საქართველოს 23-წლამდეთა შერეული გუნდი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საქართველოს 23-წლამდეთა შერეული გუნდი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
01.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წუთის წინ ნეაპოლში, ჯუდოში, ევროპის 23-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური შეჯიბრი დასრულდა. საქართველოს გუნდი, რომელიც მოქმედი ჩემპიონი იყო, ამასთან ორი წელი ზედიზედ ევროპის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა, საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, საფრანგეთის გუნდთან დამატებით დროში, იუკოს ხარჯზე დამარცხდა და მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გუნდი, მომავალ სეზონში თავის სათქმელს იტყვის.


დღეს ქართული გუნდისთვის (ნინო ლოლაძე, ნინო გულბანი, ბარბარე გელაშვილი, საბა ქარდავა, თორნიკე მოსიაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი) გერმანიის საკმაოდ ძლიერ გუნდთან დაპირისპირებით დაიწყო.  შეხვედრები ლუკა ჯავახიშვილმა, საბა ქარდავამ, ნინო ლოლაძემ მოიგეს, დოლურამ კი საბოლოო სიტყვისთვის ტატამზე თორნიკე მოსიაშვილი იხმო, რომელმაც 6 კაციანი გუნდიდან ე.წ. ძირითად დროში ბოლომ იასპარეზა. ამჯერად მოიგო და შესაბამისად, მოიგო ჩვენმა გუნდმაც, 4-3.  


მომდევნო ეტაპი უკვე, 1/2 ფინალი იყო. აქ, ქართული გუნდი, ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატის მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდა. ამჯერად, ტატამზე პირველი ლუკა ჯავახიშვილი გამოვიდა, დღევანდელი დღის ტენდენცია არ დაარღვია და კვლავ, იპონით გაიმარჯვა. თავის შეხვედრა მოიგო ბარბარე გელაშვილმაც. მოულოდნელად მარცხდება საბა ქარდავა დამატებით დროში. მომდევნო შეხვედრას აგებს ნინო ლოლაძეც. იტალიელებმა გაათანაბრეს. აქვე არ შემიძლია ჩემი მოკრძალებული აზრი არ ვთქვა - რადგან მსაჯების მიკერძოებულობა (ისევე, როგორც ფინალში), განსაკუთრებით მეზობელი აზერბაიჯანელი ქალის იმდენად შესამჩნევი იყო, რომ ჯუდოსთან „გვერდზე გავლილი" კაციც კი, შეამჩნევდა. თუმცა, ამ გარემოებამ ამ შემთხვევაში ქართულ გუნდზე სტიმულატორის როლი შეასრულა და დარბაზის მხარდაჭერისა და მსაჯების სიმპათიების მიუხედავად, ჯერ მათე ბერუაშვილმა მოიგო თავის შეხვედრა, შემდეგ კი, ნინო გულბანმა იპონით დაამარცხა მასპინძელი მეტოქე და ქართულ გუნდს, მეოთხე, გამარჯვების ქულა მოუტანა. იტალიელებს 4-2 მოვუგეთ.


ფინალში ქართულ გუნდს ფრანგები ელოდნენ. პირველი შეხვედრა ბარბარე გელაშვილს უწევდა, რომელიც ტრადიციულად -78 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, თუმცა, ამჯერად, მეტოქე +78 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გრეის-ესთერ მიენანდი ლაჰუ ელოდა, რომლის სიმაღლეც 190 სმ არის და წონა, დაახლოებით 110-120 კგ-ებს შორის მერყეობს. ასე დეტალურად ბარბარეს მეტოქეზე იმიტომ მოგახსენებთ, რომ ვინც არ უყურა ორთაბრძოლას, უბრალოდ შეექმნას შთაბეჭდილება ქართველი გოგონას მეტოქეზე, რომელმაც მხოლოდ გოლდენ სქორში დათმო შეხვედრა. ფრანგები დაწინაურდნენ. მომდევნო ტატამზე, ქარდავა გამოვიდა, რომელმაც მოახერხა გამარჯვება და საქართველოსა და საფრანგეთის გუნდების დაპირისპირებაში ანგარიში გათანაბრდა, 1-1. მომდევნო, ტატამზე ნინო ლოლაძის ჯერი იყო, რომელმაც იპონით მოახერხა გამარჯვება და ქართული გუნდი დააწინაურა 2-1. მათე ბერუაშვილმა მხნედ დაიწყო, თუმცა, ბრძოლის დროს, თითქოს ქართველ ჯუდოკას დისკომფორტი ჰქონდა. ბრძოლამ კი, 10 წუთი გასტანა და მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში, ახლა ფრანგებმა გაათანაბრეს, 2-2. მომდევნო შეხვედრა ნინო გულბანმა საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში წააგო და ახლა, ფრანგები დაწინაურდნენ. 2-3. თუმცა, ექვსეულიდან, ტატამზე ბოლო ლუკა ჯავახიშვილი იყო, რომელმაც თავისი ლიდერის თვისებები, ამჯერადაც გამოავლინა და მართალია, იპონით არა, მაგრამ მოახერხა ვაზარის აღება და ქართული გუნდისთვის საჭირო ქულის აღება. ძირითადი დრო 3-3 დასრულდა. დოლურამ კი, მათე ბერუაშვილის წონა ამოაგდო. „დამატებით დროში" კი, იუკოთი დავმარცხდით 3-4 და ამ ჯერზე, მხოლოდ ვერცხლის მედლებს დავჯერდით.

 

ფოტო: EJU / Emanuele Castagna