„არწივები“ ბათუმში ვერ შემოფრინდნენ და საქართველოში რიზედან ავტობუსით შემოვიდნენ
„არწივები“ ბათუმში ვერ შემოფრინდნენ და საქართველოში რიზედან ავტობუსით შემოვიდნენ
25.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს „თურქიშ ეარლაინის" კუთვნილი ბორტი, რომელსაც ბათუმში, უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩის სათამაშოდ თურქული საფეხბურთო გრანდი "ბეშიქთაში" გადმოჰყავდა, რამდენიმე უშედეგო მცდელობის  შემდეგ, ქართულ შავიზღვისპირა ქალაქში ვერ დაჯდა. სხვათა შორის, ამ „თურქიშ ეარლაინისთვის" ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში  ვერ დაშვება არახალია. საბიჰა გოქჩენიდან აფრენილმა ბორტმა, უამინდობის მიზეზით, ბათუმის თავზე რამდენიმე წრე დაარტყა  და საბოლოოდ, მეზობელ აეროპორტში, რიზეში მშვიდობიანად დაეშვა. იქიდან კი, „ბეშიქთაში" ბათუმში ავტობუსით ჩამოვიდა. ამ მიზეზით დღეს, ბათუმი არენაზე, არ ჩატარდა ტრადიციული მატჩის წინა პრეს-კონფერენცია თურქული გრანდის მონაწილეობით.


მოგეხსენებათ, ხვალ, უეფა-ს ევროპა ლიგის შეხვედრა, რომელშიც სტამბოლის „ბეშიქთაში" ისრაელის ბერ-შევას „ჰაპოელს" მასპინძლობს, ორ ქვეყანას შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის გამო ბათუმში იმართება. თამაში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. დღეს კი, ბათუმში ორი გუნდის მონაწილეობით ტრადიციული მატჩის წინა იყო დაგეგმილი, რომლის დროსაც ორივე გუნდის მწვრთნელთა და ფეხბურთელთა შეხვედრა იგეგმებოდა მედიასთან და ასევე, ორივე გუნდი ვარჯიში „ბათუმი არენაზე". თუმცა, ამინდმა მთელი რიგი კორექტივი შეიტანა.


გზა, რომელიც სტამბოლიდან ბათუმამდე დაახლოებით მატჩის მასპინძელ ქალაქში  ღრუბლიანი და სეტყვანარევი წვიმიანი ამინდის გამო, პირობით მასპინძელ გუნდს 8 საათი გაეჭიმათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტამბოლიდან აფრენილი თვითმფრინავი რიზე-ართვინის აეროპორტში დაეშვა.


„გზაში ბევრი ვინერვიულეთ. საკმაოდ სახიფათო მგზავრობა გამოვიდა. პილოტმა, სავარაუდოდ, როცა არ დაჯდა ბათუმის აეროპორტში სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დაშვებისას მიხვდა, რომ ვერ დაჯდებოდა რამდენიმე მცდელობის შემდეგ და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მოიგო. ჰაერში რამდენიმე წრის დარტყმის შემდეგ, როცა კოშკურამ დაშვების ნებართვა არ მისცა, უკან, რიზეში დავბრუნდით. სწორედ იქიდან ჩამოვედით. დაახლოებით 8-საათიანი მგზავრობა გამოვიდა. რეალურად, ეს გასვლითი მატჩია და მოთამაშეები 8 საათია გზაში არიან. რთულია? კი, რთულია, მაგრამ მეტეოროლოგიურ გარემოებებთან და ბუნებასთან, ადამიანები, კვლავ ვერ ვრისკავთ. ეს ასეც გაგრძელდება. ადამიანის ბრძოლა ბუნებასთან არ შეწყდება და ბუნება რასაც იტყვის, ყოველთვის ის მოხდება", - ამბობს ონდერ ოზენი, „ბეშიქთაშის" სპორტული დირექტორი.


მაშინ როდესაც „ბეშიქთაში" ჯერ კიდევ არ ჰაერში იყო, თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის თვითმფრინავი ჭექა-ქუხილში მოჰყვა და ელვამაც დაარტყა. ჟურნალისტებმა გუნდის სპორტულ დირექტორს ამის თაობაზეც ჰკითხეს:


„ღმერთმანი, შეგვეშინდა. მეგონა, რომ აღარ მეშინოდა ფრენის. სულ ვამბობდი, თვითმფრინავის აღარ მეშინია-მეთქი, მაგრამ თურმე მეც მეშინია. ბუნებრივია, ყველას შეეშინდა და ეს სრულიად ნორმალურია. ყველას ჰყავს საყვარელი ადამიანები, ვისთან დაბრუნებაც უნდა. ისეთი რამ მოხდა, რაც აქამდე არ გამომეცადა. ფეხბურთელებსაც ველაპარაკეთ, სამწვრთნელო შტაბმაც გაიხსენა თავისი ძველი ისტორიები, ჩვენც მოვყევით ჩვენი ამბები. ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ნანახი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემთხვევა ეს იყო. ცოტა შევშინდით, ყველას შეეშინდა, არა უშავს, მთავარია, ერთად ვიყავით და ერთად გადავლახეთ ეს ყველაფერი", - ამბობს ოზენი.


თურქეთში სასაზღვრო ქალაქ ხოფაში, სადაც „ბეშიქთაშის" თვითმფრინავი დაუგეგმავად დაეშვა, გუნდს ადგილობრივი და ბათუმში, თამაშზე მიმავალი გულშემატკივარი დახვდა და „ლუქს ქარადენიზის" კუთვნილი ავტობუსი, რომლითაც რიზე-ართვინის აეროპორტიდან თურქული საფეხბურთო გრანდი ბათუმისკენ წვიმიან ამინდში დაიძრა, მიმავალ  გზაზე შეძახილებით და სიმღერებით გააცილეს.


„საბაჟოზეც ვნახეთ ისინი, გაიხარონ და იცოცხლონ. სადაც არ უნდა იყოს, „ბეშიქთაშს" მარტოს არასდროს ტოვებენ, გუნდთან ერთად მგზავრობენ. მათაც საბაჟოზე გადმოსვლისას, იმ თოვლში, საკმაოდ დიდხანს მოუწიათ ლოდინი და წვალება. მათი ამაგის გადახდა შეუძლებელია, გაიხარონ. ნუ ინერვიულებენ გუნდზე, მგზავრობა რთული იყო, მაგრამ უკვე ჩაიარა. ახლა ფეხბურთელები დაისვენებენ, ივახშმებენ. ვარჯიში გაუქმდა. მაგრამ თეორია ექნებათ. იმედი მაქვს, სტამბოლში კარგი შედეგით დავბრუნდებით. ჩამოსვლა ცოტა საწვალებელი იყო, მაგრამ იმედია უკან, სახლში, გულშემატკივრებთან ერთად ბედნიერები დავბრუნდებით", - ამბობს ოზენი.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ხვალ დაგეგმილ შეხვედრას „ბეშიქთაშის" ბევრი გულშემატკივარი დაესწრება. ისინი, საქართველოში გუნდთან შედარებით ადრე ჩამოვიდნენ. ისევე, როგორც მედიის წარმომადგენლები. ჩვენს კოლეგებს ბათუმში სარფიდან შემოსვლა მოუხდათ, გამომდინარე ისევ და ისევ კლიმატური პირობებიდან. სხვათა შორის, გადაუღებელმა წვიმამ და ბათუმში დღეს მოსულმა სეტყვამ, ჩემი კოლეგები მინდვრის მდგომარეობაზეც დააფიქრა:


„ახლახან ვესაუბრე ამ თემაზე „დინამო თბილისს" (სარედაქციო შენიშვნა - „დინამო თბილისი" ბათუმურ თამაშთან და სტადიონთან არაფერ შუაშია, თუმცა, როგორც ჩანს საქართველოსთან მიმართებაში „დინამოს" ავტომატურად ებმის თბილისი). იქ რაღაც სამუშაოები ჰქონია დაგეგმილი, მაგრამ უეფა-ს წარმომადგენლებმა გაკეთების უფლება არ მისცეს, რომ მოედნის საფარი არ დაზიანებულიყო. იმედი მაქვს, ბალახის სიმაღლე შესაბამისი იქნება. გუნდებისთვის, რომლებიც  ხვალ ფეხბურთის სათამაშოდ გამოვლენ, ბალახის სიმაღლე მნიშვნელოვანია. კი არის ნალექი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს მინდვრის საფარზე გავლენას არ მოახდენს", - ამბობს თურქული გრანდის სპორტული დირექტორი.


და ბოლოს, კიდევ ერთი თემა, რომელიც თურქულ მედიას აინტერესებდა. ორშაბათს „ბეშიქთაშს" სტამბოლის დერბი ელით „გალათასარაისთან". დრო კი, აღსადგენად ძალიან მცირეა  - სამად სამი დღე.


„მართალია, დასვენების დრო ძალიან შეზღუდულია. ორი დღით ნაკლები გვაქვს (უპირატესობა მეტოქის მხარესაა), პლუს გასვლითი თამაში და პლუს ეს მძიმე მგზავრობა, გზაზე და საბაჟოზე გატარებული დრო. თუმცა, როცა „ბეშიქთაშის" პროფესიონალურ საფეხბურთო გუნდს ვუყურებ, მე ვხედავ არა უხალისო ადამიანებს, რომლებსაც მიზეზები აქვთ, არამედ გმირებს, რომლებსაც თავიანთი ისტორია აქვთ. ისინი საბაბის უკან არ დაიმალებიან, ეცდებიან თავიანთი საქმე გააკეთონ და გააკეთებენ კიდეც. ჩვენ ასე გვჯერა, ყველა მათგანს ვენდობით. არავითარი თავის მართლება!"- ამბობს ოზენი.


შეგახსენებთ, „ბეშიქთაში" უეფას ევროპა ლიგის მე-5 ტურში ისრაელის კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას" ეთამაშება. უსაფრთხოების ზომების გამო, უეფას გადაწყვეტილებით, ეს საშინაო შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე უნდა ჩატარებულიყო. ადგილად კი, ბათუმი შეირჩა.