
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ნორვეგიულ ბერგენში, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, 17 ბურთიანი სხვაობით, 40-23 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) დამარცხდა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ დღეს, მთავარი მწვრთნელის რანგში, ოფიციალური სადებიუტო მატჩი ჰქონდა რუბენ გარაბაიას. თუმცა, ესპანელ სპეციალისტს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტრავმის გამო აკლდა. მათ შორის გიორგი დიხამინჯია, მირიან გავაშელიშვილი და ნიკოლოზ კალანდაძე.
მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 3-1 დაწინაურდნენ. ქართული გუნდიდან ახალ შესარჩევში გოლების ათვლა ირაკლი კბილაშვილმა გახსნა. ნორვეგიელებმა საწყის წუთებზევე მოახერხეს 4 ბურთიანი უპირატესობის მოპოვება და ნელ-ნელა გაზარდეს. საბოლოოდ კი, პირველი მეოთხედი კომფორტულად, 8 ბურთიანი სხვაობით მოიგეს, 20-12. მეორე ტაიმში კი, მასპინძლებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა და საბოლოოდ 17 ბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
„ნორვეგიას ჰყავდა გრძელი სკამი, ჩვენ არ გვყავდა ბევრი გამოცდილი მოთამაშე. სამწუხაროდ, გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. გამოცდილები გვაკლდა. ცუდად დავიწყეთ თამაში, თავიდანვე გაგვასწრეს. როდესაც დავინახეთ, რომ დღეს შანსი აღარ გვქონდა, გადავწყვიტეთ, რომ „შეგვენახა" ეს გამოცდილი მოთამაშეები. მოვმზადებულიყავით ავსტრიისთვის და მაქსიმალურად დასვენებული შევხვედროდით მომდევნო მატჩს. სამწუხაროდ, ახალგაზრდა მოთამაშეებმა სათანადოდ ვერ გაართვეს თავი დაკისრებული მოვალეობებს. ამიტომ, დიდი ანგარიშითაც წავაგეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ავსტრიასთან თამაშზე ეს შედეგი არ იმოქმედებს. ასევე, იმედი მაქვს, რომ თამაშზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და მხარს დაგვიჭერს", - ამბობს თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც თავადაც ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა მოედანს, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ.
დღევანდელ შეხვედრაში ქართული გუნდიდან გოლები გაიტანეს - ერეკლე არსენაშვილმა (4), გიორგი ლაპიაშვილმა (3), გიორგი ცხოვრებაძემ (3), თეიმურაზ ორჯონიკიძემ (3), გიორგი არეშიძემ (2), ირაკლი კბილაშვილმა (2), ირაკლი გოგოლაძე (2), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), ხაზეინ რუსტამოვი (1), გიგა უთმელიძე (1).
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, მეორე შეხვედრას თბილისში, 8 ნოემბერს თბილისის არენაზე, ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: ehfeuro





ჩვენ







