ბუდუ თბილისში კარგ ხასიათზე მოდის...
ბუდუ თბილისში კარგ ხასიათზე მოდის...
09.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ნოემბრის თამაშებისთვის დაიწყებს შეკრებას. ჩვენი ფეხბურთელები ხვალ დილიდან, სასტუმრო „პარაგრაფში", გამოცხადდებიან, დღის ბოლოს კი, მიხეილ მესხზე ივარჯიშებენ. თუმცა, მანამდე ქართული ლეგიონის ნაწილმა კუბებში კალენდარული მატჩები გამართა.


ესპანურ ლა ლიგაში ჩვენი ნაკრების სამმა ფეხბურთელმა ითამაშა. უფრო ზუსტად ორმა ითამაშა, ერთი კი, მხოლოდ განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა.


„ვილიარეალისა" და „ხეტაფეს" შეხვედრა ყვითელი წყალქვეშა ნავის გამარჯვებით 2-0 დასრულდა. გიორგი მიქაუტაძის საიუბილეო, მე-1000 მატჩში ბომბარდირმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა, თავად გოლი ვერ გაიტანა. ჟორჟი, 84-ე წუთზე შეცვალეს. ამ შეხვედრაში იყო ვარიანტი, რომ ერთმანეთის პირისპირ ორი ქართველი დამდგარიყო, თუმცა, „ხეტაფემ", რომელსაც საბა საზონოვი განაცხადში ჰყავდა, არ ათამაშა. 12 ტურის შემდეგ, „ვილიარეალი"  15 ქულით მე-8 ადგილზეა. რაც შეეხება „ხეტაფეს", მას 12 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა.


ამავე ტურში, გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანო" გასვლით შეხვედრაში „რეალ სოსიედადთან" მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, სრული მატჩი ჩაატარა და ამ დღეს, მხოლოდ 34-ე წუთზე მიღებულ ყვითელ ბარათს დასჯერდა. სანაკრებო შესვენების წინ, „წიტას" გუნდი 12 ქულით, მე-14 ადგილზეა, ამასთან „რაიო ვაკეკანოს" ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.


ავსტრიის ბუნდესლიგაში, გრაცის „შტურმის" უიღბლობა გრძელდება.  ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გუნდი, საშინაო შეხვედრაში, დაძაბულ ბრძოლაში 3-4 დამარცხდა. უხვგოლიან შეხვედრაში პირველი ტაიმი დრამატულად წარიმართა - გავიდა ოთხი გოლი და სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ. თუმცა, თუმცა, მეორე ტაიმი მათ მოიგეს 1-2 და საბოლოოდ შეხვედრაც. რაც შეეხება ქართველებს, „კიტე" ტრავმის გამო, კვლავ არ იყო განაცხადში. მამაგეიშვილი კი, მხოლოდ 77-ე წუთზე შევიდა სათამაშოდ. 12 ტურის შემდეგ, „შტურმს" 19 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.


გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ. ამასთან, სწორედ მისი გოლის წყალობით, „ჰაიდენჰაიმმა" მნიშვნელოვანი ქულა გადაარჩინა. როგორც მიხვდით, ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 85-ე წუთზე შეცვალეს. თბილისში გამომგზავრებამდე, ქართველმა საკმაოდ მაღალი შეფასებაც მიიღო, რაც ახლა უფრო გვიხარია, რადგან ბუდუს განწყობა ნოემბრის თამაშებში ძალიან გვჭირდება. საშინაო თამაში „ჰანოვერთან" ფრედ, 2-2 დასრულდა. „ჰაიდენჰაიმი" კი, 11 ტურის შემდეგ, 16 ქულით მე-7 ადგილზეა.


გერმანიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი" საშინაო შეხვედრაში „ლევერკუზენთან"  1-2 დამარცხდა. 85-ე წუთისთვის ქართველის გუნდი 0-2-ს აგებდა. „ლოჩოს" გუნდელებმა ანგარიში მხოლოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეამცირეს, თუმცა, ქულის გადასარჩენად დრო აღარ დარჩათ. 9 ტურის შემდეგ, „კიოლნს" 9 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა. ამასთან სულ ერთი ადგილით არის გასავარდნი ზონისგან შორს. რაც შეეხება ლუკას, ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, მას თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.


არ მიუღია სათამაშო დრო არც ირაკლი აზაროვს, რომლის „შახტარმაც" კიევის „დინამოსთან" ფრედ, 0-0 ითამაშა. „აზარას" გუნდი 10 კაცითაც დარჩა, თუმცა, კიეველებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს. ირაკლის გუნდს, 12 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვს, თუმცა, მე-2 და მე-3 ადგილებზე მყოფ გუნდებთან შედარებით, მეტი თამაშიც აქვს გამართული.


ასეთი ამბებია, ხვალიდან ბიჭები სანაკრებო შეკრებაზე გამოეშურებიან.