აშშ-სთანაც რეკორდით!
აშშ-სთანაც რეკორდით!
22.11.2026
ავტორი: რაგბის კავშირი


ბორჯღალოსნებმა 2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასის დასკვნით შეხვედრაში აშშ-ს 38-10 სძლიეს, შედეგად როგორც ტურნირი, ასევე წელიწადი, გამარჯვებით დახურეს.


ეს იყო ამ გუნდების მე-9 დაპირისპირება და საქართველომ "არწივებთან" დადებითი ბალანსი გააუმჯობესა - ექვსი თამაში ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. ჩვენმა გუნდმა ამ მეტოქესთან ზედიზედ მახუთე გამარჯვება გაიფორმა, თანაც ყველაზე დიდი სხვაობით. აქამდე აშშ 15 ქულის სხვაობით 2023 წელს გვყავდა დამარცხებული, ახლა კი ეს მაჩვენებელი 28 ქულამდე გაიზარდა.


ამრიგად, პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით, გუნდმა ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშიდან თამაშამდე იგრძნობოდა გაუმჯობესება და ნოემბრის კამპანიისას ბორჯღალოსნებმა სამივე თამაში რეკორდული სხვაობით მოიგეს - კანადასთან, ტონგასთან და აშშ-სთან.


ისე მოხდა, რომ ერთა თასის დასკვნით მატჩს საქართველოც და აშშ-ც ჩემპიონის რანგში შეხვდნენ. მათ ანგარიშზე 5-5 გამარჯვება იყო, სატურნირო ცხრილში თავ თავიანთ ჯგუფს 24-24 ქულით ლიდერობდნენ და მდევრებისთვის მიუწვდომლები იყვნენ. ორივე გუნდმა იცოდა, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ კუთვნილ თასს ჩაიბარებდა, თუმცა რა თქმა უნდა ორივეს სურდა წლის და ტურნირის გამარჯვებით დასრულება და ეს საქართველომ მოახერხა, თანაც სრული დომინაციით.


ბორჯღალოსნებმა ჯამში გაიტანეს 6 ლელო, რომელთაგან ორ-ორი ლუკა ივანიშვილისა და აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, თითო თითო კი გიორგი შველიძემ და დაჩი პაპუნაშვილმა მიითვალეს. ბორჯღალოსანთა მონაგარს 4 გარდასახვით 8 ქულა შემატა ლუკა მატკავამ.


განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ტაბუცაძის წყვილი ლელო. მან ბორჯღალოსნების კვართით 66-ედ ითამაშა და საკუთარი ლელოების მონაგარი 58-მდე გაზარდა, რითაც ყველა დროის საუკეთესო მელელოვეთა შორის მეხუთე ადგილზე ერთპიროვნულად გადაინაცვლა, მე-4 პოზიციაზე მყოფ უელსელ შეინ უილიამსს ორი ლელოთიღა ჩამორჩება, პირველ ადგილს კი 11 ლელო აშორებს.


აშშ-სთან თავისი 50-ე კეპი მოიხვეჭა ბექა გიგაშილმა, ვასილ ლობჟანიძემ ბორჯღალოსნების კვართით 110-ედ ითამაშა, ხოლო კოტე მიქაუტაძემ 92-ე კეპი მოიხვეჭა და ცენტურიონობას უახლოვდება.



აშშ 25 წუთში გავტეხეთ


თამაშის დღეს გაწვიმდა და ამინდმა მატჩის მსვლელობას თავისი ხელი დაატყო. ხშირი იყო ბურთის ვარდნა და შერკინებები, სადაც ბორჯღალოსნებმა საწყისი 20 წუთის შემდეგ სრული დომინაცია მოიპოვეს. მანამდე, დაშვებული შეცდომების გამო, ანგარიში მე-20 წუთამდე არ გახსნილა.


თორნიკე კახოიძის სინბინის შემდეგ, საქართველო მე-15 წუთზე 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩა, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ტაიმის შუაში ჯარიმით ანგარიში გახსნეს. თითქოს ამას ელოდნენო, ბორჯღალოსნები მყისიერად გააქტიურდნენ, აშშ მისსავე შერკინებაში დააჯარიმეს, 5-მეტრიანი დერეფნიდან მორკინალებით შეუტიეს და ლუკა ივანიშვილმა 27-ე წუთზე საქართველოს და თავისი პირველი ლელო შეიტანა. ტაიმის ბოლოს, მატკავას ფეხით თამაშის შემდეგ სტუმრებმა საკუთარ 22-ში ბურთი ვერ აიღეს, მას ფეხი დავით ნინიაშვილმა წაკრა და გიორგი შველიძეს ლელო გაატანინა, მატკავამ კი ორივე გარდასახა და ტაიმი 14-3 დასრულდა.


შესვენების შემდეგ მასპინძლების დომინაცია უფრო თვალსაჩინო გახდა, 47-ე წუთზე, მატკავას კარგი მოძრაობებისა და გელა აფრასიძის ფეხით გადაკიდების შემდეგ, აშშ-ს 22-ში სიტუაციაში ყველაზე კარგად ივანიშვილი გაერკვა და თავისი მეორე ლელო დაამიწა. 54-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა ხელდახელ შეტევა თავისი ნახევრიდან წამოიწყეს, საჰაერო ბრძოლა ტაბუცაძემ მოიგო, ივანიშვილმა მარჯვენა ფრთაზე ნინიაშვილს შეატევინა, რომელიც ორ მბოჭავს გასცდა და ლელოში ტაბუცაძე შეუშვა.


მეორე ტაიმის შუაში კონტრშეტევა კვლავ ჩვენი ნახევრიდან წამოვიწყეთ, ბექა საღინაძემ მარცხენა ფრთაზე ხაზი გაჭრა, ბოლო მცველის აყვანის შემდეგ ბურთი დაჩი პაპუნაშვილს გაატანა და მანაც ლელომდე 50 მეტრი ირბინა. 65-ე წუთზე, ბექა გიგაშილმა მეტოქეს რაქში ბურთი ამოაცალა და ის ნინიაშვილს გაატანა, კახოიძისა და შველიძის გავლით, ოვალი ტაბუცაძემდე ჩავიდა, რომელმაც 40 მეტრი დაფარა და საქართველოს ნაკრების მეექვსე ლელო გაიტანა. მატკავამ ოთხიდან ორი გარდასახვა გამოიყენა.


სტუმრებმა ერთადერთი საპასუხო ლელო ამის შემდეგღა გაიტანეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. საქართველომ აშშ რეკორდული სხვაობით, 38-10 დაამარცხა, მატჩის დასრულების შემდეგ კი, დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. თასი საკუთარი ჯგუფის მოგებისთვის ჯერ სტუმრებმა ჩაიბარეს, მერე კი მასპინძელმა საქართველომ, რომელმაც ექვსიდან ხუთი თამაში ბონუს-ქულით მოიგო და ჯამში 29 ქულით, ევროპა-აფრიკა-აზიის ჯგუფის გამარჯვებული და ზოგადად ერთა თასის საუკეთესო გუნდი გახდა!



მსოფლიო რაგბის ერთა თასი. VI რაუნდი

21 ნოემბერი. თბილისი. „მიხეილ მესხი". 8 000 მაყურებელი

საქართველო - აშშ 38-10 (14-3)


საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;


შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.


მარქაფა: 16. ლუკა გოგინავა, 17. გიორგი ახალაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. მიხეილ შიოშვილი, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. თორნიკე ჯალაღონია; 22. ვასილ ლობჟანიძე, 23. თედო აბჟანდაძე.


6 ლელო: ივანიშვილი (2), შველიძე, ტაბუცაძე (2), პაპუნაშვილი


4 გარდასახვა: მატკავა