საქართველოს ეროვნული ბერძნებთან სპარინგისთვის უკვე ათენში ემზადება, ჯერ თოკოს გარეშე
საქართველოს ეროვნული ბერძნებთან სპარინგისთვის უკვე ათენში ემზადება, ჯერ თოკოს გარეშე
24.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში, ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარული მატჩის წინ, რომელსაც 26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს პირველად ივარჯიშა.


ათენში, OAKA-ს ოლიმპიურ დარბაზში, სადაც მომავალი მატჩია ჩანიშნული, ეროვნული 25 ნოემბერს ივარჯიშებს. დღეს კი,  აეკ-ის „SUNEL არენაზე" ქართველთა თბილისიდან გამგზავრებულ შემადგენლობას ლეგიონერებიც დაემატნენ და შესაბამისად, გუნდმა 13 მოთამაშის შემადგენლობით ითამაშა, რომელთა შორის იყვნენ ჩვენი ლეგიონერებიც: რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, მარკის რიდი, გიორგი კორსანტია, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი და საბა გიგიბერია.


ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდში, ამავე წყაროზე დაყრდნობით, დღევანდელ ვარჯიშზე იყო ყველა, კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გარდა, რომელიც ეროვნულს მატჩის დღეს, 26 ნოემბერს შეუერთდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ თამაშებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ეხმარებიან.


თავის მხრივ, დანაკლისი აქვთ ბერძნებსაც. ათენის OAKA-ს ოლიმპიურ დარბაზში (რომელსაც ამჟამად ოფიციალურად Telekom Center Athens ეწოდება) და დაახლოებით 18,500-19,000 მაყურებელს იტევს, საქართველოს ეროვნულთან მომავალ მატჩში, მთავარი გამთამაშებელი ნიკ კალატესი, NBA-ს ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო და ევროლიგის სხვა წამყვანი კალათბურთელები - მათ შორის კოსტას სლუკასი, ტომას უოლკაპი და გიორგიოს პაპაიანისი  ვერ დაეხმარებიან. ყველაზე ბოლო მომენტში, ბერძნებს 18 კაციანი სიიდან გამოცდილი გამთამაშებელი ნიკ კალატესი, საბერძნეთის ჩემპიონატში მიღებული ტრავმის, ტერფის მწვავე ტკივილის გამო გამოაკლდათ და დაახლოებით 10 დღეს გამოტოვებს.


ამრიგად, ამ დანაკლისის ფონზე, ბერძნებისთვის, საქართველოს ნაკრებთან პრინციპული დაპირისპირება მოუწევთ, რადგან ამ მომენტში სატურნირო ცხრილში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნებზე მაღლა არიან. ეს კი იმის ფონზე, რომ ამ გუნდების 7 დაპირისპირებაში, საქართველოს არც ერთ შეხვედრაში არ აქვს გამარჯვება მოპოვებული. უკანასკნელ სპარინგში (იხილეთ დეტალები ბმულზე), 2025 წლის 31 აგვისტოს კი, ფიბა-ს ევრობასკეტის ფარგლებში ბერძნებმა 41 ქულით, 53-94 მოგვიგეს. ასე, რომ რევანშის დრო კი არის, თუმცა, რამდენად მოახერხებს ჯიკიჩის ფორმაციის ეს ნაკრები ამის გაკეთებას, დრო გვიჩვენებს.