
დღეს კოშიცეში, უეფა-ს ერთა ლიგის B2 ჯგუფის ბოლო ხვალინდელი მატჩის წინ საქართველოსა და უკრაინის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრეს-კონფერენცია გამართეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველად, უკრაინული, სლოვაკური და ქართული მედიის წინაშე, რამაზ სვანაძე გამოვიდა, ოთარ კაკაბაძესთან ერთად. იმ დროს კი, როდესაც ქართველთა ნაკრები ჯერ კიდევ სავარჯიშოდ იყო გასული, ადგილობრივი, სლოვაკური დროით 18:30 საათზე მასპინძელი, მეტოქე გუნდის წარმომადგენლები უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეა მალდერა და ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი გამოვიდნენ მედიის კითხვებზე საპასუხოდ.
სხვათა შორის, ქართველთა მწვრთნელმა, დღის პირველ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ორივე გუნდს არ უდგას კარგი დრო და რომ მის გუნდს ხვალ აქვს შანსი გამოასწოროს ეს ყველაფერი. მონატრებული ხართ გამარჯვებას თქვენც, ჩვენც და ვეცდებით ხვალ ეს ყველაფერი გავაკეთოთო. ამავე გარემოებას გაუსვა ხაზი ოთარ კაკაბაძემაც, რომელიც ამ პრეს-კონფერენციას მწვრთნელთა ერთად ეახლა. კიდევ ხაზი გაესვა საერთო ფსიქოლოგიურ სურათსაც. შესაბამისად, მსგავსი თემები, უკრაინული გუნდის პრეს-კონფერენციაზეც აქტუალური იყო, თუმცა, პირველი კითხვა, იტალიელის გუნდში წასვლა-დარჩენის საკითხს შეეხო. ხომ არ შეხვდით უკვე ანდრეი შევჩენკოს და მომავალზე ხომ არ ილაპარაკეთო - ასეთი იყო უკრაინელთა პირველი შეკითხვის შინაარსი. იტალიელმა არ უარყო რომ შეხვდა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, თუმცა, აღნიშნულ თემაზე არ უსაუბრიათ.
„ჩემს მომავალზე საერთოდ არ გვილაპარაკია. ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ. მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობ, ახლა მომავალზე არ ვფიქრობ, ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს მალდერა.
მალდერამ ილაპარაკა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც და მძიმე თამაშის მოლოდინზეც, ხვალ იქნება რთული თამაში, რადგან საქართველო კარგი გუნდია. თუმცა, ახლა არაა ლაპარაკის დრო, ახლა თამაშის დროაო, აღნიშნა იტალიელმა. ბუნებრივია, რომ ხვალ უკრაინელები გამარჯვებას აპირებენ, მაშინაც კი, როცა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლიათ.

„ტრავმები ფეხბურთის ნაწილია, საქართველოსაც არ ეყოლება კვარაცხელია, რომელსაც სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა აქვს. ჩვენთვის ვიქტორ ზუბკოვი და ალექსანდრ ციგანკოვი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და დასანანია, რომ ვერ ითამაშებენ, მაგრამ იმ ფეხბურთელების მჯერა, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან, აქვთ კვალიფიკაცია და ჩემი ნდობა აქვთ. ზოგჯერ ვიღაცის ტრავმა სხვა ფეხბურთელისთვის შანსია. შესაბამისად, იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც დებიუტი (ლაპარაკია ოლექსი კაშჩუკზე და ჰენადი სინჩუკზე - სარედაქციო შენიშვნა) ჰქონდათ წინა შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ძალიან კარგად ითამაშეს. დანაკლისის ფონზე, მათ მიეცემათ ისევ შანსი", - ამბობს მალდერა.
ისევე როგორც სექტემბრის ბოლოს თბილისში, ამჯერადაც იტალიელთა მთავრმა მწვრთნელმა, საკმაოდ კარგი შეფასება მისცა საქართველოს ნაკრებს. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ურთულეს თამაშს ელოდება. მისი თქმით, საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა, უკრაინელები მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან გამარჯვების მოსაპოვებლად.
„შედეგებით უკმაყოფილიო ვარ, არ გვინდა სიტყვებს გამოვეკიდოთ. ვხვდები, ყველა თამაში, მათ შორის ბოლო, ცუდი არ იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გული მწყდება რომ ვერ დავაბრუნებთ დროს უკან. უნდა ვიყოთ უფრო კონცენტრირებულები, რომ ბიჭებმა, განსხვავებით ჩრდ. ირლანდიისგან მატჩისგან, გამოსვლა მოახერხონ. ფეხბურთელებს უნდა გამარჯვება და ისინი, ამას იმსახურებენ", - ამბობს მალდერა.
იტალიელმა იმ ჟურნალისტის კითხვასაც უპასუხა, რომელიც დაინტერესდა ჩრდ. ირლანდიასთან მეკარის საჯარიმოში არ დასრულებულ მომენტებზე - თავდამსხმელებს უნდა ჰქონდეთ ისეთი პოზიცია რომ გატანა მოახერხონო და იქვე დასძინა, რომ ახლა, ხვალინდელი მატჩის წინ, უფრო პოზიტიურ ამბებზე იფიქროს და ხვალინდელი თამაშისთვის მოემზადოს.

„ძალიან ვწუხვართ უკრაინელი გულშემატკივრების გამო. ჩვენთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ ისაა, რომ მათი გახარება ვერ შევძელით. ვისაუბრეთ ფეხბურთელებთან და იმედი გვაქვს, ხვალ მათ გავახარებთ",- ამბობს მალდერა.
მწვრთნელის თქმით, ფეხბურთელები ბოლოდროინდელი წარუმატებლობებს ძალიან განიცდიან და პასუხისმგებლობის სიმძიმეს გრძნობენ. მან გულშემატკივრებს მიმართა, რომ შედეგების გამო შეუძლიათ მასზე გაბრაზდნენ, მაგრამ არა მოთამაშეებზე. გულშემატკივარი კი, ხვალინდელ თამაშზე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული გუნდი, კოშიცეში, ზედიზედ მე-20 საშინაო მატჩი იქნება, რომელსაც გუნდი ომის გამო საზღვარგარეთ ატარებს, გუნდს ბევრი ეყოლება. ვერ ვახარებთ გულშემატკივარს და ხვალ ვეცდებით გამოვასწოროთო, რეალურად ეს იკითხებოდა, მედიასთან შეხვედრაზე მოსული გიორგი სუდაკოვის პასუხებში, რომელმაც მატჩის შემდეგ, კლუბში თანაგუნდელი და მეგობარი საქართველოს ნაკრებიდან, ირაკლი აზაროვი „სალაპარაკოდ" დაიბარა.
„რთული პერიოდია. უნგრეთთან პირველ მატჩში გამარჯვებისა და კარგი თამაშის შემდეგ, ალბათ, სრულიად განსხვავებული გეგმები გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. ყველაფერი გვესმის, რაც ხდება, მაგრამ შემდეგ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები და მხოლოდ საქართველოზე ვფიქრობთ. შესარჩევის დასაწყისში ამ შედეგს არ ველოდით და იმედგაცრუებულები ვართ. გვესმის გულშემატკივრების სიბრაზეც, რადგან ეროვნულ ნაკრები მათთვის თამაშობს. ასე რომ, ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევცვლით სიტუაციას.

აზაროვს (უცბად, გამხიარულდა და ეცინება - სარედაქციო შენიშვნა), ერთი საათის წინ ველაპარაკე. მხიარული ბიჭია, ძალიან მომწონს. მითხრა, ხვალ დაგამარცხებთო, მაგრამ ვუპასუხე, მოდი, ხვალ თამაშის შემდეგ ვილაპარაკოთ-თქო. წარმატებებს ვუსურვებ მას, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, 100%-ით კონცენტრირებულები ვართ და მხოლოდ თამაშის შემდეგ ვისაუბრებ", - ამბობს სუდაკოვი.
საერთო ფონი, მწვრთნელებთან გასაუბრებიდან და ისე, სატურნირო ცხრილიდანაც გამომდინარე ერთნაირია - საკმაოდ მძიმე. ფაქტი ერთია, რომ ხვალინდელ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო ტურის წინ B2 ჯგუფში უკრაინა 4 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს. მარცხის შემთხვევაში კი, უკრაინა ჩვენს გუნდს ადგილს გაუცვლის და გადასათამაშებელ ფლეი-ოფში მოხვდება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე, სლოვაკურ კოშიცეში, სადაც დღეს მთელი დღე წვიმდა და ხვალაც წვიმას გვპირდებიან, უკრაინის ნაკრები საქართველოს ეროვნულს უმასპინძლებს. მეგობრობა, მეგობრობად, მაგრამ ხვალ, იმედია საქართველოს ეროვნული გაიმარჯვებს და უფრო დიდი იმედია, რომ გოლებს გავიტანთ და მშრალ სერიას დავასრულებთ.
სპეციალურად კოშცედან





ჩვენ







