
და იყო თუ არა დროშა, და თუ იყო, ვის ჰქონდა მისი აღების თხოვნით, ქომაგებთან კომუნიკაციის უფლება - მხოლოდ უეფა-ს წარმომადგენელს და ისიც, კონკრეტული უფლებამოსილებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მცირე ზომის პალესტინის დროშის მფლობელთან სწორედ, თურქული მხარის (მატჩის ორგანიზატორი) მიერ ნდობით აღჭურვილი პირები შეეცადნენ ამ დეტალის მოგვარებას.
უეფა-ს ამ მომენტისთვის ორი მუხლით ხელმძღვანელობს - მე-14 მუხლით, დისკრიმინაციული სიმბოლიკა, მე-16 მუხლი, წესრიგისა და უსაფრთხოების დარღვევა. სწორედ, ამ მუხლებით არის შესაძლებელი დადგეს „ბეშიქთაშის" პასუხისმგებლობის საკითხიც. სიმართლე გითხრათ, მთელს ამ ამბავში მეც დავინტერესდი, რატომ ითვლება პალესტინის დროშა დისკრიმინაციულ სიმბოლოდ? ანუ რატომ შეიძლება ამ დროშის გამოფენას მიუდგეს მე-14 მუხლი.
საქმე კი ისაა, რომ უეფა პალესტინის დროშას განიხილავს არა როგორც „დისკრიმინაციულ სიმბოლოს" (მე-14 მუხლით), არამედ როგორც „სპორტული ღონისძიებისთვის შეუფერებელ, პროვოკაციულ პოლიტიკურ გზავნილს" (სადისციპლინო რეგლამენტის 16(2)(e) მუხლი).
მე-14 მუხლი (რასიზმი და დისკრიმინაცია) ეხება ეთნიკურ, რასობრივ ან რელიგიურ სიძულვილს, ექსტრემისტულ/ნაცისტურ სიმბოლიკას (მაგალითად, „ბოზქურთის" ულტრამემარჯვენე სიმბოლიკას ან „88"-ს). პალესტინის დროშა, როგორც გაეროს დამკვირვებელი სუბიექტისა და ფიფა-ს წევრი ასოციაციის ოფიციალური დროშა, თავისთავად დისკრიმინაციულ სიმბოლოდ ვერ ჩაითვლება.
მე-16(2)(e) მუხლით კი, ეს პროვოკაციული პოლიტიკური გზავნილია. უეფა-ს სადისციპლინო რეგლამენტის ეს პუნქტი კრძალავს ნებისმიერი ჟესტის, სიტყვის ან ნივთის გამოყენებას, რომელიც ავრცელებს „პროვოკაციულ გზავნილს, რაც შეუფერებელია სპორტული ღონისძიებისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური ან შეურაცხმყოფელი ხასიათისაა". თუმცა, არის რაღაც, რასაც უეფა-ც კი, უყრუებს და ხშირად ერთ თამაში მონაწილე გუნდებიც (ქვეყნებიც) ორხმაში მშვენივრად მღერიან.
და მაინც, რატომ და როდის ხდება დროშა „პროვოკაციული"? უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის (CEDB) განმარტებით, თუ სტადიონზე გამოფენილია იმ ქვეყნის დროშა, რომელიც მოცემულ მატჩში არ მონაწილეობს (მით უმეტეს მაშინ, როცა მოედანზე თურქული „ბეშიქთაში" და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა" თამაშობენ), ეს განიხილება არა სპორტულ ქომაგობად, არამედ მიმდინარე შეიარაღებულ-პოლიტიკურ კონფლიქტთან დაკავშირებულ პოლიტიკურ აქციად.
აქვე ერთი განმარტება, რომელიც უკვე ჩავლილი ამბის შემდეგ, საქართველოს შსს-მ გაასაჯაროვა - გუნდებთან შეთანხმების საფუძველზე, თამაშზე ნებადართული იყო, „ბათუმი არენაზე" თურქეთის, ისრაელის და საქართველოს (როგორც მასპინძელი ქვეყნის) დროშების გამოფენა. ბუნებრივია, საკლუბო დროშების გამოფენაც არ იყო აკრძალული. უეფა მიიჩნევს, რომ ისრაელის კლუბთან მატჩზე პალესტინის დროშის გამოფენა კი, პირდაპირ ემსახურებოდა მეტოქის პროვოცირებას და უსაფრთხოების რისკების შექმნას (რაც ბათუმში რეალურადაც მოხდა).
თუმცა, თურქები არ არიან პირველები, ვინც „ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის დროს პალესტინის დროშა გამოფინეს. აქ, 10 წლით უკან დავბრუნდები - 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩზე, სადაც შოტლანდიური „სელტიკი" „ჰაპოელ ბეერ-შევას" მასპინძლობდა, „სელტიკის" ფანებმა ტრიბუნებზე პალესტინის დროშები ააფრიალეს. მაშინ, უეფა-მ „სელტიკი", 16(2)(e) მუხლით დააჯარიმა (10 000 ევროთი) და პალესტინის დროშა ოფიციალურ განჩინებაში მოიხსენია, როგორც „არალეგალური ბანერი" (illicit banner) და პროვოკაციული პოლიტიკური სიმბოლო. იგივე პრეცედენტი განმეორდა 2023 წლის ნოემბერშიც, როცა „სელტიკი" „ატლეტიკოსთან" მატჩზე პალესტინის დროშების გამო 17 500 ევროთი დაისაჯა.
რა მოხდება ბათუმის ინციდენტის შემთხვევაში? მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გაიმართა, ნომინალური მასპინძელი და მატჩის ორგანიზატორი „ბეშიქთაში" იყო. უეფა-ს წესებით კი, კლუბი პასუხისმგებელია საკუთარი გულშემატკივრების ქცევაზე, როგორც სტადიონზე არეულობაზე, ისე პოლიტიკურ ბანერებზე.
რა ხდება „ბათუმი არენასთან" და საქართველოსთან დაკავშირებით? უეფა-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ სტადიონზე წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოები იყვნენ. თუმცა, რადგან უეფა-მ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია თავად თურქ ფანებს შორის დაწყებული ჩხუბის აღსაკვეთად ჩაერია (და არა მშვიდობიანი ბანერის გამო, როგორც ამას თურქული მხარე ამტკიცებს), საქართველოს მიმართ სანქციების დაკისრება ნაკლებად სავარაუდოა. მთავარი დარტყმა „ბეშიქთაშზე" მოდის.
ასეა თუ ისე, მატჩის ხასიათიდან და თურქულ მედიაში ატეხილი ხმაურიდან გამომდინარე, ანკარამ სატელეფონო კავშირი დაამყარა კლუბთან - „ბეშიქთაშის" ოფიციალური განცხადებით, მათ თავად თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ელაპარაკა, თუმცა, საუბრის თემა არ საჯაროვდება. ანკარაში დაიბარეს საქართველოს ელჩი, ახნსა-განმარტებების მოსასმენად და სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით. გამოუშვეს დაკავებული 16 ფანიც.
დიდი და სამართლიანი ეჭვი მაქვს, რომ „ჩარშის" მიერ დაწყებული „თავგადასავალი" დღეს და ხვალ არა, თუმცა, „ჩარშის" ბუმერანგივით დაუბრუნდება. თურქეთის პოლიტიკურ რეალობაში გარე კრიზისის დროს ანკარა თავისიანებს იცავს (და ეს ასეც უნდა იყოს ყველგან), მაგრამ როგორც კი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება, სისტემა მათ პირველებს უბრუნდება.
ანკარამ, ბათუმში მომხდარს პოლიტიკური პრაგმატიზმით შეხედა და დროებითი ზავი გამოიყენა - პალესტინის თემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმში მომხდარი ამბავი ერდოღანის მთავრობას იდეალურად აწყობდა. თურქეთის ხელისუფლებამ ისრაელის წინააღმდეგ და ქვეყნის შიგნით პატრიოტული ქულების დასაწერად „ჩარშის" ფანები „გმირებად" გამოიყვანა, რომლებიც ვითომდა, „პალესტინის დროშის გამო დაჩაგრეს". თურქეთში ულტრასების განაწყენება (მით უმეტეს ისეთი გავლენიანი ჯგუფის, როგორიც „ჩარშია") ხელისუფლებისთვის ყოველთვის რისკია, რადგან სტადიონი ერთადერთი ადგილია, სადაც ოპოზიციური სლოგანების ჩახშობა რთულია.
ანკარაში კარგად ახსოვთ 2013 წლის „გეზის პარკის" პროტესტები, როცა სწორედ „ჩარში" იყო ერდოღანის მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლების მთავარი დამრტყმელი ძალა (მაშინ „ჩარშის" 35 ლიდერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით სამუდამო პატიმრობასაც კი უპირებდნენ, სანამ სასამართლომ წლების შემდეგ, ისინი არ გაამართლა). ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა „ჩარშის" გავლენის შესუსტება, ჯერ „ფასოლიგის" (Passolig) ელექტრონული ბილეთების სისტემის შემოღებით (რომლითაც თითოეული ფანის იდენტიფიცირება ხდება), შემდეგ კი, კლუბის ხელმძღვანელობაზე ზეწოლით.
მას შემდეგ, რაც უეფა-ს სოლიდური ჯარიმა „ბეშიქთაშს" დააწვება, ალბათ, სხვა სანქციაც დაემატება, მაგალითად, სექტორის დახურვა, ან გასვლით მატჩებზე ფანების აკრძალვა. შესაბამისად, „არწივების" პრეზიდენტი იძულებული გახდება, შიდა სანქციები გაატაროს (მაგალითად, კონკრეტული ფანებისთვის დაბლოკოს „ფასოლიგის" ბარათები).
დიდი ალბათობით, როგორც კი, ბათუმის სკანდალის საინფორმაციო ტალღა ჩაცხრება, თურქეთის შსს-სა და სპორტული უსაფრთხოების სამსახური, რომლებსაც უკვე აქვთ იმ დაკავებული და განთავისუფლებული 16 ადამიანისა და სხვა აქტიური ულტრასების სრული სია, და რომლებიც მეზობელი თურქეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით გაათავისუფლეს, გაამკაცრებენ კონტროლს კონკრეტულ პირებზე.
და ბოლოს, ძალიან კი, გამიგრძელდა, მაგრამ რამდენად დაძაბავს, ფეხბურთის ირგვლივ ატეხილი ეს აჟიოტაჟი ორ მეზობელ, მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. სავარაუდოდ, საქმე ღრმა კრიზისამდე არ მივა. დიპლომატიური ხმაურისა და ელჩის დაბარების მიუხედავად, თბილისმა და ანკარამ უკვე მონახეს კრიზისის განმუხტვის ფორმულა - პალესტინის დროშების ამოღების მოთხოვნა უეფა-ს წარმომადგენლებისგან მოდიოდა და არა ყოფილა ქართული პოლიციის ინიციატივა („ჩარშის" ბანერი, „82 ბათუმი" საზღვარზევე „დააპატიმრეს"). ამას გარდა, არიან დაშავებული ქართველი პოლიციელები. ეს კი ანკარასა და თბილისს საშუალებას აძლევს, უკმაყოფილების ისრები უეფა-სკენ გადაიტანონ.
ერთი კია, მსგავსი თამაშები კი არის მაგარი ჩელენჯი, თუმცა, ზოგჯერ ასეთი გამოწვევებისგან, იქნებ, თავის შეკავება, უკეთესი გამოსავალი იყოს.





ჩვენ







