სანაკრებო პაუზის შემდეგ: ქართველი ხელბურთელების მონაგარი ევროპულ ლიგებში
სანაკრებო პაუზის შემდეგ: ქართველი ხელბურთელების მონაგარი ევროპულ ლიგებში
16.11.2026
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ჩვენი ლეგიონერები საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ და მორიგი ტურის შეხვედრები გამართეს. გთავაზობთ მიმოხილვას ყველაზე გამორჩეული მატჩების შესახებ.


საფრანგეთი


სტარლიგაში მოთამაშე ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლემ" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. ქართველი ხელბურთელის გუნდმა „კაენს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად, 9-ბურთიანი სხვაობით, 38-29 დაამარცხა. არსენაშვილის მონაგარი ორ გოლში აისახა.


წარუმატებელი გამოდგა მეათე ტური ნიკოლოზ კალანდაძის „ექს-ან-პროვანსისთვის", რომელმაც „პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლა და 26-37 დამარცხდა. მიუხედავად გუნდის მარცხისა, ქართველმა ლეგიონერმა კარგი მატჩი ჩაატარა - 4 ბურთი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


ხორვატია


ხორვატიის პრემიერლიგაში მნიშნელოვანი ამბავი მოხდა - გამოჩნდა გუნდი, რომელმაც „ზაგრების" წაუგებელ სერიას წერტილი დაუსვა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისთვის მეცხრე ტური წარუმატებელი აღმოჩნდა: გიორგი ცხოვრებაძის გუნდი „ნექსესთან" გასვლით შეხვედრაში 30-35 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ქართველმა ლეგიონერმა აქტივში 5 გოლი ჩაიწერა.


რუმინეთი


„პოტაისა ტურდამ", რომლის ღირსებასაც ირაკლი კბილაშვილი და თეიმურაზ ორჯონიკიძე იცავენ, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „ბუზეუს" ეწვია და დაძაბულ მატჩში 32-34 დამარცხდა. კბილაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია, ორჯონიკიძემ კი გუნდს ერთი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა შემატა.


ამავე ტურში ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანტა" სტუმრად „ბაია მარესთან" 26-29 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერისთვის ეს მატჩი უშედეგო გამოდგა.


პოლონეთი


სუპერლიგის მეცხრე ტურში ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ" საკუთარ კედლებში მელეცის „სტალი" მიიღო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 25-23. ცინცაძემ 5 მოგერიებასთან ერთად, ერთი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.


ლიეტუვა, ბალტიის ლიგა


ბალტიის ლიგაში მორიგი წარმატებული ტური ჰქონდა „კლაიპედა დრაგუნასს". მეხუთე ტურში, ლატვიური „ტენექსის" წინააღმდეგ გამართულ გასვლით შეხვედრაში, კლაიპედელებმა დიდი სხვაობით, 40-29 გაიმარჯვეს. სტუმართაგან ერთჯერ გამოიჩინა თავი ვახტანგ ხარებაშვილმა.


კლაიპედელებისთვის წარმატებული აღმოჩნდა მეექვსე ტურის მატჩიც, რომელიც ასევე ლატვიაში, „ასკ / მსგ"-ს წინააღმდეგ ჩაატარეს. ქართველმა ლეგიონერმა ამ შეხვედრაშიც ერთი გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი, 36-21 იმარჯვა.