
დღეს, ჰელსინკში ISU-ს გრან პრის 2026-2027 წლების სეზონის მე-5 ეტაპის დასრულდა. ქართული გუნდიდან ამ ეტაპზე ნიკა ეგაძე ასპარეზობდა. ფინეთის ეტაპი, Finlandia Trophy 2026, 20 და 21 ნოემბერს გაიმართა. ერთეულ კაცთა თანრიგში კი, ჩვენმა ნიკა ეგაძემ იასპარეზა, რომლისთვისაც ეს გრან-პრის მეორე ეტაპი იყო. თუმცა, ქართველმა მიმდინარე გრან პრის სეზონში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, რეალურად დაკარგა ფინალში მოხვედრის შანსი. შესაბამისად, ფინეთის ეტაპზე მის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა, ნიკა წინა ეტაპთან შედარებით სტაბილურად გამოვიდა. მოკლე პროგრამაში 79.45 (42.87/37.58) ქულა აიღო და მე-4 ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში კი, 149.55 (74.49 /75.06) ქულით მე-6 ადგილს დაჯერდა. ორი პროგრამის ჯამში, ნიკამ 229.00 ქულით მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. აღსანიშნავია, რომ ეს ეგაძის წინა წლებში ნაჩვენებ შედეგებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. იმედია, ნიკა ამ კრიზისს მალე გადალახავს და ყინულს და მის გულშემატკივარს მალე ჩვეულ ფორმაში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ფინალში მოსახვედრად, რომელიც წელს, დეკემბერში ჩინეთში გაიმართება. თითოეულ დისციპლინაში 6-6 წარმომადგენელი იასპარეზებს. მონაწილეები გრან-პრის 6 ეტაპზე საუკეთესო რეიტინგის მიხედვით ირჩევიან. ბოლო ეტაპის დასრულებამდე უკვე ცნობილია, რომ ზედიზედ მეორედ, გრან-პრის ფინალში ქართული სპორტული წყვილი, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იასპარეზებენ. ისინი 28 ქულით საერთო ჩათვლის ლიდერები არიან და ISU-ს ოფიციალური ცხრილის მიხედვით, ფინალის საგზური უკვე ოფიციალურად აქვთ განაღდებული.
ცეკვებში, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა ორივე ეტაპზე (საფრანგეთსა და ჩინეთში) ვერცხლის მედლები მოიპოვეს და 26 ქულა დააგროვეს. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად იაპონიის ეტაპის შედეგებს უნდა დაელოდონ, 26 ქულა ყინულზე ცეკვაში თითქმის ყოველთვის საკმარისია ფინალში მოსახვედრად. ექვსეულიდან ჩვენი წყვილის „ამოგდება", მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტოკიოში რამდენიმე კონკურენტი დუეტი ერთდროულად დააგროვებს 26 ან მეტ ქულას და ჯამური ტექნიკური ქულებითაც აჯობებს ქართულ წყვილს.
შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა, მთლიანად ტოკიოს ეტაპზეა დამოკიდებული ანასტასია გიბანოვა. ერთეულ ქალებში მოასპარეზე ანასტასიამ, რომელმაც საფრანგეთის ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიგო, თუმცა ჩინეთში, მხოლოდ მეექვსე იყო და არც თუ მსაჯების დახმარების გარეშე, დასკვნითი სერიის წინ 22 ქულით, საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზეა. იაპონელის გარდა, ამავე ეტაპზე იასპარეზებენ ექვსეულში მოხვედრის სხვა კანდიდატებიც. თუ ტოკიოში თუნდაც ორი სპორტსმენი დააგროვებს 22-ზე მეტ ქულას, გუბანოვა საუკეთესო ექვსეულს მიღმა დარჩება და დიდი ალბათობით, ის ფინალის პირველი ან მეორე სათადარიგო იქნება.
ამრიგად დაველოდოთ ბოლო ეტაპს და მოვლენების განვითარებას.





ჩვენ







