
დღეს თბილისში მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის „იბერია 1999"-მა უეფა-ს კონფერენს ლიგის ფაზის მორიგი მატჩის წინ, რომელსაც ესპანური „ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავს ბოლოჯერ ივარჯიშა. ვარჯიშამდე კი, სტადიონის მედია სივრცეში ტრადიციული შეხვედრა გაიმართა მედიასთან. გუნდის მთავარი მწვრთნელის ლევან კორღალიძის თქმით, „იბერიაში" დადებითი მუხტი არის, მითუმეტეს რომ ხვალ, სახლში თამაშობენ და ეს გარემოება მისი ბიჭებისთვის მოტივაციაა. თუმცა, გუნდს ექნება დანაკლისიც - ორი წამყვანი ფეხბურთელის, ანდრია ბართიშვილისა და ვახო ბედოშვილის სახით.
„სამწუხაროდ, ბართიშვილი მიმდინარე სეზონში ვეღარ დაგვიბრუნდება. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რაც შეეხება ბედოშვილს, ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო ჯერ არ აქვს თამაშის უფლება. ველოდებით და შეიძლება, ეს დისკვალიფიკაცია გაუქმდეს, ამიტომ, ჩვენთან ერთადაა და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ თამაშს შეძლებს", - ამბობს კორღალიძე.
მოგეხსენებათ, „იბერია 1999", უეფა-ს კონფერენს ლიგის პარალელურად, იბრძვის ეროვნულ ლიგაშიც ადგილის შესანარჩუნებლად. მართალია ხვალინდელ შეხვედრამდე იბერიელები სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, თუმცა, ყველაფერი შესაძლოა შეიცვალოს. სწორედ, ამ თემით დაინტერესდნენ მედიის წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ უფრო ლოგიკური ხვალინდელ თამაშზე უფრო მართებული იქნებოდა აქცენტების გაკეთება.
„ასეთი რეჟიმისთვის არ ვიყავით მზად, რაღაცების შეცვლა მომიწია, ყველანაირად ვეცადეთ, რომ ძალები ისე გაგვენაწილებინა, რომ ორივე ფრონტზე მაქსიმალურად წარმოგვეჩინა თავი. ტრავმების მიუხედავად, ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზადაა ეროვნულ ლიგაში მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად და კონფერენს ლიგაზეც ღირსეულად გამოსასვლელად. ყველა თამაშზე გამარჯვებისთვის გავდივართ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ", - ამბობს კორღალიძე.
სხვათა შორის, ლევანმა მედიის წარმომადგენლებს ყურადღება ერთ გარემოებაზეც გაამახვილა - ქართული კლუბის მთავარი მწვრთნელი და შესაბამისად „იბერია 1999"-ის მესვეურებიც თვლიან, რომ თამაშის ხარისხის დინამიკა უკეთესდება, რაც გუნდში მოტივაციას ზრდის. ამასთან, „იბერია 1999"-ში კარგად იციან, რომ იდეალური გუნდი არ არსებობს, მაგრამ ის რაღაცები, რაც გამოსასწორებელი იყო, ნელ-ნელა სწორდება და დიდი იმედი მაქვს, ხვალაც უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე წინაზეო, ამბობს ქართველი მწვრთნელი.
„ასეთი თამაშის წინ განწყობაზე საუბარი ზედმეტია. კოპენჰაგენში გვქონდა დადებითი მუხტი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმალურად მოტივირებულები იქნებიან. შინ ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. დარწმუნებული ვარ, ხვალ კარგი თამაში იქნება, რასაც ჩვენ და გულშემატკივარი მოელის", - ამბობს კორღალიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, მიხეილ მესხზე თამაში საკმაოდ გვიან თბილისური დროის საზომით, 21:45 საათზე იწყება და თბილისში, ყველაზე ცივ (ადგილმდებარეობიდან გამომდინარე) სტადიონზეც საკმაოდ დაბალი ტემპერატურა იქნება, თამაშის დაწყებისთვის დაახლოებით 2 გრადუსი (თუმცა, წვიმას ამინდის პროგნოზი აღარ გვიჩვენებს), იბერიელები იმედოვნებენ, რომ სტადიონზე გულშემატკივარი მოვა და რაც მთავარია, ქართულ კლუბს გაამხნევებს. „კორღალამ" დღეს, რა თქმა უნდა ილაპარაკა ხვალინდელ მეტოქეზე.
„ვერ ვიტყოდი, რომ „ხეტაფეს" შესასწავლად ცოტა დრო გვქონდა, ამიტომ, ამაზე ფიქრი გუშინ და დღეს არ დაგვიწყია. მანამდეც ვუყურებდით თამაშებს და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სწორად მივიტანოთ ფეხბურთელებთან ჩვენი ანალიზი. ვეცდებით, მეტად მომზადებულები ვიყოთ, ვიდრე შეიძლება. ბოლო 5 თამაშიდან გვაქვს ანალიზი გაკეთებული, ფეხბურთში წარმატების ფორმულა არავინ იცის, მაგრამ ეს ანალიზი მცირე დეტალებს უფრო მკაფიოს გახდის, თუ რა არის საჭირო ხვალ კარგად თამაშისა და გამარჯვებისთვის.
ვერ ვიტყვი, რომ „ხეტაფე" ევროტურნირებსა და ლა ლიგაში განსხვავებულად თამაშობს. ორთაბრძოლების მოგება შეუძლიათ. ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. იმედია, კარგად ვითამაშებთ და კარგად გამოვიყენებთ მათ სუსტ მხარეებს, ხოლო ძლიერი მხარეებს გავანეიტრალებთ. მიუხედავად იმისა, რომ ბორდალასი დაცვითი ფეხბურთის მოყვარულად მიიჩნევა, ბოლო მატჩებში ბევრი გოლი აქვთ გაშვებული. ხვალ ყველა სცენარისთვის მზად ვიქნებით", - თქვა კორღალიძემ.
ქართული კლუბის მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ კოპენჰაგენში წაგებული მატჩის მიუხედავად, მისმა გუნდმა თავი ღირსეულად წარმოაჩინა. თუმცა, კორღალიძემ პირადი სურვილიც გაგვიმხილა - დაინგრეს სტერეოტიპი, რომლის მიხედვით, კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ... სწორედ ამისკენ მივისწრაფვით, თუ კარგად ვითამაშებთ, უნდა მოვიგოთო, თვლის „იბერია 1999"-ის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც დღეს, მედიასთან შეხვედრაზე ახალგაზრდა მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ახლდა.
„რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ასე ადრეულ ასაკში მომიწია ამხელა თამაშების თამაში. ჩემთვის დიდი გამოცდილებაა, ყოველ თამაშში ვცდილობ, უფრო განვითარდე და უკეთ ვითამაშო. გუნდი, მწვრთნელი ძალიან მეხმარება. ჩემთვის ყველა ტურნირზე თამაში დიდი გამოცდილებაა, ყოველდღე ვითარდები და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ. გუნდში იდეალური განწყობაა, არ შეიძლება არ იყოს კარგი განწყობა ასეთი თამაშის წინ. „პარკენზე" თამაში იყო პატარა ოცნება, რომელიც ავიხდინე, საოცარი ატმოსფერო იყო. კარგადაც ვითამაშეთ, უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთია, ხდება, და ვეცდებით, უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ", - ამბობს ამისულაშვილმა.
უეფა-ს კონფერენს ლიგის ხვალინდელ შეხვედრას „იბერია 1999"-სა და „ხეტაფეს" შორის რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ჰორაციუ ფეშნიკი იქნება უეფა-ს გამოცდილი არბიტრი, რომელსაც ახასიათებს მკაცრი სტილი და ხმაურიანი ეპიზოდები. ფეშნიკი ცნობილია ბარათების სიმრავლით - მატჩში საშუალოდ 5-მდე ყვითელ ბარათს აჩვენებს, რის გამოც მისი გვარი ხშირად ხვდება საფეხბურთო მიმოხილვებში. შესაბამისად, საინტერესო იქნება მატჩის შემდეგ, ილაპარაკებს თუ არა, კორღალიძე მსაჯობაზე, რომელზე ლაპარაკიდანაც დღეს თავი შეიკავა.
„ვცდილობ, მსაჯებზე ხმა არ ამოვიღო, მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები არის. მეც მაქვს შეცდომები და ისინიც ადამიანები არიან. ვფიქრობ, შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, წარსულზე გამოკიდებას, სჯობს აწმყოსა და მომავალზე ვიფიქროთ", - ამბობს „კორღალა".
ხვალ, 26 ნოემბერს, მიხეილ მესხზე, „იბერია 1999"-სა და „ხეტაფეს" შორის, მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. უეფა-ს კონფერენს ლიგის სამი ტურის შემდეგ ქართულ გუნდს, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ქულა აქვს, თუმცა, ისევე, როგორც მის მეტოქეს.





ჩვენ







