
ქართული ლეგიონიდან დღეს ორმა გაიტანა - გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი გაგუამ. ყოველ შემთხვევაში იმ თამაშებში, რომელთა მოკლე მიმოხილვასაც დღეს გთავაზობთ.
ესპანეთის ლა ლიგაში, ქართული ლეგიონერებიდან პირველი გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანოსა" და „ელჩეს" შეხვედრით დაიწყო. „წიტა" მოედანზე მეორე ტაიმში, ხორხე დე ფრუტოსის ნაცვლად შემოვიდა. ამ მომენტში, მისი გუნდი, პირველ ტაიმში გაშვებული ორი პენალტის წყალობით, 0-2-ს აგებდა. ამასთან, ქართველის გუნდელებმა, პირველი ტაიმის მიწურულს მათ სასარგებლოდ დანიშნული პენალტი გააცუდეს. საკმაოდ უხეში პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმი უფრო მშვიდი გამოდგა, თუმცა, გოლი კვლავ სტუმრებმა გაიტანეს და საბოლოოდ, 0-3 გაიმარჯვეს. გიორგის გუნდი, ამ ტურის შემდეგ, 9 ქულით მე-17 ადგილზეა და ძალიან ახლოს არის გასავარდნ ზონასთან. თუმცა, შეგახსენებთ, რომ სეზონი ახალი დაწყებულია.
მომდევნო შეხვედრა ქართველი ლეგიონერის მონაწილეობით სანტანდერში გაიმართა. გიორგი გულიაშვილს უნდა ეთამაშა თუმცა, სანტანდერის „რასინგისა" და „ესპანიოლის" შეხვედრაში, რომელიც გიორგის გუნდმა 2-1 მოიგო, ქართველი სათადარიგო სკამზე დარჩა და სათამაშო დრო არ მიეცა. „რასინგი" არასრული მე-10 ტურის შემდეგ, 11 ქულით მე-12 ადგილზეა.
ამავე ტურში, ძლიან დიდი ხანი გაატარა სკაზე გიორგი მიქაუტაძემ, სადაც „ვალენსიასა" და „ვილიარეალის" შეხვედრაში, ანგარიშ 38-ე წუთზე პენალტით პეპელუმ გახსნა. ქართველის გუნდმა, 69-ე წუთზე ფრიმანის გოლით კი გაათანაბრა ანგარიში, თუმცა, ამის შემდეგ კაცნაკლული დარჩა. ყველაზე საინტერესო კი, ის გარემოებაა, რომ ქართველი მოედანზე 66-ე წუთზე შემოვიდა და ყოველგვარი სუბიექტურობა რომ გამოვრიცხოთ, პირველივე წუთებიდან სტუმართა იერი გამოაცოცხლა. მსაჯის მიერ მატჩისთვის კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე კი, მოლეიროსგან თითქმის მოედნის ცენტრში მიღებული ბურთით ჯერ სისწრაფეზე აჯობა მეტოქეს, შემდეგ იარა ამ ბურთით და ბოლოს მცირე მანევრის შემდეგ, გამარჯვების გოლის გატანაც არ გასჭირვებია. „ვილიარეალმა" ჟორჟის გოლის 1-2 მოიგო და საკმაოდ საჭირო ქულები ჩაიწერა აქტივში. გუნდი, ამ ტურის შემდეგ, 12 ქულით მე-8 ადგილზეა.
მორიგი ქართველ ლეგიონერთა დერბის მოწმენი ვიყავით სლოვაკეთის „ნაიკის ლიგაში" სადაც, თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე", ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვასთან" საშინაო შეხვედრაში 1-4 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, თუმცა, ძირითადი მოვლენები 69-ე წუთიდან განვითარდა, რა დროსაც სტუმრებმა კიდევ სამი გოლი (21 წლის მონტენეგროელმა ბალსა მრვალიევიჩმა) გაიტანა, „მიხალოვცემ" კი, ერთით უპასუხა და ბოლოს კაცნაკლული დარჩა. ქართველებმა ორივემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. თუმცა, ლუკა, მეორე ტაიმის დასაწყისში, შეცვალეს. ამ ტურის შემდეგ, „პოდბრეზოვას" 17 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, რაც შეეხება „მიხალოვეცს" ამ მარცხის შემდეგ ოდნავ დაქვეითდა სატურნირო ცხრილში და 14 ქულით, მე-7 ადგილზე აღმოჩნდა.
გიორგი გაგუამ კი, სწრაფი გოლი გაიტანა. ქართველმა, „დუნაისკა სტრედასა" და „რუზომბეროკის" დაპირისპირებაში, რომელიც საბოლოოდ, 5-0 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ, გოლების ათვლა მე-5 წუთიდან დაიწყო. გიორგი კი, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო 75-ე წუთზე შეცვალეს. „დუნაისკა სტრედა" 12 ტურის შემდეგ, 29 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, ამასთან, ქართველის გუნდს, ერთით ნაკრები თამაში აქვს ჩატარებული.
გოლი არ გაუტანია, მაგრამ პოლონურ ექსტრაკლასაში საგოლე გადაცემა გააკეთა ოთარ კაკაბაძემ, რომლის „კრაკოვია" გასვლით შეხვედრაში, 3-1 დამარცხდა „პიასტი გლივიცესთან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი, 12 ტურის შემდეგ, 12 ქულით, მე-13 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, მე-9 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა" საშინაო შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა „კოტბუს ენერგისთან". ქართველმა, რომელსაც წინა ტური მუხლის ტრავმის გამო გაუცდა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. თამაშის მიწურულს კი, გოლამდე ცოტა დააკლდა. 9 ტურის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმს" 15 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა-2-ში ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა. მე-10 ტურის საშინაო შეხვედრაში, ქართველის „სენტ ეტიენმა" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა „ნანტი". ზურიკომ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 84-ე წუთზე შეცვალეს. აღნიშნული ტურის შემდეგ, მისი გუნდი, 25 ქულით ლიგას ლიდერობს.
დღეს ეს იყოს, ქართული ლეგიონის ამბებით, ხვალ დავბრუნდებით.





ჩვენ







