
იტალიაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატზე დღეს ტატამზე რვა ქართველმა ჯუდოკამ სცადა ძალები, თუმცა, ნეაპოლის ტატამი, მხოლოდ 3 ჯუდოკასთვის გამოდგა იღბლიანი. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.
-81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი არღვლიანი, ასპარეზობას მეორე წრეში გამოეთიშა. საწყისს ეტაპზე დამარცხდა -100 კგ წონით კატეგორიაში ნოდარ ალაფიშვილიც.
ისევე როგორც გუშინ დღესაც, ქართულ გუნდს ორი წონა გაორებული ჰქონდა, ერთ-ერთი -90 კგ წონითი კატეგორია იყო, სადაც ლუკა ჯავახიშვილმა და ნიკოლოზ დავლაძემ ბადის მოგება და 1/2 ფინალში გასვლა მოახერხეს. აქ, ქართველებმა ორივე ნახევარფინალი მოიგეს და საბოლოოდ, ქართული ფინალი ვიხილეთ, რომელშიც საკმაოდ სანახაობრივი იყო, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საბოლოოდ, ილეთით აღებული ქულის გარეშე დასრულდა. გამარჯვებული ლუკა ჯავახიშვილი გახდა. საქართველომ კი, ოქრო და ვერცხლი გაინაწილა.
+100 კგ წონაში, რომელიც ასევე გაორებული გვქონდა, ქართველები რეპეშაჟში გადაეყარნენ. საბოლოოდ, საბა ქარდავსა და გიორგი ბადუაშვილს შორის გამარჯვებულმა, გიორგი ბადუაშვილმა, ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა, რომელშიც თავდაპირველად შიდოებით დაწინაურდა თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, იპონით დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
გოგონებში, მოულოდნელად პირველივე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას -70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო გულბანი, თუმცა, აქ ჩვენს სუბიექტურ დაკვირვებას ვიტყვი - კონკრეტულად მიდინარე ჩემპიონატზე და წყვილებზე, სადაც ქართველებს სამი შიდოს მიღების შემდეგ, განსაკუთრებით რუმინელების წინააღმდეგ (მათ შორის ბიჭებში) მიენიჭათ მარცხი, ან საერთოდ, მეტოქისთვის მისაცემი შიდოები არ შეიმჩნიეს, მოკლედ, ნინოც ამ გარემოების „მსხვერპლი" გახდა. იმედია, ჩვენი დელეგაცია და არა მხოლოდ ამ ტურნირზე, საკუთარი სპორტსმენების ინტერესებს, ცოტა უფრო მეტად დაიცავს.
-78 კგ წონაში მოასპარეზე ბარბარე გელაშვილმა, რეპეშაჟში გასვლა მოახერხა, თუმცა, აქ, სერბ ბეტოქესთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
საბოლოოდ, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართული გუნდის ანგარიშზე 3 ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ერთიც ოქროს მედალია.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ, 1 ნოემბერს შერეულ გუნდური პირველობა გაიმართება, სადაც ორგზის და რაც მთავარია, მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტიტულის კიდევ ერთხელ მოგებას შეეცდება. ქართული გუნდი პირველ წრეში გერმანიასთან დაპირისპირებით დაიწყებს, ამის შემდეგ კი, 1/2 ფინალში იტალიასა და მოლდოვას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბადის ქვედა ნახევრიდან საფრანგეთისა და უნგრეთის წყვილში გამარჯვებული, 1/2 ფინალში უკრაინასა და ავსტრიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.





ჩვენ







