„აპოლო“ კატალონიისკენ მიემგზავრება, „დინამო თბილისი“, „იბერია“ და „ოლიმპი“ წილისყრას ელიან
„აპოლო“ კატალონიისკენ მიემგზავრება, „დინამო თბილისი“, „იბერია“ და „ოლიმპი“ წილისყრას ელიან
28.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პირველად ქართული წყალბურთის ისტორიაში,  ევროტურნირებზე ოთხი ქართული კლუბი იქნება წარმოდგენილი. თამაშები ნოემბერის ბოლოს და დეკემბერში გაიმართება. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.  ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „აპოლო", „ევრო თასზე" (Euro Cup), „დინამო თბილისი", „იბერია" და „ოლიმპი" კი, წყალბურთში სამიდან ერთ-ერთ, ევროპის კონფერენს თასის (Conference Cup) მე-2 რაუნდში იასპარეზებენ, რომელიც რა თქმა უნდა, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ეგიდით ტარდება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში წყალბურთში, ეროვნული ჩემპიონატი 6 გუნდს შორის თამაშდება. ამრიგად, ევროტურნირებზე, ოთხი ქართული კლუბის ხილვა საკმაოდ პრესტიჟულია. „კონფერენს თასის" წილისყრა ნოემბრის დასაწყისში ჩატარდება და ჩვენი გუნდების მეტოქეები გაირკვევა. მანამდე კი, მოკლედ გადავხედოთ გზას, თუ როგორ მოხვდნენ „დინამო თბილისი", „ოლიმპი" და „იბერია" აღნიშნულ ტურნირებზე.



დავიწყო თბილისის „ოლიმპით", რომლის ევროტურნირებზე მონაწილეობის შესახებ, ქართულ მედიაში თითქმის არაფერი წერია. კლუბმა „კონფერენს თასის" პირველ ეტაპზე C ჯგუფში იასპარეზა. თამაშებს, 22-25 ოქტომებრს თბილისის „ოლიმპიკმა" უმასპინძლა. ქართულმა კლუბმა ჯგუფში ორი შეხვერდა მოიგო და იტალიურ „ტრიესტესთან" ერთად, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქართულმა კლუბმა პირველ თამაშში „მანჩესტერი" 16-10 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში სძლია ნიდერლანდურ „ცვტ-1886"-ს 14-10. ბოლოს კი, იტალიურ „ტრიესტესთან" 10-26 დამარცხდა. თუმცა, მარცხის მიუხედავად, დაგროვებული 6 ქულა საკმარისი აღმოჩნდა მეორე ეტაპზე გასასვლელად.



6 ქულა დააგროვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა „იბერიაც", რომელმაც „კონფერენს თასის" I რაუნდის ჯგუფური ეტაპის თამაშები უნგრეთში ჩაატარა. უნგრულ სეგედში დაკომპლექტებულ D ჯგუფს, ბევრი „სიკვდილის" ჯგუფადაც მოიაზრებდა. სასტარტო შეხვედრაში ქართული გუნდი უნგრულ „ვასას პლაკეტისთან" დიდი ანგარიშით 10-31 დამარცხდა. თუმცა, ამის შემდეგ, ქართულმა გუნდმა იპოვა ძალები და ბოსნიურ „ბანია ლუკას" 6-26 მოუგო. გამოდინარე იქიდან, რომ ჯგუფში 5 გუნდი იყო, მე-2 რაუნდში სამი გადიოდა. შესაბამისად, ქართულ კლუბს, დარჩენილ ორ შეხვედრაში მინიმუმ ერთი თამაში უნდა მოეგო. ბოლოს წინა შეხვედრაში, „იბერია", ჯგუფის მასპინძელი „სეგედის" გუნდს დაუპირისპირდა და 17-8 დამარცხდა. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გასვლის ბედი მეოთხე სპარინგს უნდა გადაეწყვიტა. ბოლო მატჩი კი, „იბერიას" გერმანულ „პოტსდამთან" ჰქონდა. თამაში საკმაოდ დრამატული გამოდგა.  მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე გერმანელები 8-7-ს იგებდნენ, თუმცა, „იბერიამ" ბოლო 44 წამში 2 გოლის გატანა მოახერხა, თამაში 8-9 მოიგო, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


იხილეთ „კონფერენს თასის" საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგები.



ქართული წყალბურთის გრანდი „დინამო თბილისი", რომლისთვისაც ევროტურნირები არ არის უცხო, „კონფერენს თასზე" მას შემდეგ მოხვდა, რაც „ევრო თასის" გათამაშებას გამოეთიშა. განსხვავებით „კონფერენს თასის" პირველი ეტაპიდან, რომელიც 22-25 ოქტომბერს გაიმართა, „ევრო თასის" ჯგუფური ეტაპის პირველი რაუნდის თამაშები ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა. 8-11 ოქტომბერს, „დინამო" A ჯგუფში ასპარეზობდა, რომლის მატჩებიც საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსში ჩატარდა. გუნდს საკმაოდ რთული შეხვედრები ჰქონდა მასპინძელ საფრანგეთის „პეი დ'ექსთან" 14-9, ჩერნოგორიის „პრიმორაცთან" 25-11 წააგეს და თურქულ „გალათასარაისთან" 14-10. მიუხედავად ამისა, გუნდმა ევროპის საკლუბო ტურნირების რანგით დაბალ, „კონფერენს თასზე" გადმოინაცვლა და ახლა, ზემოთხსენებული გუნდების მსგავსად, დინამოელებიც ნოემბრის წილისყრას ელიან.



რანგით მეორე საწყლოსნო საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „აპოლო", რომელმაც 2026-2027 წლების ევროტურნირები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან დაიწყო. 18-20 სექტემბერს, თბილისის „ოლიმპიკში", „აპოლომ" სამი შეხვედრა გამართა. პირველ შეხვედრაში ქართულმა კლუბმა მონტენეგროს „ბუდვა" 19-16 დაამარცხა. ამის შემდეგ, ევროპული წყალბურთის გრანდთან „ბრეშასთან" 17-21 დამარცხდნენ. სამწუხაროდ, ბოლო შეხვედრაში, ესპანურ „საბადელთან" მოუწიათ დაპირისპირება და ამჯერად 12-22 დამარცხდნენ. საბოლოოდ, ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და „ევრო თასზე" გადაინაცვლეს.  


აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში დაკავებული მე-3 ადგილის გამო, „აპოლომ" პირდაპირ მიიღო „ევრო თასის" ძირითადი ჯგუფური ეტაპის საგზური და ახლა, C ჯგუფში ესპანურ „ბარსელონასთან" და „ტერასასთან" ასევე, ბერძნულ „აპოლონ სმირნისთან" ერთად იასპარეზებს. საერთო ჯამში „აპოლო" 6 მატჩს სახლი-გასვლის პრინციპით ჩაატარებს და ასპარეზობას 29 ოქტომბერს, „ბარსელონასთან" კატალონიაში გასვლაზე დაიწყებს (იხილეთ თამაშების განრიგი). 


იმ შემთხვევაში, თუკი, ქართული კლუბი, „ევრო თასზე" ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს, მაშინ სხვა ქართული კლუბების მსგავსად მასაც მიეცემა შანსი, „კონფერენს თასის" გათამაშებას შეუერთდეს. თუმცა, სხვა ქართული კლუბისგან განსხვავებით, აქ, „აპოლოს" „კონფერენს თასის" ჯგუფების მესამეადგილოსანთან მოუწევს ფლეი-ოფში, 1/4 ფინალური საგზურის მოპოვება.


შეგახსენებთ, რომ  რომ ოთხიდან ერთი, „აპოლო" კატალონიისკენ მიემართება. სამი  ქართული კლუბი კი, ევროპის საწყლოსნო ფედერაციისგან ნოემბრის წილისყრას ელოდება, ხოლო უშუალოდ მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 11-13 დეკემბერს გაიმართება.



სტატიაში გამოყენებულია თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები