
დღეს 26 რიცხვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად გამარჯვების მოლოდინიც გაქვს. მერე რა, რომ მარტი არ არის და ნოემბრის ძალიან ცივი და ქარიანი დღეა. მიხეილ მესხის სტადიონზეც გულშემატკივარი უფრო მეტი (დაახლოებით 7000 ადამიანი, 25000-იან სტადიონზე არაფერია, მაგრამ ამასაც ვისწავლით) მოვიდა, ვიდრე ეს უეფა-ს კონფერენს ლიგის წინა შეხვედრისას იყო. ესეც კარგის ნიშანია. თუ გნებავთ ვიკამათოთ, მაგრამ გულშემატკივრის გარეშე, ცარიელი ტრიბუნებით, ქართული საკლუბო ფეხბურთო შორს ვერ წავა. ამიტომ წარმატების თუ წარუმატებლობის დროს, ქომაგის ხმა, ყველა გუნდს სჭირდება. დღეს, ეს ხმა „მესხზე" ისმოდა. „იბერია 1999"-სა და „ხეტაფეს" დაპირისპირებაში კი, ლურჯებში საბა საზონოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს, დღეს ქართული გუნდის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ესეც გვიხაროდა.
ესპანური ლა ლიგის წარმომადგენელმა, რომელსაც საკუთარ ჩემპიონატში არც თუ სახარბიელოდა აქვს საქმე, ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში მადრიდის „ატლეტიკოსთან" განცდილი მარცხის (0-3) შემდეგ, გადაახალისა. ძირითად შემადგელობაში მოხვდა საბა საზონოვი, რომელსაც არა თუ სასტარტო შემადგენლობაში, ხშირად საერთოდ არ ეძლევა სათამაშო დრო. ამისდა მიუხედავად, საბა, სტუმართა გუნდში საუკეთესო იყო, მეკარესთან დავიდ სორიასთან ერთად. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სრული მატჩი ითამაშა. მის ანგარიშზე 64 ზუსტი გადაცემა, დაცვაში ყურადღებიანი თამაში და ერთხელ კარის მიმართულებით დარტყმაც არის.
რაც შეეხება თამაშს, ის ფრთხილად დაიწყო და გუნდებმა ერთმანეთს კბილი მოუსინჯეს. „იბერია 1999"-დან კარის მიმართულებით, პირველად მე-10 წუთზე ნიკოლოზ დადიანმა დაარტყა. დაახლოებით 14 წუთში, ლუკას კაფეს აუღო მეკარემ, თუმცა, გოლმა არ დაახანა. ყველაფერი კი, გიორგი მაკარიძიდან დაიწყო, გაგრძელდა ნიკა სიხარულაშვილით და წესით, რომ არა სორია, გიორგი ქობულაძის დარტყმული გოლით უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხეტაფელთა მეკარის მოგერიებული, კვლავ ქობულაძეს მიუვიდა, რომელმაც მეორე ჯერზე მოახერხა გოლის გატანა და ანგარიშის გახსნა.
უფრო პირველ ტაიმშიც და მთლიანად მატჩშიც, სტუმრებმა მეტ-ნაკლებად მოახერხეს ბურთის გაკონტროლება, კარის მიმართულებითაც დაარტყეს, თუმცა, თუ არ ჩავთვლით, 70-ე წუთზე სტუმართა სერბი ფეხბურთელის ნემანი გუდელის დარტყმულს, რომელიც გიორგი ჯინჯოლავამ ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა, „ხეტაფეს" საგანგაშო მეტი არც არაფერი შეუქმნია. ზოგადად, გუნდი, თუნდაც შეცვლილი შემადგენლობით, საერთო სურათში, დიდად არ განსხვავდებოდა იმ გუნდისგან, რომლის თამაშებსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ვადევნებთ თვალს.
აი, ლევან კორღალიძის გუნდს კი, ანგარიშის გაზრდის შანსები ჰქონდა. ასე, მატჩის მსვლელობისას მონიშნულ მომენტებს თუ გადავხედავთ, 55-ე წუთის გამოყოფაც შეიძლება, როდესაც ჯინჯოლავას ჰქონდა მომენტი. ბორდალასის ცვლილებებმაც, რომელიც „ხეტაფეს" მთავარმა მწვრთნელმა თამაშის დასაწყისში გააკეთა არ იმუშავა. უფრო მეტიც, მეორე ტაიმში, შეცვლაზე შემოსულმა მანგალამ, 59-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ისე დატოვა მოედანი, რომ „გახურებაც" ვერ მოასწრო.
შეხვედრას 3 წუთი დაემატა. თუმცა, თამაშში არაფერი შეიცვალა. თბილისის „იბერია 1999"-მა ისტორიის კიდევ ერთი გვერდი დაწერა - მოიგო პირველი შეხვედრა უეფა-ს კონფერენს ლიგის ძირითად ფაზაში, ანგარიშით 1-0 (იხილეთ ბმული). მომდევნო შეხვედრას ქართული კლუბი 10 დეკემბერს, კვლავ საშინაო კედლებში სერბული გრანდის „ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ გამართავს.
მანამდე კი, დღეს, რამდენიმე წუთში, მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში, ლევან კორღალიძე ქართული მედიის კითხვებს უპასუხებს.





ჩვენ







