ელიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბათუმის „დინამო“ ცხრილის სათავეშია
ელიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბათუმის „დინამო“ ცხრილის სათავეშია
27.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება. სატურნირო ცხრილს კი, 65 ქულით ბათუმის „დინამო" ლიდერობს. გია ჭიაბრიშვილის გუნდს, რომელიც სატრანსფერო ბანის გამო 2026 წლის სეზონს უმძიმეს ვითარებაში იწყებდა, ქვეყნის ჩემპიონის მომავალ ტიტულამდე ორი ნაბიჯი, ორი „ფინალი" აშორებს. თუმცა, ჩემპიონობის და თუნდაც, თასის მოგების შემთხვევაშიც, ითამაშებს თუ არა აჭარული კლუბი უეფა-ს ევროტურნირებს ჯერ კიდევ გასარკვევია.  შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამოს" ფინანსური დავალიანებებისა და რეგულაციების დარღვევის გამო უეფა-ს ევროტურნირებზე მონაწილეობის აკრძალვა აქვს დაწესებული. მანამდე კი, კლუბს ფიფა-ს სატრანსფერო ბანიც ედო.


2026 წლის ივნისში გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, უეფა-მ კლუბის აპელაცია უარყო. შესაბამისად, ბათუმის „დინამო" მოიკვეთება უეფა-ს იმ პირველივე საკლუბო ტურნირიდან, რომლის საგზურსაც 2026-2027 წლების სეზონიდან მოყოლებული მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში მოიპოვებს  - ფინანსური ფეირ-პლეისა და დავალიანებების გამო უეფა-მ კლუბს ევროთასებზე ასპარეზობის აკრძალვა 1 სეზონით განსაზღვრა. აქ ცოტა დეტალურად შევეცდები ავხსნა - თუ ბათუმის „დინამო" 2026 წლის სეზონში გახდებოდა ჩემპიონი / პრიზიორი / თასის მფლობელი, ის 2026-2027 წლების სეზონში ვერ იასპარეზებდა უეფა-ს ევროტურნირებზე. თუ,  2026 წლის სეზონში ვერ მოახერხებდა ზემოთხსენებულიდან რომელიმე ტიტულის მოგებას და ამას გააკეთებდა 2027 წლის სეზონზე, უეფა-ს გადაწყვეტილება ამოქმედდებოდა 2027-2028 წლების, სეზონზე. თუ ვერც 2027 წელს მოახერხებდა ამას, ავტომატურად წესი გადაიდებოდა 2028 წლის სეზონისთვის და ავტომატურად, გამოტოვებდა 2028-2029 წლების სეზონს. აი, ამის შემდეგ, კი, სასჯელო ავტომატურად ანულირდებოდა - ეს, მარტივად შევეცადე ამეხსნა მექანიზმი.


კლუბმა პირველადი გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, უეფა-ს სააპელაციო პალატამ (CFCB Appeals Chamber) ბათუმის „დინამოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა და დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა. შესაბამისად, ეროვნულ ლიგაში დაკავებული ადგილის მიუხედავად, ბათუმელთა ევროსაგზური ცხრილში მომდევნო გუნდს გადაეცემა. ბათუმის „დინამომ" ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა, ბოლო ინსტანციაში, სადაც ამის გაკეთება არის შესაძლებელი - სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოში - CAS-ში. ჩვენი ინფორმაციით, საარბიტრაჟოს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დეკემბერში გახდება ცნობილი, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება შეიცვალოს.


ამასობაში, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ბათუმის „დინამო" 2026 წლის სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის სათავეშია და დუბლზეც არ იტყვის უარს. დღეს, კი, ბათუმელებმა, „ბათუმი არენაზე" მართალია, სატურნირო ცხრილში უჩვეულო ადგილზე მყოფი გორის „დილა" 2-0 დაამარცხეს. შეხვედრა, როგოც მოსალოდნელი იყო მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. გორელებმა კარის ჩარჩოში პირველად 83-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც შეცვლაზე შემოსულმა შოთა შეყილაძემ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა, საგოლე გადაცემის ავტორის ზურაბ მუსელიანის თამაშგარეში ყოფნის გამო, VAR-მა გოლიც გააუქმა და შესაბამისად, კარის ჩარჩოში დარტყმაც. ბათუმელთაგან კი, დუბლი თორნიკე კირკიტაძემ შეასრულა, რომელიც პირადად ჩემი მოსაზრებით მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, სრულიად მართებულად შეიძლება დასახელდეს.


აქვე შეგახსენებთ, რომ მეორე ადგილზე, 63 ქულით თბილისის „იბერია 1999" არის, მესამე ადგილზე 62 ქულით „დინამო თბილისია". 59 ქულით მეოთხე ადგილზე ძლიერთა შორის დაბრუნებული „რუსთავი".


უკვე ცნობილია, რომ ეროვნულ ლიგას დაემშვიდობება ტყიბულის „მეშახტე", ხოლო „სპაერი" და „გაგრა" ფლეი-აუთში ითამაშებენ. სხვათა შორის, „გაგრას" 2026 წლის სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ ახლოს არის ელიგიდან „გავარდნასთან", ტიტულის მოგებისა და ევროტურნირზე მოხვდრის შანსი აქვს, ამისთვის შავის ზღვისპირელებმა, ბათუმის „დინამოს" საქართველოს თასის ფინალი უნდა მოუგონ.