ხასიათი, კონცენტრაცია, სათამაშო აგრესია და ბოლო ფაზა - ის რასაც სვანაძე ხვალ ბიჭებისგან მოითხოვს
ხასიათი, კონცენტრაცია, სათამაშო აგრესია და ბოლო ფაზა - ის რასაც სვანაძე ხვალ ბიჭებისგან მოითხოვს
16.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს კოშიცეში, უეფა-ს ერთა ლიგის B2 ჯგუფის ბოლო ხვალინდელი მატჩის წინ საქართველოსა და უკრაინის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრეს-კონფერენცია გამართეს. ორივე გუნდი არასახარბიელო ვითარებაშია და ორივე გუნდის ხელმძღვანელებისგან ერთ კითხვაზე ელის პასუხს, რატომ არიან მათი გუნდები, ჯგუფში ბოლო ორ პოზიციაზე. სხვათა შორის, ორი დღის ადრე, თბილისში, უნგრეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ, მარკო როსიმ აღნიშნა, რომ სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით B2 ჯგუფი საკმაოდ დაბალანსებულია და რომ არა მთელი გარემოებები, ყველა გუნდს შეეძლო ყოფილიყო ჯგუფის სათავეში და პირიქით. ასეა თუ ისე, უნგრეთს თავი ქუდში აქვს, ჩვენ კი, გვრჩება შანსი, ხვალ გავიმარჯვოთ და ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.


„უკრაინის ნაკრების ძალა კარგად ვიცით, დიდ პატივს ვცემთ როგორც გუნდს, ისე მათ მწვრთნელს. ორივე გუნდისთვის ძალიან რთული თამაში იქნება. გარდა სუფთა სტრატეგიული მომენტებისა და ტაქტიკური მონახაზისა, ძალიან ბევრს გადაწყვეტს ხასიათი, რომელიც ორივე გუნდმა ხვალ მოედანზე უნდა გამოავლინოს. ვიმედოვნებ, ხასიათის სიმტკიცე და მზაობა ჩვენგან უფრო მეტი იქნება და მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება", - ამბობს რამაზ სვანაძე, კოშიცეში, საფეხბურთო არენაზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე.




მის გუნდს კი, ამჯერად ყვითელი ბარათების მიზეზით გიორგი წიტაიშვილი არ ეყოლება. თუმცა, დღეს, გუნდთან ერთად ივარჯიშა და საკმაოდ კარგ განწყობაზეა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც ამავე მიზეზით უნგრეთთან მატჩი გამოტოვა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დროს წვიმდა და ჰაერში თოვლის სუნიც ტრიალებდა (იმედი გვაქვს დილით თოვლი არ დაგვხდება), ქართველთა ვარჯიშზე ამას გავლენა არ მოუხდენია. მიუხედავად იმისა, რომ მედიასთან შეხვედრაზე მწვრთნელმა გუნდის საერთო ფსიქოლოგიურ განწყობაზე გაამახვილა ყურადღება, მინდორზე ეროვნული „სახეს" ინარჩუნებდა.


„სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად ნამდვილად არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უნდა იყოს. ეს ლოგიკურიცაა იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც აღმოვჩნდით. თუმცა, ყოველი მატჩი, მით უმეტეს ეს შეხვედრა, ახალი შანსია, რომ ვითარება გამოვასწოროთ. ამის შესაძლებლობა ხვალ გვექნება და ყველანაირად ვეცდებით, გავაუმჯობესოთ როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო მდგომარეობა და მივაღწიოთ შედეგს, რომელიც ყველას ასე ძალიან გვინდა", - ამბობს სვანაძე.



სხვათა შორის, ვითარების გამოსწორებაზე და რომ ამის გაკეთება ხვალიდანვე შესაძლებელია, გააკეთა აქცენტი ოთარ კაკაბაძემ - ჩვენი ნაკრების მეორე ვიცე-კაპიტანმა, რომელიც კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიცე-კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის არ ყოფნის პერიოდში, ეროვნულს მინდორზე გამოუძღვება.


„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. გამარჯვება ყველას ძალიან მოგვენატრა და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ. რაც შეეხება კაპიტნობას, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველამ იცით კვარაცხელიას ტრავმის შესახებ. ის დიდი ხნით გამოგვაკლდება, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ასევე გვაკლია ჩვენი მეორე კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი, რომელიც შედარებით მალე დაგვიბრუნდება. მათი შეცვლა ურთულესია, რადგან ორივე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"- ამბობს კაკაბაძე, რომელიც მანამდე უნგრეთთან გამართულ შეხვედრაზეც საუბრობს, „ფეხბურთში ასეთი რამე. უნგრეთთან პირველ ტაიმში ვჯობდით მეტოქეს და  ვერ გავიტანეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მოხდა, ისე, როგორც ფეხბურთში ხდება, რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ და გაგვივიდა გოლი. ხვალ გვაქვს შანსი გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. მონატრებული ხართ გამარჯვებას თქვენც, ჩვენც და ვეცდებით ხვალ ეს ყველაფერი გავაკეთოთ", - ამბობს კაკაბაძე.


რადგან გულშემატკივარი მოიტანა სიტყვამ, შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ჩარტერული რეისით კოშიცეში ეროვნული ნაკრები ქომაგების ტრიბუნიდან, 35-მდე ომახიანი და ნაკრების ერთგული ფანი ჩამოვიდა. ისინი, სლოვაკეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად, ხვალ, შეეცდებიან საქართველოს ნაკრები გაამხნევონ, რამეთუ გუნდს, ამასაც და ზოგადად სხვასაც მხარდაჭერა, მხოლოდ მაშინ არ სჭირდება, როცა იგებს და ყველა ლიდერი ჰყავს.



რამაზ სვანაძის თქმით, ხვალ საქართველოს ნაკრები უნდა იყოს თამამი, ისეთი აგრესიული, როგორც უნგრეთთან საშინაო მატჩის პირველ ტაიმში იყო და გუნდმა უნდა მოახერხოს მაქსიმალურად  შეინარჩუნოს კონცენტრაცია.


„დამამთავრებელ ფაზაში უფრო თამამები უნდა ვიყოთ. აგრესიულები უნდა ვიყოთ, როგორც უნგრეთთან პირველ ტაიმში ვითამაშეთ და კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ. კარგად გვესმის, რომ სხვა შანსი აღარ გვექნება, ამიტომ ვეცდებით როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო საკითხები გამოვასწოროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ", - ამბობს სვანაძე.


ხვალინდელი მატჩი, რომელიც თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი იქნება ორივე გუნდისთვის. ბუნებრივია, უკრაინულ მედიას კვარაცხელიას არყოფნაში, აინტერესებდა მისცემდა თუ არა სვანაძე შანსს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც უკრაინულ კლუბებში, უკრაინის ჩემპიონატში მონაწილეობენ.




„უკრაინის ჩემპიონატიდან სამი ფეხბურთელი გვყავს - აზაროვი, მაისურაძე და გაგნიძე. ვინ ითამაშებს, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ყველაფერს მატჩის დაწყებამდე გაიგებთ. ისინი აქ იმიტომ არიან, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ და მათი იმედი მაქვს",- ამბობს სვანაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ოფიციალურ რანგში უკრაინასთან პირველი მატჩი ფრედ ითამაშა. ხვალ კი, იმედს ვიტოვებთ, რომ უსიამოვნო ტრადიცია დაირღვევა და ერთი, რომ მშრალ სერიას დავასრულებთ და გოლები თუ არა, გოლი, თანაც გამარჯვების მომტანი იქნება და მეორე, უკრაინის ნაკრებს ბოლოს და ბოლოს დავამარცხებთ. აი, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ფიქრსა და ლაპარაკს „სვანა" უეფა-ში, 6 დეკემბერს დაგეგმილ წილიყრაზე.


„ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე საკმარისი დრო გვექნება, რომ გუნდმა საკუთარი სახე შეიძინოს. ამაზე მუშაობა პირველივე დღიდან დავიწყეთ. ეს მარტივი არ იქნება, განსაკუთრებით სანაკრებო ფეხბურთის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ. თუმცა მინდა, ყოველ მომდევნო შეკრებაზე ისეთი გუნდი ვიხილო, რომელიც პროგრესირებს. ეს სამომავლო საკითხია, ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალინდელი მატჩია", - ამბობს სვანაძე.



ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები B ლიგის ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ავტომატურად შეინარჩუნებს B ლიგაში ადგილს.


მოგეხსენებათ, უეფა-მ 2028-29 წლების სეზონიდან ტურნირის ფორმატის ცვლილების გამო დაქვეითება-დაწინაურების წესები განაახლა და წინა გათამაშებისგან განსხვავებით, B ლიგის მესამეადგილოსნებს დასარჩენი ფლეი-ოფის თამაში აღარ მოუწევთ. მეოთხე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი, ნაკრები ითამაშებს B და C ლიგების ფლეი-ოფში C ლიგის რომელიმე მეორეადგილოსანთან და B ლიგაში დასარჩენად მისი დამარცხება დასჭირდება. ხვალინდელ მატჩამდე, საქართველოს 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, უკრაინას კი, 4 და ჩვენზე ერთი ადგილით მეტი არის. ასე, რომ ხვალინდელი 3 ქულა, ძალიან ბევრ რამეს შეცვლის.