
ქართველებს ერთი კარგი გამოთქმა გვაქვს, ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო... ფრანგულმა და განსაკუთრებით პსჟ-ს გარემოცვამ, თავში მაშინ შემოირტყა ხელი, როდესაც მინიმუმ სეზონის ბოლომდე ხვიჩა კვარაცხელია ხელიდან გამოეცალათ. მანამდე რა გააკეთეს ისეთი, რომ თუნდაც, „კვარას" სულიერი სიმშვიდე შეენარჩუნებინათ? არ ვიცი, ეს კითხვა მხოლოდ მე გამიჩნდა, რაც 2026-2027 წლების სეზონი დაიწყო და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხვიჩა „ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის მოხვდა, თუ სხვასაც...
ფაქტია და ვცდილობდი, ამის შესახებ ძლიან ხმამაღლაც არ მეყვირა, მაინც სად პატარა საქართველო და სად უზარმაზარი საფეხბურთო გრანდები, თავის ტრადიციული მედიით, რომელიც წლებია მოდის და ბუნებრივია, უფრო წონადია ვიდრე ჩვენ, სადღაც საქართველოდან, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში კოლეგები რუკაზეც კი ვერ ნახულობენ. ისე ამ თემას, სავარაუდოდ ერთ თვეში დავუბრუნდები. მანამდე კი, ხვიჩას შესახებ, რომელიც წესით დღეიდან, პასიურ რეაბილიტაციას დაიწყებდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, სისტემატური კონტაქტის აქვს ქართულ სამედიცინო შტაბთან და რაც მთავარია ნაკრების სამწვრთნელო შტაბთანაც. დეტალებზე არ დავკონკრეტდები - ჩემს ჟურნალისტურ ეთიკას სცდება!
ჰოდა, მას შემდეგ რაც „კვარა" ყოველგვარი ტონუსიდან ამოვარდნილი, 20 ოქტომბერს „ლომის ხახაში" შეაგდეს, ვგულისხმობ, „ბარსელონას" წონას, მატჩის ხასიათიდან გამომდინარე ინტესნიობასა და დატვირთვას, ქართველი ყველანაირად შეეცადა დაემტკიცებინა (თუმცა კი, არც არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი), რომ ის კვლავ ლიდერია და არსად წასულა. მოკლედ, ვიტყვი ფრაზას, რომელიც ძალიან მაღიზიანებს - „მოხდა ის, რაც მოხდა", თუმცა, ფაქტია.
კარგია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ოპერაცია კი, მას კონკრეტულ სფეროში პელემ (ვისთვის მარადონამ) ჩაატარა და იმედი გვაქვს მისი გუნდი (სამედიცინო გუნდი) ხვიჩას სათანადო რეაბილიტაციასაც გაატარებს. პსჟ-ს ფანებმა ხვიჩას მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს „ლიონთან" მატჩს წინ, გოლებიც, რომელიც გაიტანეს ქართველ თანაგუნდელს მიუძღვნეს და გასახდელშიც „კვარას" მხარდამჭერი ფოტო გადაუღეს. მაშინ კი, როდესაც პატარა კვარაცხელიას (თორნიკე მყავს მხედველობაში) საქართველოში, „დინამო არენაზე" გოლები გაჰქონდა და მას ძმას უძღვნიდა, დოჰაში, „კვარა" კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ მოინახულა.
ბუნებრივია, სოციალურ ქსელში მაშინვე გამოჩნდა ერთობლივი ფოტო, ხვიჩას პალატიდან და ზოგიერთ სოციალურ ქსელში მინაწერიც: „ამას ჰქვია პსჟ-ს ოჯახი! სიხარულშიც და მწუხარებაშიც გვედრით მოთამაშეებთან. ბრწყინვალე ჟესტი ადასტურებს, რომ „პსჟ" არის მეტი, ვიდრე უბრალოდ კლუბი. მაგრად იყავი ხვიჩა, მთელი პარიზი შენს გვერდით არის! დაგვიბრუნდი უფრო ძლიერი!", - აღნიშნულია მინაწერში.
მანამდე კი, კულუარებში უფრო მეტს ლაპარაკობენ, რომ ქართველ ფეხბურთელს „უფრო ძლიერი" პირობებით შესთავაზებენ კონტრაქტს, რომელიც არსებულის 2032 წლამდე გახანგრძლივებას გულისხმობს, რომელიც მას შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიხედა, რაც ქართველმა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და რეალურად მიმდინარე სეზონი დაასრულა, რაც ასევე გულისხმობს გაზრდილ ხელფასს. თუმცა, ხელფასი ხელფასად და ქართველის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენ მისი სათამაშო დროსთან და ნდობის ფაქტორთან (აქ არ მგონია რაიმე პრობლემა იყოს) უფრო გვადარდებს, ყოველ შემთხვევაში მე, რადგან ის პირდაპირი კავშირშია ხვიჩას სულიერ სიმშვიდესთან, რომელიც მის თამაშში და ხარისხში ისახება. რა ვქნათ, გვინდა არ გვინდა, ქართველი კაცის გენეტიკური კოდი ასეთია - რაღაცეებს, ვერ ატარებს.
ასე, რომ „კვარა" პარიზის რა გითხრა, მაგრამ ალბათ, საქართველოში ისინიც კი, ვინც შენზე ბევრს ცუდად „ჭორაობს", ახლა, დარწმუნებული ვარ, შენს დროულ ფეხზე დადგომას და მინდორზე გასვლას ცდილობენ. აბა, ისე, საჭორაო ხომ გამოელევათ.





ჩვენ







