
მიხეილ მესხზე დღის მეორე ვარჯიში ესპანურმა „ხეტაფემ" გამართა. ვარჯიშამდე მედიას, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი შეხვდა. თუმცა, უეფა-ს კონფერენს ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე სავარჯიშოდ, თბილისის „რედისონიდან" მომავალმა სტუმარი გუნდის ავტობუსმა, სტადიონზე მოსვლა თითქმის ნახევარი საათით დააგვიანა. შესაბამისად, დაგვიანებით დაიწყო პრეს-კონფერენციაც, რომელიც ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე იგეგმებოდა. შესაძლოა, ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ქართულმა მედიამ ვერ მოახერხა ბორდალასისთვის ეკითხა, უპირებს თუ არა ხვალ სათამაშო დრო მისცეს საბა საზონოვს, რომელიც გუნდთან ერთად საქართველოშია და მისთვის საყვარელ სტადიონზე თამაშისთვისაც მზადაა.
„ძალიან კარგი იქნება თუ მოვა ბევრი გულშემატკივარი. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ასეთი ატმოსფეროა და ქართველები ასეთი გულშემატკივრები არიან. მიხარია, რომ მე, როგორც „ხეტაფეს" და არა, როგორც მარტო ნაკრების ფეხბურთელმა ვაჩვენო რა შემიძლია მინდორზე. ძალიან მიყვარს მიხეილ მესხის სტადიონი. ძალიან ლამაზი სტადიონი და კარგი მინდორია. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვედი, რადგან არც მეგონა, რომ ასეთი რამე შეიძლება მომხდარიყო, სახლში დავბრუნებულიყავი კონფერენს ლიგის თამაშზე. ჩვენს სტადიონზე ვითამაშებ თუ არა ვითამაშებ, ეს ხვალ გაირკვევა, მაგრამ ხვალ ამ სტადიონზე მოვა ოჯახი, დედა, მამა, ჩემი ძმა - ყველაზე მაგარია. მეც მინდა, რომ უფრო ბევრი დრო მქონდეს სათამაშოდ, მაგრამ ვიცით, რომ რთული პერიოდი გავიარე და ახლა ნელ-ნელა ვბრუნდები, თუმცა, სულ მზად ვარ, რომ ვითამაშო, მოვიგო. ახლაც, საიდუმლო არაა, რომ „ხეტაფეს" ცოტა რთული პერიოდი აქვს, ბევრ თამაშებს ვერ ვიგებთ, უნდა ვიპოვით გამოსავალი, რომ მოვიგოთ. მინდა რომ ხვალ ვითამაშო და მოვიგოთ და საქართველოში კარგ ფეხზე შემოვსულიყავი", - ამბობს საბა საზონოვი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ხეტაფეს" მცველი, „სეტანტა ჯორჯიასთვის" მიცემულ ფლეშ-ინტერვიუში.
თბილისის „იბერიას 1999"-თან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, ესპანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მასპინძელი კლუბის პატივისცემის მიუხედავად, ხვალინდელ შეხვედრაში მის კლუბს აუცილებლად სჭირდება გამარჯვება.
„იბერია 1999"-ს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს და ამიტომ, ვალდებულებები ვართ, მოვიგოთ ეს თამაში, რომ შანსი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, „ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ საჭიროა, რომ ხასიათის გასაუმჯობესებლად მოვიგოთ.
დანი კარვახალი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას არ შეუძლია ახლა ფაზის ეტაპზე თამაში, რადგან, როცა დავიმატეთ, სეზონი დაწყებული იყო, მაგრამ ფლეი-ოფში თუ გავალთ, დაგვეხმარება. ის ფეხბურთელებს მოტივაციას აძლევს, თუმცა, გვყავს სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებიც", - ამბობს სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი.
„ხეტაფე" თბილისში მძიმე ფსიქოლოგიური ფონით ჩამოვიდა. ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ, გუნდი ესპანეთის ჩემპიონატშიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შესაბამისა, თბილისური მატჩი რეაბილიტაციის საშუალებად განიხილება.
„გეთანხმებით, საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს, როგორც დაცვაში, ისევე შეტევაში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლა ლიგა ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატია. თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგები უნდა გამოვასწოროთ, როგორც ლა ლიგაში, ისე კონფერენსლიგაზე, სადაც მხოლოდ 1 ქულა გვაქვს და ამიტომ აუცილებლად გვჭირდება ქულებს მოპოვება, რათა ფლეი-ოფში გავიდეთ", - ამბობს სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი.
ბორდალასმა აღიარა, რომ ბოლო პერიოდში „ხეტაფეს" უჭირს როგორც დაცვაში საიმედო თამაში, ისე შეტევაში მომენტების რეალიზება, თუმცა მიზეზების ძიების ნაცვლად გუნდი თბილისში მაქსიმალური კონცენტრაციით ჩამოვიდა.
უეფა-ს კონფერენს ლიგის სამი ტურის შემდეგ „ხეტაფეს" მხოლოდ 1 ქულა აქვს, რის გამოც მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ვალდებულები ვართ, მოვიგოთ... თუ კონფერენს ლიგაზე დარჩენა გვინდა, ხვალინდელი მატჩი უმნიშვნელოვანესიაო.
თბილისში, მიხეილ მესხზე, უეფა-ს კონფერენს ლიგის შეხვედრა, „იბერია 1999"-სა და „ხეტაფეს" შორის, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
ფოტო: Getafe C.F.
სტატია რედაქტირებულია 26.11.26 / 02:00





ჩვენ







