
დღეს თბილისის დროით 17:40 წუთზე ჩეხური ავიაკომპანიის „სმარტვინგზის" ბორტით, უეფა-ს ერთა ლიგის საკვალიფიკაციო B2 ჯგუფის ბოლო მატჩის გასამართად, საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრა. ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდი 17 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. უკრაინელები კი, მოგეხსენებათ, საშინაო მატჩებს, სხვადასხვა ქვეყანაში ატარებენ. ამჯერად, ისინი კოშიცეში ითამაშებენ. სხვათა შორის, იმ სლოვაკურ ქალაქში, სადაც 2025 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში, ჟილინადან, რომ გვიწევდა გადაბარგება.
კოშიცეში გამომგზავრებამდე ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხი 2-ზე მსუბუქად ივარჯიშა.
ჩარტერულ ბორტზე ტრადიციულად ფეხბურთელების გარდა, ეროვნული ნაკრების ქომაგები, ბევრი არა, თუმცა, სამ ათეულზე მეტი და სპორტული მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელმაც დატვირთული სპორტული წლის დასრულებამდე, მომცა შანსი, მემოგზაურა ეროვნულ ნაკრებთან ერთად და მოწმე გავმხდარიყავი ჩვენი ნაკრებისთვის ახალი ეტაპის მშენებლობის გზაზე, რომელსაც იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე კვლავ წარმატებული იქნება.
რამაზ სვანაძეს შეგახსენებთ, რომ ნოემბრის თამაშებისთვის 27 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებულიგანაცხადში არიან - მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე", თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა („დინამო", ბათუმი, საქართველო); მცველები: საბა გოგლიჩიძე („მონცა", იტალია), საბა საზონოვი („ხეტაფე", ესპანეთი), ივა გელაშვილი („კლუჟი", რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი", გერმანია), ლაშა დვალი („ცსკა 1948", ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე („ქაისერსფორი", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია", უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანრი მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ", აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია", ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო", საქართველო), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა) სანდრო ალთუნაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი („სპარტაკ ტრნავა", სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე", იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი („რასინგი", ესპანეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა", სლოვაკეთი).
თითქმის სამ საათნახევრიანი ფრენის შემდეგ, „სმარტვინგსის" ბორტი კოშიცეში დაეშვა. ეროვნული ნაკრები, აეროპორტიდან სასტუმრო „იასმინში" გაემართა, სადაც სამი დღის განმავლობაში დაიდებს ბინას. სწორედ ამ სასტუმროდან ჩვენი ნაკრების ხვალ, ადგილობრივი დროით 17:00 საათის შემდეგ, მასპინძელ სტადიონზე, „კოშიცე არენაზე" ივარჯიშებს. ვარჯიშამდე კი, რამაზ სვანაძე უფრო მცირე რაოდენობის, ვიდრე ეს უნგრეთთან და ჩრდ. ირლანდიასთან გასვლითი შეხვედრების დროს იყო, მაგრამ ქართული მედიის კითხვებს, ტრადიციულ მატჩამდე პრეს-კონფერენციაზე უპასუხებს.
გეტყვით იმასაც, უკრაინისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრას, სლოვაკეთში მცხოვრები ქართველებიც დაესწრებიან. ამ ეტაპზე სულ ესაა. ახალი ამბებით ხვალ დაგიბრუნდებით.
სპეციალურად კოშიცედან.





ჩვენ







