ბათუმის „დინამომ“ 32-ე ტურში ქულები დაკარგა
07.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო პაუზამდე ბოლო ტურში და ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ოთხეულში კვლავ სიმჭიდროვეა. ტურის დასრულებამდე, ცხრილის ლიდერი ბათუმის „დინამო" სამი ქულით უსწრებს „იბერია 1999"-ს და „რუსთავს" და ოთხი ქულით „დინამო თბილისს", თუმცა, არაა გამორიცხული ამ ტურის შემდეგ, „იბერია 1999" ლიდერს ქულებში გაუთანაბრდეს, „დინამო თბილისმა" კი, სხვაობა ერთ ქულამდე შეუმციროს. ამ დაძაბულობის ფონზე, რაც ქართულ საფეხბურთო ლიგაში კარგა ხანია არ ყოფილა, დღეს, ელიგის 32-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.


პირველი და ალბათ, სენსაციური ანგარიში თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე დაფიქსირდა, სადაც ცხრილის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, „სპაერმა" ბათუმის „დინამო" 3-2 დაამარცხა. ანგარიში სტუმრებმა მე-11 წუთზე უერდი მარას გოლით გახსნეს და მატჩის ასეთი დასაწყისიც ალბათ, არავისთვის მოულოდნელი არ იყო. თუმცა, სეზონის მიწურულს, სტუმარი გუნდისთვის მოულოდნელი იყო, მასპინძელთა განწყობა და წინააღმდეგობა, რომელიც მეორე ტაიმის სტარტზე ორ გოლში „გადახურდავდა". ჯერ იყო და 48-ე წუთზე გიგა სამხარაძემ პენალტით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ, 52-ეზე, გოჩა ცირდავამ „სპაერი" დააწინაურა. 69-ე წუთზე ცირდავამ საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში და თორნიკე ასკურავას გოლის გატანაში დაეხმარა. ამრიგად, 70-ე წუთისთვის ყველასთვის მოულოდნელად, ბათუმის „დინამო" გასვლაზე 3-1 მარცხდებოდა. მოვლენები კი, 90-ე წუთზე საინტერესოდ განვითარდა. თბილისელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს გოლი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, სტუმებს, ქულის გადარჩენის შანსი დაუტოვეს, თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, ამ დღეს წააგო. რაც შეეხება ჭიაბრიშვილის, ის ეროვნული ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.


მეორე თამაშია ქულების დაგროვება განაახლა ქუთაისის „ტორპედომ". წინა ტურში გორის „დილას" დამარცხების შემდეგ, ქუთათურებმა, ამჯერად, წყალტუბოში ცხრილის აუტსაიდერი ტყიბულის „მეშახტე" 2-3 დაამარცხეს. ამ იმერულ დერბიში, ანგარიში მასპინძლებმა 43-ე წუთზე, მათე კვირკვიას გოლით გახსნეს. 51-ე წუთზე კი, გიორგი პაპუაშვილმა ტყიბულელები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. აი შეხვედრის ბოლოსკენ კი, ქუთაისელებმა სამი ბურთის გატანა მოახერხეს. 10 წუთიან შუალედში, დათო ბუკიამ, ჯერ 65-ე აკაკი შულაიას გადაცემით მოახერხა ანგარიშს შემცირება, შემდეგ კი, 75-ე წუთზე თავად გააკეთა საგოლე გადაცემა, დინო სკორუპის გაატანინა. ანგარიში გათანაბრდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ალბათ, მაინც უფრო კლასის ხარჯზე ტორპედოელებმა იმარჯვეს და მე-4 დამატებულ წუთზე, ფარღალალად დარჩენილ „მეშახტეს", რომელიც შეტევაში გაერთო, „სამქულიანი" გაუტანეს. „ტორპედომ" 43 ქულა დააგროვა და სანაკრებო პაუზამდე, მე-5 ადგილზე შეისვენებს.


დღის ბოლო შეხვედრა თბილისში, „პეტრო არენაზე" გაიმართა. „რუსთავმა" წყალტუბოს „სამგურალს" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა, მე-18 წუთზე პენალტი გააცუდეს. გიორგი ცეცაძის გუნდმა შვებით, 65-ე წუთზე ამოისუნთქა, როდესაც 65-ე წუთზე პაპუნა ბერუაშვილის მიერ საჯარიმოდან გაკეთებული გრძელი გადაცემა, ირაკლი იაკობიძემ მიიღო მეტოქის საჯარიმოში შეაბრუნა, სოლომონ კესიმ კი, არ დააყოვნა და გაიტანა. 86-ე წუთზე კი, კევინ სეიხასმა მეორე გოლიც გაიტანა და „რუსთავს" საჭირო გამარჯვება მოუტანა.


აქვე გეტყვით, რომ ტური ხვალ გორში, 19:00 „დილასა" და „დინამო თბილისის" მატჩით გაგრძელდება, 9 ნოემბერს კი, 20:00 საათზე მიხეილ მესხი 2-ზე „იბერია 1999"-„გაგრას" დაუპირისპირდება. გამომდინარე იქიდან, რომ 14 ნოემბერს, მიხეილ მესხზე, ეროვნული ნაკრები თამაშია ჩანიშნული, ელიგის 32-ე ტურის ბოლი შეხვედრა, მესხი 2-ზე გაიმართება.