
საფრანგეთში მიმდინარე გრან პრის პირველ ეტაპზე დღეს მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ ცეკვებში, სადაც რიტმული ცეკვების შემდეგ, ქართული წყვილი დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მეორე ადგილზე იყვნენ. ჩვენები ბოლოდან მეორე უნდა გამოსულიყვნენ ყინულზე. ამ დროს კი, თავისუფალ პროგრამაში და ორი პროგრამის ჯამშიც ამერიკელები ლიდერობდნენ. მათ გადასასწრებად, დიანასა და გლებს 111.47 სჭირდებოდათ.
ჩვენმა წყვილმა, საკმაოდ მაღალ ტემპში, მუსიკასთან სრულ სინქრონში შეასრულა პროგრამა და 116.03 (63.11 / 52.92) დაიმსახურა და ბოლო გამომსვლელის, ფრანგული წყვილის ასპარეზობის დასრულებამდე პირველ ადგილზე გაიმყარა ადგილი. ამერიკელებს თავისუფალ პროგრამაში 4.5 ქულით, ორი პროგრამის ჯამში დაგროვებული 193.93 ქულითაც ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. თუმცა, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, გრან პრის მასპინძელი, ფრანგულმა წყვილმა ლორენ ფურნიე ბოდრიმ და გიომ სიზერონიმ, ჩვენი გადმოსახედიდან რამდენიმე შეცდომის მიუხედავად, პროგრამის დასაწყისში და მას შემდეგ, რაც მსაჯებმა „გადახედეს" შედეგებს, მაინც მოახერხა, თავისუფალ პროგრამაში ყველაზე მაღალი ქულის აღება 125.01 (67.29 / 57.72) და რიტმული ცეკვების მსგავსად თავისუფალიც მოიგო, ამჯერად 8.98 ქულით მეტი აიღო ჩვენს წყვილზე. ორი პროგრამის ჯამშიც, 207.57 ქულით გრან პრის სერიის პირველი ტურნირი მოიგო.
„დიდებული გრძნობაა. ყოველი შეჯიბრის შემდეგ უფრო ვხვეწავთ პროგრამას. მნიშვნელოვანი ცვლილებები გავაკეთეთ, მათ შორის, აქ ჩამოსვლამდე შევცვალეთ მუსიკა. ყველაფერს ერთად მოვუყარეთ თავი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიდი საქმე გავაკეთეთ და მწვრთნელები ამით უნდა ამაყობდნენ. ეს გრან პრის პირველი მედალია ჩვენთვის და ვერცხლი, კარგი დასაწყისია. ამ სეზონში ჩვენი მიზანია შეჯიბრიდან შეჯიბრამდე დავხვეწოთ პროგრამები და ვირწმუნოთ საკუთარი თავის, რომ კარგი მოციგურავეები ვართ. თუკი, ყოველკვირეულად უკეთ ვიასპარეზებთ, შედეგი მოვა. გრან პრი, მხოლოდ დასაწყისია... შევცვალეთ მუსიკალური გაფორმება და კოსტუმები რათა უფრო ღრმა შინაარსი მიგვეცა. კოსტიუმებზე ხაზები ვენების ხაზებს იმეორებს. მუსიკალური გაფორმებიდან ჩვენ ასევე ამოვიღეთ ტექსტური ნაწილი, რადგან ყურადღებას გვიფანტავდა", - თქვეს დიანამ და გლებმა „გოლდენ სქეითისთვის" გაკეთებულ კომენტარში.

დღესვე მოგვიანებით, უფრო ზუსტად დღის ბოლოს, მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა ერთეულ ქალებში, სადაც მოკლე პროგრამის შემდეგ, ანასტასია გუბანოვა, ორ იაპონელ მოციგურავეს შორის მეორე ადგილზე იყო. იმისთვის, რომ ბოლო გამომსვლელამდე დაწინაურებული, ნასტიას 147. 12 ქულა სჭირდებოდა. გუბანოვამ კარგად დაიწყო, თუმცა პროგრამის მეორე ნაწილში დაეტყო ნერვიულობა და რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომელმაც რეალურად ბევრი ქულა დააკარგვინა და საბოლოოდ, თავისუფალ პროგრამაში 130.19 (66.99 /63.20) ქულით მესამე შედეგი აჩვენა. ყინულზე კი, ბოლო მონაწილე იყო დარჩენილი, რომელსაც ბევრის შეცვლა შეეძლო. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, იაპონელმა იუნა აოკიმაც ინერვიულა და საბოლოოდ, თავისუფალ პროგრამაში მე-5 ადგილზე ჩააგდო. ორი პროგრამის ჯამში კი, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. ანასტასია გუბანოვამ კი, ორი პროგრამის ჯამში და მოკლე პროგრამაში სუფთა სრიალის ხარჯზე, 202.82 ქულა მიიღო, სულ რაღაც 0.45 ქულით აჯობა იტალიელ ლარა ნაკი გუტმანს, აი, მეორე იპონელს ამი ნაკაის კი, რომელსაც მოკლე პროგრამის შემდეგ უსწრებდა, დღეს და ორი პროგრამის ჯამში, საგრძნობლად ჩამორჩა.
„ძალიან ვნერვიულობდი, რადგან მინდოდა, ბევრად უკეთესად მეასპარეზა ვიდრე „თრიალეთის თასზე". დღეს, მართლა რთული იყო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე ამის გაკეთება. თავისუფალი პროგრამის ახალ ფორმატთან დაკავშირებით, სადაც პირველ ნაწილში ერთით ნაკლები ნახტომია, უფრო გაადვილებულია, ვიდრე ეს შარშან იყო. თუმცა, მეორე ნაწილი ჩემთვის უფრო რთული იყო, რადგან ნახტომების კომბინაცია იყო სხვა, იმასთან შედარებით რის კეთებასაც ვიყავი მიჩვეული. ახლა, ჩემი მიზანია, დავხვეწო ეს ყველაფერი და შემდეგ შეჯიბრებზე უკეთესად გამოვიდე", - ამბობს ანასტასია გუბანოვა.

დღესვე ასპარეზობა დაიწყეს სპორტულმა წყვილებმა და მათ შორის ჩვენმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებმაც რა დავმალოთ და თამასა ისე მაღლა ასწიეს, რომ მათგან მხოლოდ წარმატებას ველით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენები ცდილობენ ახალ პროგრამას და ახალ კოსტიუმებს საბოლოოდ მოერგონ, დღეს საუკეთესოები იყვნენ და 77.34 (42.49 /34.85) ქულა დაიმსახურეს, რაც, რამდენიმე კვირის წინ, ბათუმში, თრიალეთის თასზე ნაჩვენებ შედეგთან შედარებით ნაკლები იყო, თუმცა, ანასტასია და ლუკა თავისუფალი პროგრამის წინ ლიდერები არიან და იმედს გვიტოვებენ, რომ ხვალ, კიდევ ერთ მედალს მოვიგებთ.
„კარგი სტარტი იყო, რადგან განრიგი აქ, ართ თუ იდეალურია და ადგომა ძალიან ადრე მოგვიწია. თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენი ასპარეზობით კმაყოფილები ვართ. ჩვენ ვართ ძალიან კარგი გუნდი და ვზრუნავთ ერთმანეთზე, მათ შორის სტანისლავ მოროზოვი, ეთერი თუთბერიძე და ბევრი სხვა. ჩვენ, მათი ყოველდღიური დახმარების გამო მადლიერები ვართ. თავისუფალ პროგრამაში ჩვენი მიზანი? მოიცა ვიფიქრო... სუფთა სრიალია", - ამბობს ლუკა ბერულავა, მოკლე პროგრამის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 2026-2027 წლების სეზონზე, ISU Grand Prix-ი, ტრადიციულად 6 ეტაპისგან შედგება. ამ ექვსი ეტაპის შედეგად საუკეთესო რეიტინგის მქონე 6-6 სპორტსმენი/წყვილი თითოეულ დისციპლინაში დეკემბერში დიდ გრან-პრის ფინალში მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებს. ფინალი კი, ჩონცინში, ჩინეთში გაიმართება.
მიმდინარე პირველი ეტაპის ჩათვლით, მოციგურავეთა გრან პრის ეტაპების კალენდარი ასე გამოიყურება:
I ეტაპი Grand Prix de France (ანჟე, საფრანგეთი) - 23-25 ოქტომბერი
II ეტაპი Skate Canada International (კელოუნა, კანადა) - 30 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
III ეტაპი Cup of China (შენჟენი, ჩინეთი) - 6-8 ნოემბერი
IV ეტაპი Skate America (ევერეტი, აშშ) - 13-15 ნოემბერი
V ეტაპი Finlandia Trophy (ჰელსინკი, ფინეთი) - 20-22 ნოემბერი
VI ეტაპი NHK Trophy (ტოკიო, იაპონია) - 27-29 ნოემბერი
ფოტო: (c) ISU





ჩვენ







