
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 9 დეკემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თბილისის დროით 19:00 საათზე ერთმანეთს „გაგრა" და ბათუმის „დინამო" დაუპირისპირდებიან. შესაძლოა შავი ზღვისპირულ დერბის ფოთში, „ფაზისის" სტადიონზე გამართული მატჩი უფრო დაამშვენებდა, თუმცა, დეკემბრის ამ დეკადაში, გადატვირთული კალენდრის გამო (მთავრდება ბევრი ტურნირი, მათ შორის ქალთა ჩემპიონატი, ასაკობრივი ტურნირები), ალბათ, „მიხეილ მესხი" აღნიშნული ფინალისთვის, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო.
მანამდე კი, დღეს და გუშინ, თბილისსა და ბათუმში ორი საინტერესო 1/2 ნახევარფინალი გაიმართა.
თბილისში, „პეტრო არენაზე", „გაგრამ", რომელიც საქართველოს ეროვნულ ლიგაში გასავარდნ ზონაშია, ჩემპიონის ტიტულის თუ არა, საპრიზო სამეულის ერთ-ერთ პრეტენდენტ გუნდს, „რუსთავს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. უნდა აღინიშნოს, რომ გაგრელებმა ანგარიში მე-14 წუთზე იაზლი ნაზაროვის გოლით გახსნეს და 29-ე წუთისთვის, ვანდერსონ სილვას გოლით, უკვე 2-0-ს იგებდნენ. შესაძლოა, რუსთაველები, მოვლენების ასეთ განვითარებას არ მოელოდნენ, რადგან გონს, მხოლოდ მეორე ტაიმის შუაწელიდან მოვიდნენ. გოლიც გაიტანეს, 83-ე წუთზე, რომლის ავტორიც, შეცვლაზე 72-ე წუთზე შემოსული ლუკა პარკაძე აღმოჩნდა. მასვე, ბოლო წუთებზე, გათანაბრების და თამაშის დამატებით დროში გადაყვანის შანსი ჰქონდა. თუმცა, ვერ მოახერხა. ისე, დამატებით დროში, რა მოხდებოდა კაცმა არ იცოდა, რადგან „გაგრა" 79-ე წუთიდან ნაკლული თამაშობდა, მეორე ყვითელის გამო პირველი გოლის ავტორი გააგდეს. ასეა თუ ისე, „გაგრამ" გაიმარჯვა და მეოთხედ, კლუბის ისტორიაში, საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს.
აი, მეტოქე კი, გაგრელებს მრისხანე ეყოლებათ, გამომდინარე იქიდან, რის გაკეთებაც ბათუმის „დინამომ" სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ გააკეთა და ახლა, ეროვნული ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის სათავეშია. მიუხედავად ასეთი ხმამაღალი განაცხადისა, გორის „დილასთან" დღევანდელი დაპირისპირება „ბათუმი არენაზე" მხოლოდ პირველი ტაიმი გამოდგა დამაინტრიგებელი. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ანგარიში სტუმრებმა 30-ე წუთზე შოთა შეყილაძის უძლიერესი და ზუსტი დარტყმით გახსნეს. თუმცა, მეორე ტაიმმა საპირისპირო აჩვენა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 8-წუთიან მონაკვეთში ჯერ დირკ კარლსონმა, 49-ე წუთზე, შემდეგ კი, მაურიდესმა 57-ე წუთზე ორი გოლი გაიტანეს და მასპინძლები დაწინაურდნენ. ბუნებრივია, საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, ამ უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდა. ისევე, როგორც თბილისში გამართულ პირველ 1/2 ფინალში, ბოლო გოლი, ამ შეხვედრაშიც 83-ე წუთზე გავიდა. მისი ავტორი კი, შეცვლაზე შემოსული იმრანი გახდა. „დინამომ" 3-1 გაიმარჯვა და 2026 წლის დარჩენილ კალენდარულ დღეებში დუბლს შეუტევს.





ჩვენ







