ყველაზე უიღბლო ციკლი ეროვნულის ისტორიაში - B ლიგისთვის ფლეი-ოფში ვიბრძოლებთ
ყველაზე უიღბლო ციკლი ეროვნულის ისტორიაში - B ლიგისთვის ფლეი-ოფში ვიბრძოლებთ
18.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპი კოშიცეს სტადიონზე, შეიძლება ითქვას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ, შეხვედრის დაწყებიდან 57-ე წამზე დასრულდა. შესაბამისად, დასრულდა იმედიც, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ფლეი-ოფს ასცდებოდა და B ლიგაში ადგილს ისე შეინარჩუნებდა.


მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში რამაზ სვანაძის გუნდმა მატჩის განმავლობაში მოახერხა ინიციატივის ფლობა, მეტოქის საჯარიმო მოედანშიც ბევრად მეტი შეხება ჰქონდა ბურთთან, გუნდმა რეალური საგოლე მომენტები ვერ შექმნა, თუ არ ჩავთვლით ოთხ მომენტს მთელს თამაშში - მათ შესახებ ოდნავ ქვევით. ამას გარდა, ჩვენი გუნდის შეტევები, ბოლო ფაზაში სიმწვავეს მოკლებული იყო. თუმცა, სამწუხაროდ ისევე, როგორც ეს მთლიანად, ამ შესარჩევ ციკლში. ზოგადად, თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელ თამაშზე ვილაპარაკებთ, ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო, გოლი, რომელიც ვერა და ვერ გავიტანეთ. ვერც დღეს! ეს ის რეკორდია, რომლის გამეორება და უბრალოდ მასზე, ლაპარაკიც კი, მტკივნეულია.



საქართველოს ნაკრების ყველაზე სახიფათო მომენტები სტანდარტულების შემდეგ იქმნებოდა. ზოგადად, ჩვენმა გუნდმა მხოლოდ, კუთხური მოაწოდა 11-ჯერ. სწორედ, ერთ-ერთ კუთხურს, პირველ ტაიმში, დაახლოებით მე-18 წუთზე, მოჰყვა გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმა, რომელიც ხარიხამ აისხლიტა. ალბათ, ეს გოლი რომ გასულიყო, ან თუნდაც მომდევნო ეპიზოდში მსაჯს, ან თუნდაც VAR-ს გადაეხედა, უკრაინელთა საჯარიმოში აშკარა დარღვევა, 11-მეტრიანზე აუცილებლად დაფიქრდებოდნენ და ვინ იცის, თამაში როგორ განვითარდებოდა. პირველ ტაიმში შეეძლოთ გოლის გატანა გიორგი მიქაუტაძეს და გიორგი კვერნაძესაც, თუმცა, ორივე შემთხვევაში, კარგად ითამაშა უკრაინელთა კარის მცველმა დმიტრო რიზნიკმა. ისევე როგორც მეორე ტაიმში, კვლავ ჟორჟისთან დუელში და ზოგადად, მთლიანად მატჩში, ის, რომ ჩვენ ვერ გავიტანეთ, სწორედ რიზნიკის დიდი დამსახურებაა.


აი, უკრაინელებს, კი ორი მომენტის გარდა, ერთი პირველში და ერთიც მეორეში, რომელშიც გიორგი მამარდაშვილმა გამოჩინა თავი, რეალური არც არაფერი ჰქონიათ. ის ერთადერთი გოლიც, ჩვენების დაუდევრობას მოჰყვა - ზურიკო დავითაშვილის დაგორებული დანილო სიკანმა ჩაჭრა და „მამარდას" შანსი არ დაუტოვა. შეხვედრის ბედიც სწორედ, ამ გოლმა გადაწყვიტა. უკრაინა 1-0 მოიგო (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი).


უკრაინასთან შეხვედრის მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში  რამაზ სვანაძემ თამაშის საშუალება მისცა გიორგი მოისწრაფიშვილს, გიორგი მაისურაძესა და გიორგი გაგუას. ეს ამ ფეხბურთელების დებიუტი იყო.



საინტერესო დეტალი - უკრაინისა და საქართველოს შეხვედრას სლოვენიელი მსაჯები ემსახურებოდნენ. უბრალოდ, საინტერესოა, რა მორალით მოქმედებდნენ ისინი, რიგი გადაწყვეტილებების მიღებისას, როდესაც იდენტური დარღვევის მომენტში ჩვენებს აჯარიმებდნენ და მეორე მხარეს ატარებდნენ. თუმცა, ალბათ, ისევე, როგორც გაატარებენ (აქ მსაჯები არა, მატჩის დელეგატი, რომელსაც სხვაც ბევრი უნდა შეემოწმებინა - სარედაქციო შენიშვნა), მატჩის მიწურულს დანთებულ მაშხალებს, რომელიც უეფა-ს სანაკრებო გაიდლაინებში არ ჯდება და შესაბამისად, უკრაინელი ფანების ტრიბუნა უნდა დაისაჯოს. თუმცა, მატჩის საორგანიზაციო საკითხების შემხედვარემ - კარის უკან, ფოტოგრაფებისთვის არ იყო არანაირი სამუშაო გარემო შექმნილი, არ იყო ინტერნეტი.აი, დასაჯდომი სკამების სიმაღლე კი, იმ შემთხვევაში წაგადგებოდა, თუ ალექსანდრ სიზონენკო (1970-1980-იანი წლების უკრაინელი კალათბურთელი, 2.39 სმ სიმაღლე - სარედაქციო შენიშვნა) იქნებოდი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ნაკრების მასპინძელი ქვეყანა საომარ ვითარებაშია და მე-20 საშინაო შეხვედრა გამართა სტუმრად, ქართველები რის ქართველები ვართ, თუ მსგავს დეტალებზე თვალი არ დავხუჭეთ, მითუმეტეს, ქართული და უკრაინული ტრიბუნები თითქმის მთელი თამაშის მანძილზე, ერთმანეთის მხარდამჭერ შეძახილებს სკანდირებდნენ, შესვენებაზე კი, ქართული განდაგანაც ისმოდა უკრაინული შესრულებით. ასე, რომ ეს დეტალი დავწერე, მაგრამ უბრალოდ ფაქტად და სხვა ყველაფერი მესმის. აი, სლოვენიელი მსაჯების კი, რომლებსაც ვერ ვიტყვი, რომ დავალება ჰქონდათ, მაგრამ მუღამი, საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დაეტოვებინათ, არაფრით არ მესმის. მეორე მცდელობაზე, ლოჩოშვილს ნერვებმა უმტყუნა და სრულიად დამსახურებულადაც მიიწყო ბარათი, რომელიც მომენტალურად გაწითლდა და ახლა, „ლოჩო" ფლეი-ოფში დაგვაკლდება. არაჟურნალისტურია, მაგრამ იმედი მაქვს, სლოვენიას, ასეთი ცალმხრივი მსაჯობა, სადმე დაეწევა.



მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მედიასთან სალაპარაკოდ პირველი რამაზ სვანაძე გამოვიდა. თემას ცალკე სტატიაში დავუბრუნდებით. აი, „სვანას" შემდეგ, კი კოშოცე არენას მედია-სივრცეში უკრაინელთა თავკაცი, ანდრეა მალდერა შემოვიდა, რომელმაც ქართველთა თამაში შეაქო. აღნიშნა, რომ მოედანზე ნახა ძალიან კონცენტრირებული გუნდი, რომელიც თითოეული ბურთისთვის იბრძოდა და საგოლე მომენტებიც შექმნა. მალდერამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დონით არაფრითაა სუსტი უკრაინაზე ან უნგრეთზე და ზოგადად, ამ ჯგუფში, რომელიც საკმაოდ დაბალანსებული იყო, ყველას შეეძლო მოეგო ჯგუფი და აღმოჩენილიყო ბოლო ადგილზე.  


უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შეხვედრა მოიგო და შესაძლოა მალე შეცვალონ, საკუთარ ფეხბურთელებს ორი განსხვავებული ქულა დაუწერა: თავდადებისა და ენთუზიაზმისთვის 10, ხოლო უშუალოდ თამაშის ხარისხისა და შედეგისთვის 6.5 ქულა. ამას გარდა, იტალიელმა აღნიშნა, რომ აღიარა, რომ გუნდს ფსიქოლოგიურად ძალიან გაუჭირდა. მან თამაშს „ბინძური" (მძიმე, ბრძოლაზე აგებული) უწოდა და დასძინა, რომ შეხვედრა ესთეტიკური სანახავი არ ყოფილა, თუმცა უდიდესი წნეხის ფონზე ზოგჯერ სწორედ ასეთი მატჩების მოგებაა საჭიროო.



საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ფლეი-ოფში მოუწევს თამაში. მეტოქე 20 ნოემბერს გაირკვევა. ერთა ლიგის ფლეი-ოფში საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ბელარუსის, კვიპროსის, ფარერის კუნძულებისა და ესტონეთის ნაკრებები არიან.


ჯგუფის მეორე მატჩი, ჩრდილოეთ ირლანდიის და უნგრეთის ნაკრებებს შორის ფრედ, 1-1 დასრულდა. შესაბამისად, ერთა ლიგის B2 ჯგუფის გამარჯვებული ჩრდილოეთ ირლანდია გახდა, უნგრეთი კი A ლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფში ითამაშებს.



სპეციალურად კოშიცედან