„ბეშიქთაში“ და „ჰაპოელ ბერ-შევა“ ბათუმში ითამაშებენ
„ბეშიქთაში“ და „ჰაპოელ ბერ-შევა“ ბათუმში ითამაშებენ
02.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

26 ნოემბერს საქართველო უეფა-ს ევროტურნირების ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს უმასპინძლებს. ის, რომ თბილისში მიხეილ მესხზე, უეფა-ს კონფერენს ლიგის მორიგ კალენდარულ შეხვედრაში „იბერია 1999", საბა საზონოვის „ხეტაფეს" მიიღებს არახალია. აქ ჩვენ ერთი კითხვა გვაქვს, ჩამოიყოლებენ თუ არა ესპანელების საბას საქართველოში და შემდეგ მისცემენ თუ არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს, ნაცნობ სტადიონზე თამაშის საშუალებას.


აი, მეორე მატჩის შესახებ, კი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და ამბავი თავდაპირველად, თურქული საფეხბურთო გრანდის „ბეშიქთაშის" ვებ-გვერდზე გამოჩნდა.


კლუბის ინფორმაციით, უეფა-სთან კონსულტაციების და მატჩში მონაწილე ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა რომ 26 ნოემბერს დაგეგმილი უეფა-ს ევროპა ლიგის კალენდარულ შეხვედრას, რომელიც სტამბოლში, „ბეშიქთაშის სტადიონზე" უნდა გამართულიყო ბათუმში გაიმართება.


თამაშის ორგანიზატორები ამ გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზით ხსნიან - უეფა-ს მიაჩნია, რომ მატჩი სტამბოლში არ უნდა ჩატარებულიყო, რაც თავის მხრივ უსაფრთხოების მაღალ რისკებსა და თურქეთ-ისრაელს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობიდან გამომდინარეობს. აქ, ერთი კითხვა ჩნდება, ამ ვითარების გათვალისწინებით, უეფა-ს სანაკრებო დონზე აქვს რეგულაცია, მაშინ, რატო არ მოქმედებს ეს რეგულაცია საკლუბო დონეზე და თუ მოქმედებს, რატო არ ამუშავდა.


Türkiye Gazetesi-ს და სხვა წამყვანი თურქული გამოცემების ცნობით, ისრაელის კლუბმა, „ჰაპოელ ბერ შევამ", ბათუმში თამაში უეფა-ში გააპროტესტა. მათი თქმით, ბათუმი თურქეთის საზღვართან „ზედმეტად ახლოსაა", რაც თურქ გულშემატკივრებს მასობრივად ჩასვლის საშუალებას აძლევს. ისრაელელები ითხოვდნენ მატჩის სხვა ქვეყანაში გადატანას ან მის მაყურებლის გარეშე ჩატარებას, თუმცა, უეფა-მ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საბოლოო დასტური მაინც ბათუმს მისცა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე უსაფთხოების დაცვის მიზნით, შარშან, ანალოგიური მიზეზით, თურქულ გუნდს ისრაელის „მაკაბისთან" მატჩის უნგრეთში, თანაც, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება მოუწია. ამჯერად, თურქული გრანდის ხელმძღვანელობამ მკაცრი პოზიცია დაიჭირა, უარი თქვა მაყურებლის გარეშე თამაშზე და მიაღწია იმას, რომ მატჩი თურქეთისთვის ყველაზე ხელსაყრელ, ახლო წერტილში - ბათუმში ჩატარდება. სადაც ქომაგები, ვიზების გარეშე, პირადობის მოწმობებით მოახერხებენ გადმოსვლას. თუმცა, სტადიონზე შემსვლელები მკაცრ კონტროლს გაივლიან.


თავის მხრივ, ისრაელის მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ისრაელელები თავს ყოველთვის უსაფრთხოდ, მშვიდად და სასურველ სტუმრებად გრძნობენ. მათთვის ბათუმი ნაცნობი, ახლობელი და კომფორტული ლოკაციაა, რაც ფეხბურთელებსა და დელეგაციას ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხისგან ათავისუფლებს. მნიშვნელოვანია, რომ მატჩი ჩატარდება მაყურებლით და არა ცარიელი ტრიბუნებით, როგორც ეს ნეიტრალურ მოედნებზე ხშირად ხდება. ამას გარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელს ბათუმთან რეგულარული ფრენები აქვს „ჰაპოელ ბერ შევას" დაახლოებით 1000-მდე ერთგულ გულშემატკივარს მიეცემა სტადიონზე შესვლის ოფიციალური უფლება.


ფაქტია, საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელსაც ორივე მხარე ერთნაირად თურქეთიც და ისრაელიც ენდობა და საიმედო პარტნიორად მიიჩნევს. ახლა ჯერი ჩვენზე, მასპინძლებზეა. საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ საუკუნეების მანძილზე მასზე დაკისრებულ დიპლომატიურ და სამშვიდობო მისიას დღესაც უმაღლეს დონეზე ართმევს თავს.