
საფრანგეთში, ანჟეში მიმდინარე გრან პრის პირველ ეტაპზე, სადაც ქართული გუნდი სამ დისციპლინაში არის წარმოდგენილი პირველი ცეკვებში დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა იასპარეზეს. რიტმული ცეკვებში, სადაც წლევანდელი თემა ვალსი არის ჩვენმა წყვილმა 77.90 (42.90 /35.00) ქულა დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამის წინ მეორე პოზიციაზეა.
დიანამ და გლებმა წინ, მხოლოდ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები და ეტაპის მასპინძლები ლორენ ფურნიე ბოდრი და გიომ სიზერონი (82.56 (45.85 /37.71) გადაუშვეს. მათ ზუსტად, 0.07 მეასედით ჩამორჩებიან აშშ-ს სახელით მოასპარეზე წყვილი - კრისტინა კარეირა და ანტონი პონამარენკო. სხვათა შორის, ანტონი ცნობილი საბჭოთა მოციგურავეების მარინა კლიმოვასა და სერგეი პონამარენკოს შვილია, რომელიც აშშ-ში დაიბადა.
სპორტულ ცეკვებში წინ თავისუფალი პროგრამაა, რომელიც ხვალ გაიმართება და შესაბამისად, მედლებიც გათამაშდება. ხვალ გათამაშდება მედლები ქალთა შორის, სადაც საქართველოს ანასტასია გუბანოვა წარმოადგენდა.
ჩვენმა ფიგურულმა მოციგურავემ მოკლე პროგრამა სუფთად შეასრულა და ამასთან პირადი რეკორდი დაამყარა, რამეთუ პირადი რეკორდი, რომელიც 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდა ნაჩვენები (71.77) გააუმჯობესა და მსაჯებისგან 72.63 (40.65 /31.98) ქულა მიიღო შეფასება, რაც დღის მეორე შედეგი აღმოჩნდა. ნასტიას, იაპონელი იუნა აოკი უსწრებს 76.31 ქულით. მას შემდეგ, თავისუფალი პროგრამის წინ, ასევე იაპონელია ამი ნაკაი 70.66 ქულით. ასე რომ ხვალ ჩვენს მოციგურავეს, საკმაოდ სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ ასპარეზობას, მამაკაცები დაიწყებენ. მათ შემდეგ, მოკლე პროგრამით სპორტულ ცეკვებში მოასპარეზენი და მათ შორის ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გამოვლენ ყინულზე. ასე, რომ ხვალ საკმაოდ, გრძელი და დაძაბული დღე გველის.
2026-2027 წლების სეზონზე, ISU Grand Prix-ი, ტრადიციულად 6 ეტაპისგან შედგება. ამ ექვსი ეტაპის შედეგად საუკეთესო რეიტინგის მქონე 6-6 სპორტსმენი/წყვილი თითოეულ დისციპლინაში დეკემბერში დიდ გრან-პრის ფინალში მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებს. ფინალი კი, ჩონცინში, ჩინეთში გაიმართება.
მიმდინარე პირველი ეტაპის ჩათვლით, მოციგურავეთა გრან პრის ეტაპების კალენდარი ასე გამოიყურება:
I ეტაპი Grand Prix de France (ანჟე, საფრანგეთი) - 23-25 ოქტომბერი
II ეტაპი Skate Canada International (კელოუნა, კანადა) - 30 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
III ეტაპი Cup of China (შენჟენი, ჩინეთი) - 6-8 ნოემბერი
IV ეტაპი Skate America (ევერეტი, აშშ) - 13-15 ნოემბერი
V ეტაპი Finlandia Trophy (ჰელსინკი, ფინეთი) - 20-22 ნოემბერი
VI ეტაპი NHK Trophy (ტოკიო, იაპონია) - 27-29 ნოემბერი





ჩვენ







