ორი პროგრამა, ჯანსაღი კონკურენცია და მნიშვნელოვანი შეჯიბრები, სადაც ბევრს მიეცემა შანსი
ორი პროგრამა, ჯანსაღი კონკურენცია და მნიშვნელოვანი შეჯიბრები, სადაც ბევრს მიეცემა შანსი
29.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2026 წლის 7 ნოემბერს, ბელგრადში ჯუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება შერეულ გუნდურ შეჯიბრში. 2025 წელს ეს ტიტული პოდგორიცაში, საქართველოს ნაკრებმა მოიგო და შესაბამისად, მოქმედი ჩემპიონია, რომელიც ტიტულის დაცვას შეეცდება. ერთი წლით ადრე კი, ჩვენმა გუნდმა საკმაოდ დრამატულ ორთაბრძოლაში იტალიელები 4-3 დაამარცხეს. გადამწყვეტი გამარჯვება კი, ნაკრებს მარიამ ჭანტურიამ მოუტანა, რომელის წონაც, მაშინ როდესაც ანგარიში 3-3 იყო, დოლურამ ამოაგდო. სხვათა შორის, მარიამი თვის დასაწყისში ბაქოშიც იყო, თუმცა, გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. ამჯერად, კი ტრავმირებული გვყავს ლაშა ბექაური. აი, სოფო სომხიშვილის ჯანმრთელობის შესახებ კი, რომელიც უფრო მეტად გუნდური მებრძოლია და ამის თქმის არანაირად მოგვერიდება და რომელმაც ბაქოში, არსებული ტრავმა გაიმიზეზა, ამ ეტაპზე არ გვაქვს. კულუარული ინფორმაციით გუნდის შემადგენლობიდან, მხოლოდ ვიცით, რომ ლუკა მაისურაძე და ეთერ ლიპარტელიანი იქნებიან. დანარჩენი კი, უახლოეს დღეებში გაირკვევა.


თუმცა, მანამდე ქართველი ჯუდოკები რამდენიმე ტურნირზე იასპარეზებენ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილება დაიწყოს ორი ახალი პროექტი, უფრო მეტად აქტუალური ხდება. გუშინდელ შეკრებაზე ითქვა, რომ ჯუდოში ეროვნულ ნაკრებთან ერთად, იარსებებს ორი ჯგუფი, რომელიც უკვე მიზანმიმართულად მოემზადება მნიშვნელოვანი შეჯიბრისთვის. ერთი იქნება, უფრო მოზრდილების ჯგუფი, რომელსაც „გამოწვევა 2029"-ს უწოდეს და ამ ჯგუფის მიზანია საქართველოში დაგეგმილი 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება იქნება, ხოლო მეორე, „გამოწვევა 2032" უფრო მომავალზე იქნება ორიენტირებული.  


„აზერბაიჯანში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მასპინძელ გუნდს, გაცილებით მეტი სპორტსმენის გამოყვანის უფლება მიეცა. შესაბამისად, ჩვენ ამისთვის დღეიდანვე უნდა დავიწყოთ მზადება, რათა ამ გამოწვევას ღირსეულად შევხვდეთ. პარალელურად, რათა მომავალი თაობა არ დაგვრჩეს უყურადღებოდა, ვიწყებთ მეორე პროგრამასაც, რომელსაც, პირობითად „გამოწვევა 2032"-ს ვარქმევთ. ამ კატეგორიაში, უფრო მეტი ახალგაზრდა და ჭაბუკი იქნება თავმოყრილი. თუმცა, ეს პროგრამა არ ნიშნავს, რომ დაველოდებით 2032 წელს. ამ პროგრამით დარწმუნებულნი ვართ, რომ იქ მყოფი სპორტსმენები, ჯანსაღ კონკურენციას გაუწევენ სხვებს და თამამად შეგვეძლება იმ დანაკლისების შევსება, მაშინ როდესაც ოლიმპიური ნაკრებიდან, ამა თუ იმ მნიშვნელოვან შეჯიბრზე ვერ შევძლებთ ნაკრების წევრი სპორტსმენების გაშვებას", - ამბობს დავით ქევხიშვილი.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოფიციალურად და საბოლოოდ ითქვა, რომ გურამ მოდებაძე, მინიმუმ ორი წლით საქართველოს ჯუდოს ნაკრებს უხელმძღვანელებს. ორი წლის შემდეგ, შედეგებს გადავხედავთ და იმის შემდეგ ვიმსჯელებთ, გავუგრძელოთ თუ, შევუწყვიტოთ კონტრაქტიო.


ამრიგად, ვიდრე 1 დეკემბერს ჯუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ჯუდოს უახლოესი მომავლის გეგმა საზოგადოებისთვის, მეტ-ნაკლებად ცნობილია.