„დინამო არენაზე“ ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისმა“ და „ფიორენტინამ“ ფრედ ითამაშეს
„დინამო არენაზე“ ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისმა“ და „ფიორენტინამ“ ფრედ ითამაშეს
25.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს „დინამო არენაზე" საქართველოს ჩემპიონმა 19-წლამდეთა შორის „დინამო თბილისმა" უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მესამე შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა იტალიურ „ფიორენტინასთან". თამაში ფრედ, 1-1 დასრულდა და ახლა, ამ წყვილის ბედი საპასუხო მატჩის შედეგზე არის დამოკიდებული, რომელიც 9 დეკემბერს ფლორენციაში, „ვიოლა პარკის"  (Curva Fiesole) გაიმართება.


ვიდრე უშუალოდ დღევანდელ თამაშზე ვიტყვით, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუმართა გუნდს დღევანდელ შეხვედრაში სერიოზული დანაკლისი ჰქონდა. საქმე ისაა, რომ 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ყატარში, 17-წლამდეთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფეხბურთში, სადაც იტალიის ასაკობრივი ნაკრებიც თამაშობს. ამ ნაკრებში კი არის, იტალიური ფეხბურთის იმედი ფედერიკო კროჩი (Federico Croci), რომელიც „ფიორენტინას" 19-წლამდე გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. სტუმართა გუნდს, დღეს, 19 და 20 წლამდე იტალიის ასაკობრივი ნაკრების წევრი ფეხბურთელებიც აკლდნენ, რომლებიც 19-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მონაწილეობენ.


ამ დანაკლისის მიუხედავად, „ფიორენტინამ" თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წუთიან ეპიზოდს, „დინამო თბილისს" აჯობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სერიოზული საფრთხე, რომელიც კარში დარტყმამდე არ მივიდა, თორნიკე კვარაცხელიამ შექმნა. ამის შემდეგ, შეხვედრის მე-16 წუთისთვის იტალიელებს, უკვე ორი სახიფათო მომენტი ჰქონდათ აქტივში. აქედან პირველში ბურთი ძელს, მეორეში კი ხარიხას მოხვდა. რეალურად, დინამოელთაგან, მეტოქის კარის მიმართულებით, პირველად 32-ე წუთზე ლუკა შარიქაძემ დაარტყა. სწორედ, ამ მომენტიდან დაახლოებით 10 წუთის მანძილზე, თბილისელებმა „კბილი" გამოაჩინეს. თუმცა, სერიოზულ მომენტამდე საქმე არ მისულა. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს, „ფიორენტინამ" მოახერხა ჩვენს საჯარიმო მოედანში დამკვიდრება და 45-ე წუთზე სტანდარტულის შემდეგ, ისარგებლა მცირე არეულობით, მასპინძელთა საჯარიმო მოედანში და რასაც ჰქვია, „ლელო" დაგვიდო 44-ე წუთზე. გოლი, ნიკოლო ტურნონემ გაიტანა. თუმცა, მასპინძლებს, ცოტა მეტი გამართლება, რომ ჰქონოდათ, შეეძლოთ, „ფიორენტინასთვის" გოლის გასახდელში გატანებაც. თუმცა, ტაიმი სტუმრებმა 0-1 მოიგეს.


ვასილ გეგუჩაძის გუნდი, მეორე ტაიმში უფრო მობილიზებული გამოვიდა. გუნდს ემჩნეოდა განწყობაც და მატჩამდე, ნებსით თუ უნებლიედ გამჯდარი „შიში" მოწინააღმდეგის წარმომავლობიდან გამომდინარე, უკვე აღარ შეიმჩნეოდა. ტაიმის საწყის წუთებზე კარგი მომენტი ჰქონდა ლუკა ციკოლიას, რომელის დარტყმულიც მეკარემ მოიგერია, აი, დამატებაზე კი, აღარაფერი გამოგვივიდა. კიდევ ერთი მომენტი ციკოლიას 61-ე წუთზე ჰქონდა. ორ წუთში, 63-ე წუთზე კი, უკვე ნიკოლოზ ადუაშვილის დარტყმულმა ვერ მიაღწია მიზანს. „დინამო თბილისმა" აშკარად მოუმატა და უფრო სახიფათო გახდა, ქმნიდა ბევრ სახიფათო მომენტსაც.


81-ე წუთზე ციკოლიას ჩაწოდებული ბურთი, ფლორენციელებმა თითქოს გაანეიტრალეს, თუმცა, დამატებაზე, ადუაშვილმა მაინც მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა და ანგარიში გაათანაბრა, 1-1. მატჩს, მხოლოდ სამი წუთი დაემატა, თუმცა, საერთო ჯამში, თანაბარი ბრძოლა ფრედ დასრულდა (იხილეთ მატჩის ტექნიკური ჩანაწერი).


ამრიგად, „ჩემპიონთა გზის" (Domestic Champions Path) მესამე რაუნდში ყველაფერი ორმატჩიან დუელის დასრულების შემდეგ გაირკვევა. გასვლაზე მოპოვებული ფრე „ფიორენტინასთვის" მისაღები შედეგია, თუმცა „დინამო თბილისმა" აჩვენა, რომ სერიოზული მეტოქეა. მეორე შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში კი, შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე პენალტების სერია დაინიშნება. აქვე გეტყვით, რომ ფლორენციაში „დინამო თბილისი" 7 დეკემბერს გაემგზავრება.


ფოტო: (c) acffiorentina