
დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის ნოემბრის თამაშების მოსამზადებელი ეტაპის მორიგი, რიგით მესამე ვარჯიში ჩაატარა. სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით პროცესში მონაწილეობა 23-მა ფეხბურთელმა მიიღო. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას გიორგი ქოჩორაშვილი და საბა გოგლიჩიძე, რომლებიც საერთო ჯგუფს 12 ნოემბრიდან შეუერთდებიან. ვირუსის გამო არ უვარჯიშიათ სანდრო ალთუნაშვილს და გიორგი მიქაუტაძეს.
„ორ რთულ თამაშს ველოდებით. დანაკლისი რა თქმა უნდა დიდია, თუმცა ეს იქნება შანსი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც თამაშში მონაწილეობას მიიღებენ. ერთა ლიგა კარგად ვერ დავიწყეთ და პირველ ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ, თუმცა მოახლოებულ მატჩებში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ. ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით მეტი დრო გვაქვს. ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია და რომლებიც განვლილ შეხვედრებში ისე ვერ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, ველოდებით გულშემატკივარს და იმედი გვაქვს, მათთან ერთად წარმატებას მივაღწევთ", - ამბობს ანრი მექვაბიშვილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების მატჩზე, რომელიც 14 ნოემბერს ჩატარდება, დასასწრები ბილეთები ჯერ ისევ არის გაყიდვაში და მათი შეძენა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რის შესახებაც ჩვენი გვერდი წერდა, 14 ნოემბრის შეხვედრაზე ცარიელი იქნება სტუმარი გუნდის ტრიბუნა. მიზეზი უეფა-ს სანქციაა, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ჩვენს მეტოქეს უკრაინის ნაკრებთან მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაუწესა - გასვლით თამაშზე უმაყურებლოდ.
ამ მომენტისთვის რამაზ სვანაძის შერჩეული ფეხბურთელები არიან - მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე", თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა („დინამო", ბათუმი, საქართველო); დაცვა: საბა გოგლიჩიძე („მონცა", იტალია), საბა საზონოვი („ხეტაფე", ესპანეთი), ივა გელაშვილი („კლუჟი", რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი", გერმანია), ლაშა დვალი („ცსკა 1948", ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე („ქაისერსფორი", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია", უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანრი მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ", აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია", ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო", საქართველო), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა) სანდრო ალთუნაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი („სპარტაკ ტრნავა", სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე", იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი („რასინგი", ესპანეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა", სლოვაკეთი).
საქართველოსა და უნგრეთის შეხვედრა 14 ნოემბერს, მიხეილ მესხზე, 20:45 საათზე დაიწყება.
სფფ-ის ფოტო





ჩვენ







