
რამდენიმე საათის წინ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები კაპიტანი თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიამ" კლუბის დიდების დარბაზში შეიყვანა. პროექტის Virtus 100 Hall of Fame-ის ფარგლებში, რომელიც კლუბის ასწლოვან ისტორიას ეძღვნება, „დიდების დარბაზში", მხოლოდ ის ლეგენდარული ფიგურები შეჰყავთ, რომლებმაც გუნდის წარმატებაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს. თოკო კი, სწორედ ასეთი ფიგურაა. ბოლონიურ გუნდში გატარებული 4 სეზონის განმავლობაში, შენგელიამ სერია A-ში 120 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოიგო იტალიის ჩემპიონატი (Scudetto) და გახდა ფინალური სერიის MVP. 2-ჯერ მოიგო იტალიის სუპერთასი და დაეუფლა სუპერთასის MVP-ის ტიტულსაც. მოიგო ევროთასი (EuroCup). აი დღეს, კი ყოფილ გუნდს მოუგო შეხვედრა.
ბოლონიელებმა, „ვირტუსის" ყოფილ კაპიტანს ემოციური დახვედრაც მოუწყეს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, თოკოს „დუბაის" მათი გუნდის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. შეხვედრა სტუმრებმა 75-93 მოიგეს. ევროლიგის მე-10 ტურში, თოკო მოედანზე „დუბაის" სასტარტო ხუთეულში გამოვიდა ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან ჯანან მუსა, დუეინ ბეკონი, მაკ-კინლი ვრაითი და მფიონდუ კაბენგელი. თოკომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საკმაოდ პროდუქტიული და ჭკვიანური მატჩი ჩაატარა. ქართველმა მოედანზე 22:39 წუთი დაჰყო, რა დროსაც, დააგროვა 14 ქულა, 3 მოხსნა, შეასრულა 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება.
მატჩი კი, „დუბაის" სრული დომინირებით წარიმართა. არაბული კლუბის უპირატესობა შეხვედრის განმავლობაში 23 ქულასაც კი აღწევდა, მაშინ როცა მასპინძლებმა მაქსიმუმ მხოლოდ 4-ქულიანი ლიდერობის მოპოვება შეძლეს. სტუმრებმა თამაშიდან ფანტასტიკური სიზუსტით ისროლეს. ორქულიანებისა და სამქულიანების საერთო მაჩვენებელი 59.6% იყო, 44.4%-ის წინააღმდეგ.
ევროლიგის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში საოცარი სიმჭიდროვეა. „დუბაის" 10 მატჩში 7 მოგება და 3 წაგება აქვს, ზუსტად ისეთივე ბალანსი, როგორიც მის წინ მყოფ „ოლიმპიაკოსს", „ვალენსიას", „ფენერბაჰჩეს" და უკან მყოფ „ბარსელონას". ამ ეტაპზე, ადგილები ამ გუნდებს შორის ჩაგდებული და გაშვებული ქულების სხვაობით ნაწილდება.
და ბოლოს, ისევ სტატიის დასაწყისს, რომ დავუბრუნდეთ, თოკოს „დიდების დარბაზში" შეყვანის ცერემონიას, თოკოს ოჯახიც ესწრებოდა, რომლებსაც სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული სიმბოლური მაისურები გადაეცათ.





ჩვენ







