
დღეს თბილისში, „დინამო არენაზე" უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა უეფა-ს წევრი ქვეყნების ჩემპიონი გუდების „გზით" მოასპარეზეთათვის. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, 19-წლმდეთა შორის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი" დანიურ „კოპენჰაგენს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 3-0 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) დაამარცხა. აქვე ვთქვათ, რომ თბილისელთაგან დუბლი კვარაცხელიამ, ერთი კი მიქაუტაძემ გაიტანა, თუმცა, არც კვარაცხელია იყო ხვიჩა და არც მიქაუტაძე ჟორჟი.
„დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 2000 ადამიანი ესწრებოდა ქართული გუნდის სრული დომინაციით წარიმართა და ალბათ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ანგარიში ბევრად უფრო დიდიც უნდა ყოფილი. თუმცა, ვასილ გეგუჩაძის გაწვრთნილებს, ბოლო ფაზაში, აშკარად ემჩნეოდათ მღელვარება, რომელიც თამაშიდან თამაშამდე, გამოცდილებასთან ერთად გაქრება.
ანგარიში მე-4 წუთზე, თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელიც საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და მას შემდეგ, რაც ანრი ძნელაძის დარტყმული ძელმა აისხლიტა, დამატებაზე გაიტანა. 26-ე წუთზე დინამოელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ამჯერად, კვარაცხელიამ საგოლე გადაცემით სანდრო მიქაუტაძე მოამარაგა, რომელმაც არ დააყოვნა და ანგარიში გაზარდა 2-0. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა თბილისელებს კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ. მაგალითად რატი (უმცროსს) ალექსიძეს, 31-ე წუთზე, ძნელაძეს 34-ე წუთზე, ლუკა შარიქაძეს 43-ზე და კვლავ, კვარაცხელიას მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე. თუმცა, პირველი ტაიმი 2-0 დასრულდა.
მეორე ტაიმში, გეგუჩაძემ ცვლილებით დაიწყოს. ძნელაძის ნაცვლად, მოედანზე კობა კაკაშვილი შემოუშვა, რომელიც ტრადიციულად აქტიური იყო, თუმცა, ისევე, როგორც ეროვნული ლიგაში. აქვე გეტყვით, რომ უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე, იგივე ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, გუნდებს, უფლება აქვთ შესაბამისი ასაკის ფეხბურთელი მთავარი გუნდიდანაც დაიმატონ, თუკი, რა თქმა უნდა კლუბს ასეთი ჰყავს. ჩვენ კი, რამდენიმე გვყავს. მესამე გოლი კი, „კოპენჰაგენის" კარში, სწორედ, კაკაშვილის გადაცემით დაიწყო, რომელიც ნიკოლოზ ადუაშვილმა გააგრძელა კვარაცხელიაზე, რომელმაც ხვიჩას სტილში წაიღო და შორი მანძილიდან აუღებელი დაარტყა. არ შემიძლია, არ დავეთანხმო ჩემს კოლეგებს, რომლებსაც აღნიშნულ გოლს „საგვარეული გოლი" გოლი უწოდეს. აღნიშნვა კი, თორნიკეს ორივე გოლის ხვიჩას სტილში ჰქონდა.
„ახლა, ხვიჩას ძალიან რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში. უმძიმესი ტრავმა მიიღო და მეც, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები", - ამბობს 16 წლის თორნიკე, რომელიც მოძრაობებით, ერთი-ერთში ჰგავს უფროს ძმას, თუმცა, ცდილობს თავისი „ხაზიც გაჭრას". ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა და წინ გუნდს „მეორე ტაიმი" დარჩა სათამაშო, სადაც ქართული გუნდი შეეცდება მაქსიმუმი გააკეთოს და გასვლაზეც გაიმარჯვოს, უკეთესი ანგარიშით, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს სერიოზული ჰყავთ.
თუმცა, მანამდე ქართულმა კლუბმა, დანიურს, დღევანდელ შეხვედრაში, ბურთითაც და უბურთოდაც აშკარად აჯობა მეტოქეს. ობიექტურად, ალბათ, „კოპენჰაგენი", რომლის თამაშის ანალიზის შემდეგ, საკმაოდ მობილიზებული, ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი მეტოქე უნდა ყოფილიყო, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, აშკარად დაიბნა. ეს უნდა ქართული კლუბის სამწვრთნელო შტაბმა მომავალი თამაშისთვის აუცილებლად გათვალოს, რადგან საპასუხო თამაში, დღევანდელი ანგარიშის მიუხედავად, საკმაოდ რთული გველის.
„რაც დავგეგმეთ, რაღაცეები გამოგვივიდა, პრესინგიც. გაგვიჭირდა კიდეც, თუმცა, მთლიანობაში, რაც დავგეგმეთ და იმუშავეს ბიჭებმა, შევისწავლეთ რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეც და გავაკეთეთ. თავიდან, ცოტა დაძაბულები იყვნენ, არ გამოუვიდათ ბურთის დაჭერა, კონტროლი, აყოლა წართმევაზე, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, რაც დავალება მივეცი შეასრულეს. ვულოცავ და მადლობა, მაგრამ მეორე თამაშია წინ დანიაში, კოპენჰაგენში. უკვე იმ თამაშისთვის უნდა დავიწყოთ მზადება, თუმცა, მანამდე 31 ოქტომბერს თასის 1/2 ფინალური თამაში გვაქვს", - ამბობს ვასილ გეგუჩაძე, „დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი.
როგორც აღვნიშნეთ, გუნდმა საერთო ჯამში გამართული შთაბეჭდილება დატოვა და ბუნებრივია, რომელიმეს გამოყოფა არ გვინდა, თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით მათე ჭელიძეს, დინამოელთა მეკარეს რომელმაც თამაშის მიწურულს, ორი „მკვდარი" ბურთი აიღო, კარიც მშრალად შეინახა და რეალურად 19-წლამდეთა შორის საქართველოს ჩემპიონი საქმეში დატოვა.
„დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდი 4 ნოემბერს კოპენჰაგენში, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავს.
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ







