საქართველოს ორმა ასაკობრივმა გუნდმა დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაიწყო ასპარეზობა
საქართველოს ორმა ასაკობრივმა გუნდმა დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაიწყო ასპარეზობა
11.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქუთაისსა და დოგანაში (სან-მარინო), საქართველოს ორმა ასაკობრივმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო ასპარეზობა.


საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს ასაკობრივი ტურნირის შესარჩევი ციკლი ავსტრიის 17-წლამდე გუნდთან მატჩით დაიწყო. თანაბარ თამაში, ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა, შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, 0-0 დასრულდა (ტექსტური ჩანაწერი იხილეთ ბმულზე).


გამომდინარე იქიდან რომ ჯგუფში მხოლოდ სამი გუნდია, ჯგუფის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდება გამარჯვება, თუმცა, ყაზახეთთან თამაშის შედეგი, ნაწილობრივ მაინც ყაზახეთისა და ავსტრიის შედეგზე იქნება დამოკიდებული, რომელიც 14 ნოემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი ასპარეზობას მეორე რაუნდში A ლიგაში გააგრძელებს. თამაშები კი, 2027 წლის 22-31 მარტს გაიმართება.


აქვე გაგაცნობთ აღნიშნულ კატეგორიაში ჯგუფში დარჩენილი თამაშების განრიგს და გეტყვით, რომ ორივე თამაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.


14 ნოემბერი, 14:00  ყაზახეთი - ავსტრია

17 ნოემბერი, 16:00 საქართველო - ყაზახეთი


ამ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სან-მარინოში, დოგანაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო ზურაბ ხიზანიშვილის 19-წლამდე ნაკრებმა. აქ, თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრავმების გამო გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის საბა ხარებაშვილი, რომელიც ეროვნულმა ნოემბრის შეკრებისთვის სწორედ აღნიშნულ ნაკრებს დაუთმო და ანდრია ბართიშვილი აკლია.


საქართველოს 19-წლამდე ნაკრები გრძელი მოგზაურობის შემდეგ სან-მარინოში თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა და იმ დღესვე ივარჯიშა კიდეც. დღეს, კი, თბილისის დროით 14:00 ჯგუფის ფავორიტს, დანიის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრის მე-10 წუთისთვის ორი სწრაფი გოლის შემდეგ, ჩვენი ნაკრები უკვე 0-2-ს აგებდა. 34-ე წუთზე კი, დანიელებმა მესამედაც გაგვიტანეს. ამის შემდეგ, მე-40 წუთზე სანდრო მიქაუტაძემ მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა, თუმცა, ტაიმი 1-3 წავაგეთ. მეორე ტაიმი კი, ჩვენი გუნდისთვის არასასიამოვნოდ დაიწყო. 50-ე წუთზე მათე შათირიშვილმა მოგერიებისას, საკუთარ კარში ჩაჭრა. ქართველთა გუნდის საერთო დაბნეულობას კი, დანიელების მე-5 გოლიც მოჰყვა. აი, ჩვენი გუნდიდან კი, მეორე გოლი მათე შათირიშვილმა გაიტანა, რომელიც შეხვედრის ამ მონაკვეთში დაშვებული შეცდომის გამოსწორებას თითქმის მთელი ტაიმი შეეცადა, გაიტანა გოლი და რამდენჯერმე მეტოქის დარტყმულიც დაბლოკა, თუმცა, საერთო ჯამში, სამი ბურთის გატანა ამ დღეს ქართველთა ნაკრებისთვის მიუღწეველი მისია აღმოჩნდა. ასე, რომ ჯგუფში პირველი მატჩი წავაგეთ, 2-5 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი ბმულზე).


მოგვიანებით, ჯგუფის მეორე შეხვედრაში  ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებმა 4-1 დაამარცხა მასპინძელი სან-მარინო, რომელსაც თან ფეხბურთელიც გაუძევეს შეხვედრის მიწურულს. ამ ჯგუფში, „ხიზანას" გუნდს, კიდევ ორი შეხვედრის გამართვა მოუწევს. აქედან, პირველი 14 ნოემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ, რომ ბოლო, მესამე მატჩს ჩვენი გუნდი 17 ნოემბერს, მასპინძელი სან-მარინოს წინააღმდეგ, თბილისის დროით 19:30 საათზე ითამაშებს.



სტატია რედაქტირებულია 22:00 საათზე

 სფფ-ის ფოტო