შვიდი ჯუდოკათი და ორი მედლით ქართული გუნდი ზაგრებიდან ბრუნდება
შვიდი ჯუდოკათი და ორი მედლით ქართული გუნდი ზაგრებიდან ბრუნდება
15.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ხორვატიაში, ზაგრების გრან-პრი დასრულდა. IJF-ის წლის მორიგ გაჩერებაზე, ქართულმა გუნდმა ორი (ოქრო და ბრინჯაო) მედალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მეორე მედალი, თუმცა, პირველი ოქრო მოიგო გიორგი ლოლაძემ.


სხვათა შორის, -73კგ წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით ასპარეზობდა დავით ლიპარტელიანი-გუგავა, რომელიც რომ არა კანადელი მეტოქე, 1/4 ფინალში ჩვენს გიორგი ლოლაძეს გადაეყრებოდა. ლოლაძემ კი, გზად ლატვიის, ბრაზილიისა და ისრაელის წარმომადგენლები გამოთიშა ასპარეზობას და ბადის მოსაგებად, ხსენებული კანადელი ჯასტინ ლემირე იპონით დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. იპონით გაიმარჯვა ქართველმა ნახევარფინალშიც - ამჯერად, საკმაოდ ძლიერ და გამოცდილ კოსოვოელს, აკილ გიაკოვს სძლია და ფინალში გავიდა. აქ  კი მისი მეტოქე, 26 წლის ირლანდიელი ჯოშუა გრინი იყო და რეალურად მედლისთვის პირველად იბრძოლა. ძირითად დროში მეტოქეებმა მხოლოდ „შიდოები" გაცვალეს. აი დამატებით დროში კი, მეორე შიდო ლოლაძემ მიიღო. თუმცა, ქართველმა მოახერხა მეტოქის იუკოზე დაგდება და ზაგრების გრან-პრის გამარჯვებული გახდა. აქვე შეგახსენებთ, რომ 22 წლის გიორგიმ ე.წ. დიდების ტურნირზე, პირველი მედალი თბილისში გამართულ გრან სლემზე მოიგო, მიმდინარე წელს.


მეორე მედალი საბა ინანეიშვილის ანგარიშზეა. +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ინანეიშვილმა კარად დაიწყო - დაამარცხა ავსტრიის  (ბორჩაშვილი) და უკრანიის წარმომადგენლები და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელებიდან ამ წონაში წარმოდგენილ ერთ-ერთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ წააგო. მიუხედავად, ამისა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საბა, იმ კატეგორიის სპორტსმენებიდან არის, ვისაც მარცხის შემდეგ, სრული მობილიზება შეუძლია. შესაბამისად, ქართველმა რეპეშაჟის ფინალში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიგო. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა უშანგი კოკაურს, თუმცა, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი ტატამზე არ გამოცხადდა და მედალი ავტომატურად, მის უკრაინელ მეტოქეს ერგო.


წარუმატებელი გამოდგა ზაგრების გრან-პრი -81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველებისთვის -ზაურ დვალაშვილისა და გიორგი შერაზადიშვილისთვის. აქ, ორივემ მეორე წრიდან დაიწყო. გიორგი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, დვალაშვილმა კი, პირველი სპარინგი მოიგო, ხოლო მომდევნოში იუკოთი დამარცხდა კანადელ ოლივიე განიონისთან, რომელმაც საბოლოოდ ბრინჯაო მოიგო. სხვათა შორის, წონა (!) სხვა კანადელმა ჯუდოკამ მოიგო.


ბედე მოიგო -90 კგ  წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ჯავახიშვილმა, რომელმაც გზად, რუმინელი, ნორვეგიელი და ბრაზილიელი ჯუდოკები დაამარცხა, თუმცა, 1/2 ფინალში თავად დამარცხდა ბერძენ თეოდოროს ცელიდისთანაც და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. თუმცა, აქ, სამწუხაროდ, ქართველი დამარცხდა. ერთი, თითქოს უმნიშვნელო დეტალი, რომელმაც შესაძლოა ჯუდოს ქართულ „ოჯახში" ირონია და სიბრაზეც კი გამოიწვიოს, მაგრამ ხშირია, რომ 1/2 ფინალიდან „გავარდნილი" ჩვენი ჯუდოკების უმრავლესობა, რეპეშაჟის ფინალებს აგებენ - განწყობა მიჰყვებათ... ეს მცირე დეტალი, ფსიქოლოგიური ფაქტორი, კი ალბათ, მაინც გადასაჭრელია.


ზაგრების გრან-პრიზე ყველაზე წონადი და არა მხოლოდ, წონითი კატეგორიების მიხედვით, -100კგ წონითი კატეგორია იყო, სადაც ესპანეთის სახელით ნიკო შერაზადიშვილი, ხოლო ჩვენი გუნდიდან თორნიკე ფოლადიშვილი ასპარეზობდნენ. თავიდანვე ვთქვათ, რომ ნიკომ 1/4 ფინალი წააგო, რეპეშაჟის გზას დაადგა და საბოლოოდ, ბრინჯაო მოიგო. რაც შეეხება ფოლადაშვილს, ქართველმა პირველი წრიდან დაიწყო და ჩრდ. მაკედონიელი დაამარცხა, თუმცა, მომდევნო მეტოქედ, მართალია ასაკში, მაგრამ თავად, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. სხვათა შორის, ამ წონაში ბორჩაშვილების (ავსტრიის) და უძილაურების (გერმანია) წარმომადგენლებიც ასპარეზობდნენ.


საქართველოს ნაკრები შვიდი ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი. თავდაპირველ განაცხადში იყო -66 კგ-ში მოასპარეზე ლაშა ნადირაძე, თუმცა უშუალოდ ტურნირის წილისყრისას, ჩვენი გუნდის მე-7 წარმომადგენლად გიორგი ტერაშვილი ვიხილეთ ბადეში. სამწუხაროდ, მხოლოდ ბადეში, რადგან ტერაშვილი ტატამზე არ გამოსულა.  


სტატიაში გამოგეებულია IJF-ის ფოტოები / თამუნა ყულუმბეგაშვილი