მნიშვნელოვანი ქულა, რომელიც ევროტურნირებზე ოთხი ქართული გუნდი დააბრუნა
მნიშვნელოვანი ქულა, რომელიც ევროტურნირებზე ოთხი ქართული გუნდი დააბრუნა
22.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

22 წლის შემდეგ, დღეს, 22 ოქტომბერს თბილისში, ევროტურნირები მთავარი ბადით დაბრუნდა. საკმაოდ ცუდი ამინდის ფონზე, რომელიც მართალია, თამაშის მომენტში „დამშვიდდა", თუმცა, მატჩამდე ძლიერმა წვიმამ, როგორც ჩანს, გულშემატკივარი შეაფერხა. ყოველ შემთხვევაში ის გარემოება, რომ დღეს ასე „მონატრებული" ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაზე ქომაგი „მიხეილ მესხზე" არ მოვიდა და ვინც მოვიდა, ისიც ჩუმი სტატისტის როლში იყო, მინდა ამინდს დავაბრალო.


უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საშინაო შეხვედრა ლიგის ფაზაში, „იბერია 1999"-სა და „მიალბის" შორის, ქართული გუნდის უპირატესობით დაიწყო. თუმცა, პირველი ორი დარტყმა ქართული გუნდის კარის მიმართულებით განხორციელდა. აი პირველი კუთხური კი, მე-10 წუთზე, „იბერიამ" შეასრულა. მასპინძელთაგან პირველად კარში მე-16 წუთზე ზვიად ნაჭყებიამ პირველად დაარტყა კარის მიმართულებით. ამის შემდეგ, უკვე ჩვენ გადავარჩით და რეალურად, პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა - თუ არ ჩავთვლით კარში დარტყმების რაოდენობას, რომელშიც ქართულ გუნდს, სტუმრებმა აჯობეს. თუმცა, პირველი 20 წუთის მიწურულს, სტადიონზე მოსული ქომაგი ბელგიელმა მსაჯებმა ცოტა ანერვიულეს - VAR-მა საბედნიეროდ, ქართული გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და პენალტი არ დანიშნა. ამ ტაიმში კიდევ 23-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილის და გიორგი ჯინჯოლავას დარტყმული დაგვამახსოვრდა. 44-ე წუთზე კი, უკვე მაკარიძემ იხსნა საკუთარი კარი. ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.


მეორე ტაიმი შეიძლება ითქვას, ქართული გუნდისთვის საინტერესოდ დაიწყო. 53-ე წუთზე ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შესულმა სიხარულაშვილმა, პირდაპირი გაგებით მეტოქეს პენალტი „აჰკიდა". VAR-მა გადაამოწმა და ქართულ გუნდს 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მისცა. გოლი, 55-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა. ალბათ, ეს დეტალიც, სტატისტიკის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან 22 წლის შემდეგ, ძირითად ფაზაზე პირველი გოლია. „იბერია 1999" კი დაწინაურდა. თუმცა, ნელ-ნელა დავაში „ჩაჯდა". 75-ე წუთზე გიორგი მაკარიძემ კიდევ ერთხელ გვიხსნა. ამ მომენტისთვის, სტუმრებმა უკვე მოახერხეს ბურთის გაკონტროლება და ქართული გუნდი, რეალურად საკუთრ საჯარიმოს მიაჯაჭვეს. ეს კი, არაფერი კარგის მომტანი არ იყო. რამდენიმე მომენტი ქართულ გუნდსაც ჰქონდა, თუმცა, ბოლო მომენტში რაღაცას ვაკლებდით და რეალურად, 2-3 მომენტი ასე გავანიავეთ. „წინათგრძნობამ" კი, არ მოგვატყუა და შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა 35 წლის მცველმა, ტომ პეტერსონმა, რომელიც მალე აქტიური ფეხბურთიდან წასვლას აპირებს, სტანდარტულის შემდეგ გოლი გაგვიტანა და ანგარიში გაათანაბრა - კვლავ ქართული გუნდების აქილევსის ქუსლი, ბოლო წუთზე გაშვებული გოლი, რომელიც თამაშის ბედს წყვეტს. შეხვედრა ფრედ, 1-1 (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი).


თამაშს, 5 წუთი დაემატა. სიმართლე გითხრათ, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, აქ, ერთი სული გვქონდა თამაში დასრულებულიყო, რადგან ქულა მაინც არ დაგვეკარგა. ქულა, რომელმაც საქართველოს 2028-2029 წლის სეზონის ევროტურნირებზე ოთხგუნდიანი კვოტა აღუდგინა.


ფოტო: ლაშა კუპრაშვილი