უამინდობამ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გეგმები შეცვალა
უამინდობამ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გეგმები შეცვალა
25.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბათუმში, 26 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე უეფა-ს ევროპა ლიგის კალენდარული მატჩი გაიმართება, რომელშიც სტამბოლის „ბეშიქთაში" ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას" დაუპირისპირდება. ამ მატჩის საქართველოში და კერძოდ, ბათუმში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება, მატჩში მონაწილე ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ისრაელის კლუბისა და დელეგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უეფა-მ მიიღო.


ჩვენი ინფორმაციით, მატჩს, როგორც თურქული, ასევე, ისრაელის კლუბის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. დღეს, 25 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ჰაპოელ ბეერ-შევას" მთავარმა მწვრთნელმა, რან კოზუხმა, „ბეშიქთაშის" სიძლიერესა და სტადიონზე მოსალოდნელ ატმოსფეროზე ისაუბრა.


კოზუხმა „ბეშიქთაში" ძალიან მაღალი დონის გუნდად დაახასიათა. მისი თქმით, მატჩისთვის მზადება მთლიანად გუნდის სათამაშო ფილოსოფიას ეფუძნება და „ჰაპოელი" აგრესიული ფეხბურთის თამაშს გეგმავს.


პირობითი სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდი ძალიან მოტივირებულია, რთულ შეხვედრას ელის, თუმცა, ყველაფერს გააკეთებს სასურველი შედეგის მისაღწევად.


კოზუხის განცხადებით, აშკარაა, რომ სტადიონზე „ბეშიქთაშის" გულშემატკივარი იქნება უმრავლესობაში და ატმოსფერო ისრაელის კლუბის წინააღმდეგ იმოქმედებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთელებს ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშს ყოველთვის ხმაურიან და სავსე სტადიონზე ასპარეზობა ურჩევნიათ.


მოგეხსენებათ, მატჩის წინა პრეს-კონფერენციების პარალელურად, გუნდები მასპინძელ სტადიონზე ვარჯიშობენ კიდეც. თუმცა, ამჯერად, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, მასპინძელ სტადიონზე ბეერ-შევას „ჰაპოელმა" არ ივარჯიშა. უეფა-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, ვარჯიში ბათუმშივე, სხვა მოედანზე გადაიტანეს.


უამინდობის გამო „ბათუმი არენის" საფარის დაზოგვის მიზნით, ისრაელის კლუბმა ბოლო ვარჯიში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილ ალტერნატიულ მოედანზე, სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში გამართა.