
2028 წელს საქართველო პირველად უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ბატუტზე ხტომაში, 2028 წლის 5-9 აპრილს თბილისში რამდენიმე დისციპლინაში - ბატუტზე ხტომაში, სინქრონულ ბატუტში, ორმაგ მინი-ბატუტისა და აკრობატულ ბილიკზე ხტომებში გათამაშდება. უკვე ცნობილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენები როგორც იუნიორთა, ისე უფროსთა ასაკობრივ კატეგორიებში იასპარეზებენ.
„ბატუტზე ხტომების ისტორიაში ასეთი მასშტაბის შეჯიბრი საქართველოში პირველად ჩატარდება. დღეს მქონდა ონლაინ კონფერენცია, სადაც ჩვენი პრეზენტაცია წარვადგინეთ. მადლობა თითოეულ წევრს ჩვენი მხარდაჭერისათვის. ფედერაციაში მოსვლისთანავე ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა. ამ დღეს კი, წელიწადნახევარი ველოდებოდი. მთელი ჩემი სპორტული კარიერის მანძილზე ვოცნებობდი რომ ჩატარებულიყო ასეთი შეჯიბრი ჩემს სამშობლოში, სადაც ჩვენს ქვეყანას ვასახელებდი. არა მგონია, ვინმეს ეწყინოს თუ ვიტყვი, რომ, კი, მე ეს ოცნება ავისრულე და ავუსრულე ჩემს სპორტსმენებს. ახლა თქვენი დროა.
თუმცა, ვერასდროს ვერ შევძლებდი ამ ოცნების ასრულებას, რომ არა საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს გვერდში დგომა.
ამ ეტაპზე, ბილიკზე და მინი-ტრამპზე არ გვყავს სპორტსმენები, მაგრამ იმედი მაქვს რომ ევროპის ჩემპიონატზე ამ დისციპლინაშიც გვეყოლება მონაწილეები", - ამბობს ლუბა გოლოვინა, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ბატუტზე მხტომელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ეს გადაწყვეტილება ევროპის ტანვარჯიშის კავშირმა (European Gymnastics) ოფიციალურად 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა. ამ ეტაპზე უცნობია აღნიშნულ ევროპულ ფორუმს თბილისის ტანვარჯიშის არენა უმასპინძლებს თუ ოლიმპიური სასახლე.
მოგეხსენებათ, საქართველოს ბატუტზე ხტომის ნაკრებს ბოლო წლებში საერთაშორისო ასპარეზზე (როგორც მსოფლიო, ისე ევროპის ჩემპიონატებზე) არაერთი ისტორიული გამარჯვება და მედალი აქვს მოპოვებული, რაც ამ საშინაო ჩემპიონატს კიდევ უფრო საინტერესოსა და მნიშვნელოვანს ხდის.





ჩვენ







