
დღეს ქალთა ლიგის დასკვნითი ეტაპის მე-10 ტური გაიმართა. ტური, რომელმაც საბოლოოდ დაადგინა, თუ 2027 წლის სეზონში რომელი კლუბები დაემშვიდობებიან მინიმუმ, ერთი წლით ქალთა შორის ძლიერთა ლიგას, რომელშიც ახალი სეზონიდან მედლებისთვის ბრძოლაში რვა გუნდი ჩაერთვება. მედლებისთვის მებრძოლ ოთხეულს კი, დღევანდელი ტურის შემდეგ, კიდევ ორი კალენდარული მატჩი ელით.
ქვედა ჯგუფში, სადაც 2026 წლის მეორე ეტაპზე სატურნირო ცხრილის მეექვსედან მეათე ადგილზე მყოფი გუნდები თამაშობდნენ ქუთაისის „მართვემ" გაიმარჯვა. საქართველოს ქალთა ლიგის პირველმა გამარჯვებულმა და ორგზის ჩემპიონმა ქვედა ჯგუფში ყველაზე მეტი 55 ქულა დააგროვა და ჯგუფიც მოიგო. დღევანდელ, მე-10 ტურის და ამ ჯგუფისთვის ბოლო შეხვედრაში, ქუთაისელებმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში თბილისის „ელიტას" უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა მე-7 წუთზე, ანასტასია ხანთაძის სწრაფი გოლით გახსნეს. მე-15 წუთზე ქუთაისელთა გამოცდილმა მოთამაშემ მანონი საღარაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში საღარაძემ (60') დუბლიც გაიფორმა, რომელმაც საბოლოოდ 22 გოლოთ დაასრულა სეზონი, რაც ქუთაისელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, თავი ლიზი ცაავამაც გამოიჩინა. ამ შეხვედრაში სტუმართაგან პრესტიჟის გოლი 56-ე წუთზე ნინო აბულაძემ გაიტანა. „მართვემ" ქალთა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, აი, „ელიტა" კი, მინიმუმ ერთი წლით დაქვეითდა.
შესაძლოა, სეზონის დასაწყისში ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ქალთა ლიგის დებიუტანტი „თეთრიწყარო", აღნიშნულ ლიგაში მოთამაშე სტაჟიანი გუნდებისთვის სერიოზული თავსატეხი იქნებოდა. თუმცა, „თეთრიწყარომ" სეზონში კარგად დაგვამახსოვრა თავი და საბოლოოდ, ქვედა ჯგუფში „მართვეს" შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა, რაც იმის მაუწყებელია, რომ 2027 წელს, თეთრიწყაროელები ქალთა ლიგაში ითამაშებენ. დღეს კი, მათ, გასვლით შეხვედრაში, ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე, „რაჭა 2020" დიდი ანგარიშით, 0-9 დაამარცხეს. გოლების ათვლა გამოცდილმა ლანა გორგაძემ დაიწყო, რომელმაც პირველი გოლი, მე-12 წუთზე გაიტანა, თამაში (32', 72', 87', 89') ხუთი, ხოლო სეზონი 13 გოლით დაასრულა. რაც შეეხება „რაჭა 2020", მან ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ერთი ლიგით დაქვეითდა.
ერთი ლიგით დაქვეითდა სოხუმის „დინამო", რომელიც ძლიერთა ლიგაში 2026 წლის სეზონში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ერთი წლით ადრე ქალთა ლიგა 2 მოიგო. თუმცა, შავი ზღვისპირა გუნდმა ძლიერთა შორის ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა. 41 ქულა დააგროვა და ბოლოდან მესამე ადგილით დაასრულა ჩემპიონატი. დღევანდელ შეხვედრაში, დინამოელებმა თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში 5-1 წააგეს „ვერესთან", რომელმაც თავის მხრივ, ქალთა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ანგარიში მე-18 წუთზე ნინი ბერიძემ გახსნა. ამის შემდეგ სესილი გაბრელიანმა (24', 32', 46') ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამით საკუთარ გუნდს ბოლო ტურში თამაშის მოგებაში დაეხმარა. 68-ე წუთზე კიდევ ერთხელ აიღეს კარი ვერელებმა, ამჯერად, ანი გაგლოშვილმა გაიტანა. აი, 77-ე წუთზე კი, პრესტიჟის გოლი, მარიამ გოგოლაძემ გაიტანა. „ვერამ" კი, ძლიერთა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
აქვე გეტყვით, რომ 2027 წლის სეზონში, ქალთა ლიგაში, ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებული გუნდი დაემატება. ერთი ტურით ადრე, ქვედა ლიგას თბილისის „ნორჩები" ლიდერობდნენ.
რაც შეეხება ქალთა ლიგის ზედა ჯგუფს, აქ, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. დღევანდელი, მე-10 ტურის შემდეგ კი, ამ ჯგუფს 78 ქულით მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსო" ლიდერობს, რომელმაც დღეს თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში მშრალი ანგარიშით, 0-5 დაამარცხა კიდევ ერთი თბილისური კლუბი „კვარტალი". გამარჯვებულთაგან, გოლები კლუბის ლეგიონერებმა გაიტანეს ქეითი გოდენმა (13', 67'), სოლანჟ კარვალიაშმა (28', 47') და თაიზამ 77-ე წუთზე. ჩემპიონატის დასრულებამდე, ორი ტურით ადრე „კვარტალი" 28 ქულით მე-4 ადგილზეა, თუმცა, თბილისურო კლუბს ერთი, გადადებული შეხვედრა ელის „ბათუმთან".
დღევანდელ მე-10 ტურში კი, „ბათუმმა", ჯონი ბაკურიძის სახელობის სტადიონზე მარცხი იწვნია „ლანჩხუთთან". ანგარიში სწრაფი გოლით ნინო ბუხრიკიძემ გახსნა (6', 83'), რომელმაც თამაშის მიწურულს დუბლიც გაიფორმა. პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა ეთერ სულაშვიმაც (16', 43'), 77-ე წუთზე კიდევ ერთი გოლით გაზარდა თავისი პირადი შედეგი ნათია დანელიამ, რომელსაც ორი ტურით ადრე, მომდინარე ქალთა ჩემპიონატში, ყველაზე მეტი, 49 გოლი აქვს გატანილი. მატჩის მიწურულს კი, მეტოქის კარი, გამოცდილმა ნინო პასიკაშვილმაც გაიტანა. „ლანჩხუთს" ორი ტურით ადრე, ზედა ჯგუფში 72 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან.
ქალთა ლიგის ბოლოს წინა, მე-11 ტური 5 დეკემბერს არის ჩანიშნული.





ჩვენ







