ვიდრე „იბერია 1999“ ისტორიის ახალ ფურცელს წერდა...
ვიდრე „იბერია 1999“ ისტორიის ახალ ფურცელს წერდა...
27.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქართული ლეგიონის ნაწილი, კლუბებში „გახურდა" და ევროტურნირებზეც იასპარეზა. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ქართული ლეგიონიდან ოთხმა ითამაშა. თავდაპირველად ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შესახებ ვთქვათ, რომელმაც ურთულეს საშინაო შეხვედრაში „რომასთან" ფრედ, 2-2 ითამაშა. „კვარა" ამ მატჩს ტრიბუნიდან აკვირდებოდა. პსჟ-მ კი, ლიგის ფაზის მე-5 ტურში, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ახლა 13 ქულით, მე-2 ადგილზეა. თუმცა, აქ, საგანგაშო არაფერია. თუ, არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ გვაქვს სურვილი, ქართველი მალე დაუბრუნდეს მინდორს.


სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-6 ადგილზეა გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიც", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში გასვლაზე ისაკის დუბლისა და ვირცის გოლებით, „ბრიუგე" 0-3 დაამარცხა. „მამარდა", სანამ ალისონი ჯანზეა, ამ ტურნირზე ისევ სკამზე დარჩა.


ამ სათამაშო ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" „ღრმა წყლებიდან" მინიმუმ მომდევნო ტურამდე ამოყვინთა და 6 ქულით 24-ე ადგილზე (ფლეი-ოფის 1/16 ფინალის ზონაში) დამკვიდრდა. სხვათა შორის, პსჟ-ს რომ მოეგო, ესპანელები, ერთი კვირა, უფრო მშვიდად დაიძინებდნენ. თუმცა, ახლაც მოფერიანდნენ. ჟორჟმა კი, სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე, 75-ე წუთზე გამოჩნდა. ამ მომენტისთვის მისი გუნდი, პრაღაში „სლავიასთან" უკვე 0-1-ს იგებდა და ეს მატჩის საბოლოო ანგარიშია, თუმცა, მასპინძლები, საკმაოდ სახიფათოები იყვნენ და ესპანურ კლუბსაც შეეძლი ნებისმიერ მომენტში ეს უპირატესობა დაეკარგა. თამაშის შემდეგ, ქართველმა ესპანური მედიისგან მოკრძალებული, თუმცა, დადებითი შეფასება მიიღო. სხვათა შორის, მიქაუტაძეს მატჩის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაც შეეძლო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90'+2 წუთზე) მან საჯარიმოს მარცხენა მხრიდან დაარტყა, თუმცა, მეკარე იაკუბ მარკოვიჩმა ბურთი მოიგერია.


ორი ადგილით ქვევით 26-ე ადგილზე, ე.წ. ფლეი-ოფის 1/16 ფინალის ზონის მიღმა არის ამ ეტაპზე ირაკლი აზაროვის „შახტარიც". დონეცკელებმა სტემფორდ ბრიჯზე თურქულ „ფენერბაჰჩეს" უმასპინძლეს და 56-ე წუთზე გაშვებული გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. აზაროვი შეცვლაზე 82-ე (!) წუთზე შევიდა.


უეფა-ს რანგით მეორე ევროტურნირზე, ევროპა ლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა". თავიდანვე ვთქვათ, რომ „კიტეს" ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია. როგორც გავარკვიეთ, გრაცელთა სამედიცინო გუნდი ამ ეტაპზე უფრთხილდება და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად ქართველს ჯერ არ აძლევს თამაშის განახლების უფლებას. რაც შეეხება გიზის, „ჰოფენჰაიმთან" გასვლით შეხვედრაში ის, მოედანზე 82-ე წუთზე შეუშვეს, როდესაც ანგარიში უკვე 2-1 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. საბოლოოდ კი, „შტურმმა" 3-1 წააგო და 36 გუნდიან გათამაშებაში, 31 ადგილზეა.


უეფა-ს კონფერენს ლიგაზე საბა საზონოვის „ხეტაფეს" თბილისურ თამაშზე ჩვენ უკვე  გიმბეთ (იხილეთ ბმული), ამიტომ აქ, ვახტანგ ჭანტურიშვილის ჩეხურ „იაბლონეცზე" მოგიყვებით, რომელმაც საშინაო შეხვედრაში „ლუგანო" 2-0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობიდან დაწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი, რომელიც 18 დეკემბერს თბილისის „იბერია 1999"-ს უმასპინძლებს,  ამ მომენტში 5 ქულით მე-18 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლეი-ოფის 1/16 ფინალის ზონაშია.