17-წლამდები ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში A ლიგაში იასპარეზებენ
17-წლამდები ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში A ლიგაში იასპარეზებენ
17.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა. ეს იყო მეორე და ბოლო მატჩი ჯგუფში, რომელშიც გიორგი ჩიტაურის გუნდმა ჯგუფის ლიდერის, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ფრედ, 1-1 ითამაშა.


აღსანიშნავია, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრები, სამ  გუნდიან ჯგუფში მოხვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ჩვენი ნაკრები მომდევნო ეტაპზე, A ლიგაში გააგრძელებდა ასპარეზობას. საერთო ჯამში, 2027 წელს, A ლიგაში 14 ჯგუფიდან 28 გუნდი ითამაშებს. წილისყრა კი, ნიონში 10 დეკემბერს გაიმართება.


დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში ქართველმა 17-წლამდებმა ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე გახსნეს. კუთხურიდან ბურთი ყაზახთა კარში თავით ანდრია ოჩიგავამ გადააგზავნა.


მატჩის მიწურულს კი, 87-ე წუთზე ალი სადირბაევმა წონასწორობის აღდგენა ასევე კუთხურის შემდეგ მოახერხა  და  გუნდს ქულა გადაურჩინა. საბოლოოდ, ყაზახებმა, ჯგუფში ყველაზე მეტი, 4 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.


აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდებმა, ავსტრიელ თანატოლებთან ფრედ, 0-0 ითამაშეს. შესაბამისად, ჩიტაურის გუნდმა, 2 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. ავსტრია კი, რომელიც ჯგუფის ფავორიტად მოიაზრებოდა,  ყაზახებთან დიდი ანგარიშით 0-7 დამარცხდა, დააგროვა 1 ქულა და მესამე ადგილს დასჯერდა. ავსტრიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ რაუნდში B ლიგაში იასპარეზებს.   



ფოტო: სფფ