ამჯერად მხოლოდ ვერცხლი - საქართველოს შერეული გუნდი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ამჯერად მხოლოდ ვერცხლი - საქართველოს შერეული გუნდი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
07.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბელგრადში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ჯუდოში, რომელსაც 2026 წლის ჩემპიონი უნდა გამოევლინა შერეულ გუნდურ შეჯიბრში, მოქმედმა ჩემპიონმა, ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა ტიტულის დაცვა. მსოფლიო ჩემპიონატიდან ერთ თვეში, ამჯერად, ევროპის ჩემპიონატზე, ეს უკვე მეორე იმედგაცრუება იყო, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ დროებითი მოვლენაა და ახალი, 2027 წლიდან, ქართველი ჯუდოკები, იმ შედეგებს დაუბრუნდებიან, რა თამასაც თავად დააწესეს.


დღეს კი, ჩვენმა გუნდმა მეორე წრიდან დაიწყო და თუ სამართლიანები ვიქნებით, უფრო რთული ბადის გავლა მოუხდა, თავის 1/2 ფინალიანად, ვიდრე ფინალში მათმა მეტოქემ, რუსეთის ნაკრებმა. ამასთან, მთელი შეჯიბრი ქართული გუნდი „-1"-დან იწყებდა. მიუხედავად იმისა, რომ +70 კგ წონით კატეგორიაში სოფო სომხიშვილი განაცხადში იყო, ჯუდოკას ტრავმიდან გამომდინარე, მისი ტატამზე გასვლა, კითხვებს ბადებდა და საბოლოოდ, ჩვენი ეჭვებიც დადასტურდა. შესაბამისად, ყველა ეტაპის წინ, ქართულმა გუნდმა მოწინააღმდეგეს, „ფორმა" მისცა.


პირველი შეხვედრა უნგრეთის წინააღმდეგ გვქონდა. ჩვენი გუნდიდან ტატამზე ვარსკვლავურმა შემადგენლობამ - ლუკა მაისურაძემ, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა შეხვედრები მოიგეს და უნგრელები 4-2 დავამარცხეთ.


1/2 ფინალში, უფრო სერიოზული გამოცდა გველოდა. აქაც, ფრანებს ფორად ქულა მივეცით. შემდეგ კი, ზედიზედ სამი შეხვედრა (ლუკა მაისურაძე, ირაკლი დემეტრაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი) იპონით მოვიგეთ.  ქართულ გუნდს 3-2 მიჰყავდა ანგარიში. აქ კი, ტატამზე „შავი" გადიოდა - შესაბამისად, ალბათ, ყველა და მათ შორის მეც მშვიდად ვიყავი. მითუმეტეს, რომ გამოცდილმა ჯუდოკამ მოახერხა იუკოს აღება და შეხვედრის დასრულებამდეც 12 წამი რჩებოდა. შესაძლოა, ლაშა მართალიც იყო, როდესაც მსაჯს გამოელაპარაკა, თუმცა, როდესაც პატარა ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, განსაკუთრებით ახალბედა მსაჯებისთვის, მარტივი სატყუარა ხარ, მითუმეტეს, თუ ეს სპორტსმენი სახეობაში ლეგენდაა. „შავი" კი ლეგენდაა. ასეა თუ ისე, ისე მოხდა, რომ ფინალში გარანტირებულად გასვლის ნაცვლად, შავდათუაშვილს მესამე შიდო „აუნთეს" და ანგარიში გათანაბრდა, 3-3. ვიდრე დოლურა დატრიალდებოდა, ალბათ, ყველას გაგვცრა, რადგან თუკი, წონად +70 კგ ამოვარდებოდა, ჩვენ მარტივად, უკვე დამარცხებულები ვიყავით, თუმცა, გაგვიმართლა და -73კგ ამოვიდა. აი, ახლა კი, ლაშას, რამდენიმე წუთით ადრე დაშვებული ბავშვური შეცდომის გამოსწორების შანსი ჰქონდა და შეასრულა კიდეც. საქართველოს ნაკრებმა 4-2 მოიგო და ფინალში გავიდა.


აქ ცოტა გადახვევა - სხვათა შორის, საფრანგეთიდან ლუკას ალეკსა მიტროვიჩთან მოუხდა დაპირისპირება. ეს ალექსა ხომ გახსოვთ, მსოფლიო ჩემპიონატზე, ბექაურს რომ მტკივნეული ფეხში ურტყამდა, 301-ემ კი, მტკივნეული ფეხით, ორი შეხვედრა მოუგო? ჰოდა, დღეს ეს ალეკსა, ახლა მაისურაძეს არ ინდობდა და სახეშიც უთავაზა, თუმცა, აქაც ჩვენმა აჯობა და როგორც აღვნიშნე, იპონით დაამარცხა.


ფინალში კი, ჩვენი მეტოქე რუსეთის ნაკრები იყო. ალბათ, აქაც ჩემს პირად მოსაზრებას ვიტყვი, იმდენად მოტივირებულნი ვიყავით, რომ მოგვეგო, რომ ბევრ მომენტში ვიჩქარეთ, მაგალითად, როდესაც პირველი შეხვედრა ირაკლი დემეტრაშვილმა წააგო, არა და ანგარიშში წინ იყო. შემდეგ, წააგო ეთომაც, რომელსაც რუსმა ზუევამ, უბრალოდ, ტაქტიკურად მოიგო. ამ დროს, ტაბლოზე ანგარიში უკვე 0-3 იყო. ტატამზე, „შავის" დრო დადგა და გამოცდილმა ჯუდოკამაც, როცა გუნდს სჭირდებოდა, საქართველო „საქმეში" დატოვა, ანგარიში ერთი ქულით შეამცირა, 1-3. ქართველებიდან დამატებით დროში შეხვედრის გადასაყვანად, ორი ბრძოლა და იქ გამარჯვება გვაშორებდა. რიგითობით აქ ჯერ, ნინო გულბანი, შემდეგ კი, ლუკა მაისურაძე გამოდიოდნენ. თუმცა... ნინომ იბრძოლა, მაგრამ ბოლო წამებზე იუკოთი დამარცხდა და შესაბამისად, ჩვენი გუნდიც დამარცხდა 1-4.


ლუკა მაისურაძეს, ამ დაპირისპირებაში არ მოუხდა ბრძოლა, არადა, საინტერესო იყო, როგორ წარიმართებოდა, ლუკასა და ტიმურ არბუზოვის დაპირისპირება. შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, არბუზოვს დოპინგის მოხმარებას ედავებოდნენ, თუმცა, სპორტსმენს ეს ბრალდება არ დაუდასტურდა და დღეს ის, თავისი გუნდის განაცხადში იყო.


საქართველოს შერეული გუნდი, ვიმედოვნებთ, რომ მხოლოდ ერთი წლით, ვერცხლის მედლებს დაყაბულდა.

 

ფოტო: (c) EJU Media