
20-22 ნოემბერს, ჰელსინკმა, ISU-ს გრან პრის V ეტაპს, Finlandia Trophy-ს უნდა უმასპინძლოს, სადაც ერთეულ კაცთა შორის ქართველი ნიკა ეგაძეც იასპარეზებს. ამ მომენტისთვის, აღნიშნულ ეტაპზე, კაცთა ერთეულთა თანრიგში რეგისტრირებულ 12 მონაწილეს შორის ერთ-ერთი სანქტ-პეტერბურგელი სემენენკოა. თუმცა, შესაძლოა სპორტსმენს დღეს ფინეთის მთავრობის მიერ მიღებული სავიზო შეზღუდვის გამო, ისევე, როგორც რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებსა და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა შეეზღუდოთ. იმ შემთხვევაშიც თუ, მათ სახელზე ვიზები, ფინეთის ან შენგენის ზონის ქვეყნების მიერ არის გაცემული. რეგულაცია ძალაში 16 ნოემბრიდან შედის.
ამ რეგულაციებიდან გამომდინარე ეჭვქვეშ დადგა 2027 წლის ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ფინეთის ქალაქ ტამპერეში უნდა ჩატარდეს. ფინელები, Nokia Arena-ზე, 16-21 მარტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შეშვებას არ აპირებენ. ტურნირზე დასასწრები ბილეთები, გავრცელებული ინფორმაციით უკვე გაყიდულია. ამას გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის გადატანის შემთხვევაში, რთულია მთელი რიგი საორგანიზაციო საკითხები მოესწროს.
ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. ISU მიიჩნევს, რომ სპორტსმენები თავიანთი მთავრობების ქმედებების გამო არ უნდა დაისაჯონ და ამჟამად, ფინეთის სპორტულ უწყებებთან დეტალებს აზუსტებს. ISU-ს წესებით რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტების (AIN) სტატუსით. ახალი სავიზო ბარიერის გამო კი, ისინი მარტში დაგეგმილ ჩემპიონატზე მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, რამაც შესაძლოა ISU-ს მხრიდან ტურნირის სხვა ქვეყანაში გადატანის საკითხიც კი, დააყენოს დღის წესრიგში.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ნოემბრის ბოლოს, 20-21 რიცხვში, ჰელსინკიში დაგეგმილ გრან-პრის ეტაპზე (Finlandia Trophy) გამოჩნდება, სადაც ხსენებული სემენენკოს გარდა, კიდევ 6 რუსი მოციგურავეა მიწვეული.
ვინაიდან სავიზო შეზღუდვა 16 ნოემბრიდან შედის ძალაში, სწორედ ამ ტურნირზე გამოჩნდება, დაუშვებს თუ არა ფინეთი უკვე გაცემული ვიზების მქონე სპორტსმენებს ქვეყანაში და რა საპასუხო ზომებს მიიღებს ISU მარტის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით.





ჩვენ







