უდიდესი მხარდაჭერა ხვიჩას მსოფლიო ვარსკვლავებისგან
უდიდესი მხარდაჭერა ხვიჩას მსოფლიო ვარსკვლავებისგან
22.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი, მარიამ მესხი

თუ როდის ჩაუტარდება ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია და კონკრეტულად რომელ კლინიკაში, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი და ადგილი დაზუსტებული არ არის. „პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურ გვერდზე ჯერ მხოლოდ ისევ მშრალი ინფორმაცია დევს „უახლოესი დღეების" მინიშნებით. როგორც წესი, ACL-ის ტრავმის დროს ოპერაციას, მხოლოდ მას შემდეგ ატარებენ რაც პირველადი შეშუპება ჩაცხრება.


ამასობაში, ხვიჩას უდიდესი მხარდაჭეარა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა გამოუცხადეს, რომელთა შორის კრიშტიანუ რონალდუს  კომენტარს გამოვყოფდით, რომელსაც თან ევრო 2024-ზე საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების ბოლო ჯგუფური შეხვედრის ფოტო ერთვის:


„ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ისაა, რომელსაც ვერავინ ხედავს. მე ვიცი ეს გრძნობა, კვარა. მაგრამ არასოდეს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და ნუ მისცემ უფლებას ერთ რთულ მომენტს, ეჭვი შეგეპაროს იმაში, თუ რამხელა მწვერვალების მიღწევა შეგიძლია. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის," - წერს პორტუგალიელი.


ბავშვობის კუმირისგან, კრიშტიანუ რონალდუსგან, რომელსაც თავადაც არაერთი მძიმე ტრავმა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი გადაუტანია,  მიიღებული ეს შეტყობინება, ხვიჩას აუცილებლად გაამხნევებს, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელების მხარდაჭერა.


„იყავი ძლიერი, კვარა", - წერს უსმან დემბელე.


„ჩვენ შენთან ვართ, ძმაო. იყავი ძლიერი", - წერს აშრაფ ჰაკიმი.


„გამაგრდი, ჩემო ძმაო, შენ უფრო ძლიერი დაბრუნდები. ღმერთი შენთანაა", - წერს დეზირე დუე.


საკმაოდ გულისამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა თავად ფეხბურთელმაც, რომლის კომენტარებში თანაგრძნობა გამოხატეს სხვა უცხოელმა და ქართველმა ფეხბურთელებმა, სპორტსმენებმა და ათასობით გულშემატკივარმა.


დღემდე, უამრავმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გადაიტანა წინა ჯვარედინი იოგის (ACL) ოპერაცია და მოედანს უფრო ძლიერი, ტიტულებითა და ინდივიდუალური ჯილდოებით დატვირთული დაუბრუნდა.


მაგალითად, 2005 წელს, ჩავი ერნანდესმა, „ბარსელონაში" გადასვლისთანავე მიიღო დაზიანება. ბევრს ეშინოდა, რომ ჩავი ძველებურ დინამიკასა და მოედნის ხედვას დაკარგავდა. თუმცა, მან ფენომენალური სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარა, 5 თვეში დაბრუნდა და სწორედ ამ ტრავმის შემდეგ გახდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი (2010), ორი ევროპის ჩემპიონატი (2008, 2012) და ჩემპიონთა ლიგის არაერთი ტიტული, რითაც დაამტკიცა, რომ სწორი რეაბილიტაციით უმაღლეს დონეზე თამაში წლების განმავლობაშია შესაძლებელი.


კიდევ ერთი მაგალითი არის იტალიელი რობერტო ბაჯო, რომელმაც კარიერის დასაწყისშივე, სულ რაღაც 18 წლის ასაკში, იოგები იმდენად მძიმედ გაიწყვიტა, რომ 220 ნაკერი დაადეს. ამის შემდეგ რა მოხდა? მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი მედიცინა დღევანდელთან ახლოსაც ვერ მივიდოდა, ბაჯომ წარმოუდგენელი ნებისყოფა გამოავლინა. მან მთელი კარიერა ფაქტობრივად „ერთი ჯანსაღი მუხლით" ითამაშა და ტრავმის შემდეგ გახდა „ოქროს ბურთის" მფლობელი (1993) და იტალიური ფეხბურთის მარადიული ლეგენდა.


მომდევნო მაგალითი რუდ ვან ნისტელროი არის, რომელიც 2000 წელს, პსვ-ში თამაშისას, ზუსტად იმ დროს დაშავდა, როცა „მანჩესტერ იუნაიტედში" უნდა გადასულიყო. ტრავმის გამო ტრანსფერი ჩაიშალა. თუმცა, ნიდერლანდელმა ფორვარდმა 9 თვე საკუთარ თავზე იმუშავა, შემდეგ კი, მაინც გადავიდა „მანჩესტერში" და კარიერის საუკეთესო წლებიც იქ გაატარა. მან ინგლისურ გუნდში 150 გოლი გაიტანა, გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი თავდამსხმელი.


ალან შირერი 1992 წელს, „ბლექბერნში" გადასვლიდან მალევე დაშავდა. მოედანზე დაბრუნებულმა კი, მომდევნო სეზონებში 31 და 34 გოლები გაიტანა. მან გააგრძელა გოლების გატანა და დღემდე რჩება ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად (260 გოლი), რაც სწორედ ACL-ის ოპერაციის შემდეგ შეძლო.


ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2017 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშისას, უკვე ვეტერანის ასაკში, როდესაც 35 წლის იყო დაშავდა. ამ დროს კარიერას ბევრი ასრულებს. ზლატანთან დაკავშირებითაც, ექიმები ფიქრობდნენ, რომ ასეთ ასაკში ეს კარიერის დასასრული იყო. თუმცა ზლატანმა 7 თვეში წარმოუდგენელი ფორმა დაიბრუნა, ამერიკაში (MLS) გაიბრწყინა, შემდეგ კი ევროპაში დაბრუნდა და „მილანს" იტალიის ჩემპიონატი, სერია A მოაგებინა.


და ბოლოს, შორს რომ არ წავიდეთ, ფრანჩესკო ტოტი გავიხსენოთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში, ხვიჩაზეც ელაპარაკებოდა პუბლიკას.  იტალიელი, 2008 წელს, „რომაში" თამაშის დროს დაშავდა. თუმცა, ტოტიმ უმოკლეს დროში შეძლო რეაბილიტაცია, დაბრუნდა მოედანზე და კლუბის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა, კიდევ მრავალი სეზონი უმაღლეს დონეზე ითამაშა და კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა.


ასე რომ საფეხბურთო სამყარო ერთსულოვანია და 25 წლის ქართველ ტალანტს, აქვს ყველანაირი მენტალური რესურსი იმისათვის, რომ ეს მძიმე პერიოდი გადალახოს და მოედანს კიდევ უფრო ძლიერი დაუბრუნდეს.


„კვარა" ჩვენ აქ ვართ და ველით შენს დაბრუნებას.