
საქართველოს ეროვნულ ნაკრები 2027 წლის მარტში უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს. ვინმეს, მოსწონდა თუ არა ვილი სანიოლი, ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები B ლიგაში გადავიდა, აღნიშნავდა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მიზანი იყო, ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება და თავის დამკვიდრება. თუმცა, საქართველოში, როგორც წესი მსგავს მინიშნებებს არაფრად ვაგდებთ ხოლმე. და უფრო მეტი, ღრუბლებში ვიწყებთ ფრენას და მერე, იწყება პრობლემებიც.
არადა, იგივე თქვა ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ვილის წასვლის შემდეგ, გუნდში მთავარ მწვრთნელად მოსულმა რამაზ სვანაძემ, რომლის სახელსაც, ახლა, იგივე საზოგადოება, რომელიც ახალგაზრდული ევრო 2025-ის შემდეგ, სწორედ, სვანაძეს ითხოვდა, ნაკრების სათავეში, თუმცა, ითხოვდა კი არა, მოითხოვდა ეროვნული ნაკრებში, ახლა, ერთ თვეში უნდათ გუნდის „ფსიქოლოგიის" შეცვლა, რომელიც რამდენიმე წელი ყალიბდებოდა და რომელსაც, რომ ახალი მწვრთნელის ხედვებთან თანხვედრაში მოვიდეს, აშკარად დრო სჭირდება. დრო კი, თუკი, B ლიგაში ადგილის შენარჩუნება გვინდა, აშკარად, ბევრი არ გვაქვს, თუმცა, საკმაოდ იმისთვის, რომ შეცდომები გამოსწორდეს.
„გარწმუნებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჭაობში არ დაეშვება. მარტში გვექნება ფლეი-ოფი, რომელსაც საქართველოს ნაკრები დაძლევს. იმიტომ, რომ კეთდებოდა ამისთვის ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. ჩვენ ვთამაშობთ B დივიზიონს, არ ვიყავით მზად A დივიზიონისთვის. ესეც, ხომ უკვე ფაქტია? თუმცა, ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ B დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ და ეტაპობრივად გავზარდოთ ხარისხი.
ერთი თვეა გუნდთან ვმუშაობ. ძალიან კარგად ვიცოდი, თუ სად მოვდიოდი, რადგან მერვე წელია ერთად მოვდივართ. ამ რვა წლის განმავლობაში ერთად ვიყავით მეც და ყველა იმ დიდი წარმატებების, რაც ქართულ ფეხბურთს ჰქონია. ახლა, ერთად ვართ ამ კრიზისის მონაწილეები. ამიტომ, მე ყველაფერს გავაკეთებ და ყველა გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პერიოდი დავძლიოთ, კრიზისების დაძლევის გამოცდილება ნამდვილად გვაქვს. ეს ტვირთი, რეალურად, ჩემზე მოდის, მე უნდა ვზიდო, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა შეგვიძლია. რაზეც ვმუშაობთ, ის თუ შესრულდება, გარწმუნებთ, რომ მარტიდან ნახავათ, აბსოლუტურად განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს, რომლის ნახვაც ყველას ერთად გვინდა", - ამბობს რამაზ სვანაძე, მატჩის დასრულების შემდეგ, კოშიცეს სტადიონის საპრესკონფერენციო ოთახში.
დღეს, უკრაინისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის 57-ე წამზე, ჩვენი ფეხბურთელების შეცდომის გამო, გაშვებულმა გოლმა, რომელმაც რეალურად დარჩენილი 89 წუთის შინაარსი განაპირობა, დიახ განაპირობა, რადგან ფრეზე, მსაჯებიც, ცოტა სხვანაირად განსჯიდნენ. თუმცა, ესეც ერთი დეტალია, რომელზეც პირველად, არც მედიამ დასვა კითხვები და საკითხავი კი, ნაღდად იყო და არც ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილაპარაკა. რამაზ სვანაძემ, ვიდრე კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდოდა, მცირე შესავალი გააკეთა და ფაქტიურად, პრეს-კონფერენციის თემატურ მსვლელობასაც მისცა მიმართულება.
„ვფიქრობ, თამაშზე საუბარს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკა იყო, ახლა უფრო მეტი იქნება, ეს კრიტიკა უნდა მივიღო, რადგან როდესაც საქართველოს ნაკრებს ასეთი სერია აქვს, ამის შემდეგ, ვთვლი, რომ კონკრეტულად, ერთ თამაშზე საუბარი ნაკლებად არის მიზანშეწონილი. ვთვლი, რომ დამთავრდა ერთი ციკლი და ვთვლი, რომ უკვე, საჭიროა „ქირურგიული" ჩარევა, რადგან მარტიდან ვიყოთ სხვა გუნდი, სხვა შემართებით, სხვა მენტალობით. პირველ რიგში იმ განცდით, წარსულის მიღწევებისთვის ყველას მადლობა, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ფეხბურთი არის დღეს, არის ხვალ. კრიტიკა ჩვენს მიმართ გასაგებია, რადგან გულშემატკივარს აინტერესებს შედეგი და ის, თუ რა ფაქტი დადგა. არ გვინდოდა არავის, თუმცა, დავდექით რეალობის წინაშე - ყველაფერი თავიდან გვაქვს დასაწყები", - ამბობს სვანაძე.
სხვათა შორის, როდესაც კოშიცეს მედია სივრციდან, პრეს-კონფერენციებს შორის სვანაძის ეს შესავალი სოციალურ ქსელში დავპოსტე და შემდეგ, ხსენებულ პრეს-კონფერენციას ბოლომდე ვუსმინე და შემდეგ, უკრაინელებისასაც დავესწარი, საზოგადოების ნაწილი, სიტყვა „ქირურგიას" ჩააფრინდა, თან ისე, რომ სრული პრეს-კონფერენციის ხილვაც კი არ ისურვა, რომელიც დაახლოებით ერთ საათში ავტვირთე სოციალურ ქსელში (იხილეთ ბმული). ამიტომ, აქ გადავწყვიტე ცოტა გადამეხვია და სკოლაში ნასწავლი (ყოველ შემთხვევაში ზოგიერთის ასაკიდან გამომდინარე, ყველა ვარიანტში იყო პროგრამაში შეტანილი) მეტაფორული ნათქვამების შესახებ შემეხსენებინა - „ქირურგიული ჩარევა", მეტაფორულად ნიშნავს პრობლემის გადაჭრის მაქსიმალურად ზუსტ, წერტილოვან და მიზანმიმართულ მეთოდს, რომელიც მხოლოდ დაზიანებულ ნაწილს ეხება და გარშემო არსებულ გარემოს უვნებელს ტოვებს. იმედია, უფრო ცივ გონებაზე, დეტალებზე რამაზ სვანაძე უფრო ვრცლად ილაპარაკებს. თუმცა, დღეს, პრეს-კონფერენციის მსვლელობისა, „სვანას" მაინც ჰკითხეს, რა იგულისხმა „ქირურგიაში".
„არ მიგულისხმია, არც ერთი ინდივიდი, როდესაც ვსაუბრობ ქირურგიულ ჩარევაზე, ეს არის მთლიანი ცვლილება საფეხბურთო, ფსიქოლოგიური, მენტალური, ყოველდღიური, არა მხოლოდ შეკრებაზე - ცვლილება ყველაფრის, როგორც მე წარმომიდგენია. დანარჩენი, ვცდილობთ, რომ შევიცვალოთ, დაწყებულია მუშაობა და მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მენტალური მხარე. ყველაზე დიდი „ქირურგიული ჩარევა" მოხდება სწორედ, ამ მიმართულებით. იმას გარდა, რომ სხვა საფეხბურთო საკითხებზე და კომპონენტებზე, რა თქმა უნდა ვმუშაობთ და ვიმუშავებთ.
აქ არ არის კონკრეტულად ფეხბურთელებზე საუბარი. ეს არის, მენტალური მხარე ამ ყველაფრის და ყველა ის ფეხბურთელი ვინ ამ მენტალურ მხარეს არ დააკმაყოფილებს, ჩემს გუნდში აღარ იქნებიან. არ არის ლაპარაკი კონკრეტულ ფეხბურთელზე, ლაპარაკია ზოგად მიდგომებზე, რომელიც აუცილებლად სჭირდება გუნდს", - ამბობს სვანაძე.
ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელიც არ მალავს რომ გუნდის ცხოვრებაში კრიზისია, მიაჩნია, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და პრობლემას მენტალურ მხარეში ხედავს - „რომელიც არ უხდება დღევანდელ ფეხბურთს"-ო. სვანაძემ არ დააკონკრეტა ფეხბურთელები, თუმცა, თქვა რომ გუნდს დასაბრუნებელი აქვს ერთიანობა გულშემატკივართა, რომელიც თამაშიდან-თამაშამდე ტრიბუნებს დააკლდა.
„ძალიან კარგად ვიცი, მეც ქართველი ვარ. ვიცი ქართული ხასიათი და ისიც, თუ როდის მოდის გულშემატკივარი სტადიონზე. ქართველი გულშემატკივარი, თამაშებზე დადის მაშინ, როდესაც არის კარგი პერიოდი, როდესაც გუნდი იგებს თამაშებს. ეს ოდითგანვე ასე იყო, და ასე დარჩება ყოველთვის. ჩვენ ვალდებული ვართ, ვუპასუხოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და გულშემატკივრის რეაქციას. ვუპასუხოთ, ჩვენი კარგი თამაშით და იმ ერთიანობით, რომელიც, სიმართლე გითხრათ შეინიშნებოდა ამ შეხვედრაზე. თუნდაც, განსხვავებით წინა შეკრებიდან, მაგრამ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი თამაშები არ წაგვეგო, რომლებიც მარტივად შეგვეძლი არ წაგვეგო. თუ, მაინც დღევანდელ შეხვედრას ჩავუღრმავდებით, პირველ ტაიმში, თუ ვინმეს გოლი უნდა გაეტანა საქართველოს ნაკრები იყო. სამწუხაროდ, გვაკლდება დეტალი, რაც იმის ნიშანია, რომ თითოეული ჩვენგანი ვაკლებთ რაღაცას. სამომავლოდ, ამ დეტალებმა ჩვენ არა, ჩვენი მოწინააღმდეგე უნდა დააზიანოს. ამიტომ, ერთიანობა აუცილებელია", - ამბობს სვანაძე.
ისე, როდესაც არის „კარგი პერიოდი" ჟურნალისტებიც ძალებს არ იშურებენ და სპონსორებიც უფრო მეტად იკრავენ ხოლმე ჯიბეზე ხელს, რომ თავისი ლოგო სადმე გამოჩნდეს და შემდეგ ამაზე ილაპარაკონ და ქულები ჩაიწერონ, თუმცა, ამჯერად ასე არ იყო - ბუდაპეშტში, უნგრეთთან მარცხის შემდეგ, უკვე ბევრს ხელი ჰქონდა ჩაქნეული - „აზრი აღარ აქვს და რატომ უნდა წამოვიდეთო", როდესაც გულშემატკივრის სტადიონზე მისვლა-არმისვლაზე ვლაპარაკობთ, ალბათ, მაინც იმ ხალხიდან უნდა დავიწყოთ „გამოსწორება", ვისაც ფეხბურთელებთან ერთად, სტადიონებზე გულშემატკივრის მოზიდვა ევალება - მაშინაც კი, თუკი, კრიზისია. დღეს კი კოშიცეში ქართული მედიის მხოლოდ რვა წარმომადგენელი ვიყავით და არც ერთი მათ შორის ქართული ტელევიზიებიდან - ეს ჩემი მცირე გადახვევა კოლეგებთან მიმართებაში. ამიტომ, მადლობა ყველას ვინც საკმაოდ გრძელი გზა გამოიარა, რამდენიმე გადაჯდომით და დღეს სტადიონზე იყო.
უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის დაწყებამდე, რაღა დაგიმალოთ და პირადად მე მეგონა, რომ ჯგუფში ყველაზე ცოტა მეორე ადგილს დავიკავებდით. ასე ფიქრის საბაბიც მქონდა, ქართველი ლეგიონერების დიდი ნაწილის კლუბები, იქ გატანილი გოლები თუ, საგოლე გადაცემები, ახალი, თუმცა ბევრი ფეხბურთელისთვის კარგად ნაცნობი მთავარი მწვრთნელი (ეს, ოდნავ უფრო მოგვიანებით), რომელსაც თუნდაც ასე, ფორს-მაჟორში მოსულს, ხანგრძლივი „აკლიმატიზაცია" და ფეხბურთელების გაცნობაზე დიდი დრო არ დასჭირდებოდა. თუმცა, მოხდა აბსოლუტურად საპირისპირო, თან ისე, რომ 6 თამაშში გოლი ვერ გავიტანეთ (!) - ამით კი, 2013 წელს თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში ოთხ თამაშიანი „მშრალი" სერიაც კი, უკან ჩამოვიტოვეთ.
„ექვსი თამაშია გოლი არ გაგვიტანია. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არ არის ნორმალური. ამის ახსნა არ მაქვს. გასათვალისწინებელია ის, რომ როდესაც გუნდის შენება იწყება, იწყება ბურთის ფლობიდან. ნელ-ნელა უნდა დაიხვეწოს ის მომენტები, პლიუს დაგვიბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები და ის ხარისხი მოგვემატება, რომელიც ძალიან გვჭირდება. განსაკუთრებით დამამთავრებელ ფაზაში", - ამბობს სვანაძე.
6 დეკემბერს, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის წილისყრაა. შესარჩევ ეტაპზე მოასპარეზე 54 გუნდში საქართველო, უეფა-ს ბოლო რეიტინგის მიხედვით, მე-3 კალათში აღმოჩნდა. ერთი რაც ვიცით, მომდევნო შესარჩევში, არ ნაკრებები. თუმცა ვიცით, რომ შესაძლოა შეგხვდნენ ესტონეთის, ბელარუსის, ფარერის კუნძულებისა და კვიპროსის ნაკრებები მაგალითად, მე-5 კალათიდან, რომლებთანაც, 2027 წლის ივნისამდე, როდესაც ევრო 2028-ის ჯგუფური ეტის თამაშები ჩაინიშნება, რამდენიმე თვით ადრე, დასახელებულ ნაკრებთაგან ერთ-ერთთან, უკვე გვექნება გარკვეული უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფში მომავალი სეზონის B/C ლიგების ამბები. 20 ნოემბერს, წილისყრაზე, სწორედ ამ ოთხი გუნდიდან დაგვიწყვილდება მეტოქე, რომელსაც სახლი-გასვლის პრინციპით, ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში, მარტში (აი ძალიან, რომ გვიყვარს თამაში და მოგება) გადავეკვეთებით. 6 დეკემბრის თემას, თარიღთან მოახლოებისას დავუბრუნდებით. მანამდე კი, კვლავ დღევანდელ თამაშს და უფრო, მოედნის მიღმა განვითარებულ მოვლენებს დავუბრუნდეთ, ფეხბურთელებს გასახდელში და ტრიბუნას, რომელიც შედეგიდან გამომდინარე ადეკვატურია.
„ძალიან გვჭირდება ერთიანობა, ერთად დგომა ყველას. შეცდომები, ჩვენს პროფესიაში ჩვეულებრივი ამბავია. ეს ეხება ყველას, როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელებს. არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. თუმცა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. მთავარია, რომ ჩვენ თავიდან დავიწყოთ გუნდის შენება, რომლის კონტურები უკვე არსებობს. იმ გუნდის შენება, რომლითაც ყველა იამაყებს.
გასახდელში ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. დეტალებს აქ არ განვიხილავთ. თუმცა, შინაარსით და პათოსით, პრინციპში იგივე ლაპარაკი გვქონდა. ვთანხმდებით, რომ ყველაფერი უნდა დავიწყოთ თავიდან, დავიწყოთ ნულიდან და დავიწყოთ ისეთი შემართებითა და ანთებული თვალებით, როგორც ვიყავით, ვიდრე იქნებოდა ის წარმატება, როგორიც იყო ქართულ ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატს ვგულისხმობ რა თქმა უნდა. გვჭირდება ისევ ის განწყობა", -ამბობს სვანაძე.
როდესაც ამ სტატის ვწერ, თბილისში, ალბათ უკვე რიჟრაჟია. სლოვაკურ კოშიცეში კი, შემოდგომისთვის დამახასიათებლად წვიმს. სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს რომ ეს წვიმა, უკვე დასრულებული შესარჩევი ეტაპის ყველა ნაკვალევსა და ნაიარევს წაშლის და ჩვენი ნაკრები, გულშემატკივართან ერთად, აუცილებლად დაბრუნდება წარმატებულ გზაზე.
აქვე გთავაზობთ უეფა-ს ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის წილისყრის წინ, რომელიც ბელფასტში გაიმართება, კალათებში ნაკრებების გადანაწილებას:
პირველი კალათა - ინგლისი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი, იტალია, ნორვეგია, ხორვატია;
მეორე კალათა - უელსი, სერბეთი, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, უნგრეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ირლანდია;
მესამე კალათა - შოტლანდია, უკრაინა, კოსოვო, პოლონეთი, რუმინეთი, ისრაელი, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია და სლოვაკეთი
მეთხე კალათა - ესტონეთი, ბელარუსი, ფარერის კუნძულები, კვიპროსი, ფინეთი, მოლდოვა, სომხეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლატვია სან-მარინო;
მეხუთე კალათა - მალტა, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი.
სპეციალურად კოშიცედან





ჩვენ







