ორი საგოლე, მოპოვებული პენალტი და ორივე გუნდში უმაღლესი ქულა, გიორგი კვერნაძე დაფრინავს
ორი საგოლე, მოპოვებული პენალტი და ორივე გუნდში უმაღლესი ქულა, გიორგი კვერნაძე დაფრინავს
29.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ლეგიონის მონაწილეობით დღევანდელი სათამაშო დღე რამდენიმე ქვეყანაში, სხვადასხვა ტურნირით გაგრძელდა.


აჰკიდა პენალტი, გააკეთა ორი საგოლე გადაცემა, აი, პირველ საგოლე გადაცემამდე ცოტა ხნით ადრე, თავადაც მცირე დააკლდა გოლამდე, თუმცა, საერთო ჯამში, ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. დიახ, ლაპარაკი გიორგი კვერნაძეზე, რომელსაც იტალიურ საფეხბურთო წრეებში, „ახალ კვარაცხელიადაც" მოიხსენიებენ. იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში, გიორგის „ფროზინონემ" საშინაო შეხვედრაში „ლეჩე" გაანადგურა. გაიმარჯვა 5-1 და სატურნირო ცხრილში, 17 ქულით, მომდევნო ტურამდე, მე-6 ადგილზე განთავსდა. ქართველის გუნდი, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, მე-5 ადგილზე მყოფ „მილანს". მომდევნო ტურში კი, 1 ნოემბერს, სახლში, „ტორინოს" უმასპინძლებს.


ავსტრიაში, ქართველების გრაცის „შტურმმა" დღეს, OFB თასის 1/8 ფინალში „აუსტრია ლუსტენაუს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გარეშე, ამ გასვლით სათასო შეხვედრაში, ანგარიში მასპინძლებმა, მე-16 წუთზე გახსნეს, 26-ე წუთზე კი, უკვე 2-0 დაწინაურდნენ. გრაცელებმა ორჯერ მოახერხეს, ანგარიშის ერთ ბურთამდე შემცირება, თუმცა, თამაშის გადასარჩენად დრო არ ეყოთ და სათასო მარათონს გამოეთიშნენ. ამასობაში, ავსტრიულ საფეხბურთო წრეებში, ქართველების ტრავმას, განსაკუთრებით „კიტესას" საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებს აბრალებენ და აკრიტიკებენ იმის, გამო რომ კლუბისგან განსხვავებით, ოთარი ნაკრებში არ დაზოგეს. თუმცა, ავსტრიელების ამ განწყობას, ჩვენ, საქართველოში სასტიკად არ ვეთანხმებით. იმავე წყაროზე დაყრდნობით, გიზი ნოემბრის სანაკრებო თამაშებს გამოტოვებს, თუმცა, დიდი ალბათობით, „შტურმს" ნოემბრის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. აი, კიტეიშვილს კი, დიდი ალბათობით, 2026 წლის ბოლომდე, შესაძლოა თამაში აღარ მოუწიოს.