ცხოვრებაძის „ზაგრებმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ ერთი ბურთით დაამარცხა
ცხოვრებაძის „ზაგრებმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ ერთი ბურთით დაამარცხა
21.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშემ გიორგი ცხოვრებაძემ პსჟ-ს დღეს 7 გოლი გაუტანა და საკუთარი გუნდის სასარგებლოდ ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. საერთო ჯამში, გიორგიმ მეტოქის კარის მიმართულებით 14-ჯერ დაარტყა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შედეგი, ქართველი ხელბურთელის საუკეთესო შედეგია, მიმდინარე გათამაშებაში.


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ცხოვრებაძის „ზაგრებმა" C ჯგუფის ლიდერს, „პარი სენ-ჟერმენს"  უმასპინძლა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ხორვატებმა, რომლებიც პირველი ტაიმის შემდეგ, ოთხ ბურთს აგებდნენ, 13-17, საბოლოოდ, ერთი ბურთით, 29-28 (იხილეთ თამაშის სტატისტიკური ჩანაწერი) გაიმარჯვეს. ეს „ზაგრების" მეორე გამარჯვება არის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.


აღსანიშნავია, რომ ცხოვრებაძემ, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეხვედრის საწყის ხუთ წუთში ზედიზედ ორი გოლი გაიტანა. ხოლო მისი მესამე გოლის შემდეგ, „ზაგრები" 6-5 დაწინაურდა. გოირგი ანგარიშზეა პირველი  ტაიმის ბოლო გოლიც, რომელიც ხორვატებმა გაიტანეს და ანგარიში 13-17 გახდა. აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ზაგრები" კვლავ გიორგის გოლით დაწინაურდა, 28-27. დარჩენილ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს, თუმცა, ხორვატებმა მოახერხეს გამარჯვება.


„კიდევ ერთი რთული თამაში, თუმცა, ისეთივე, როგორც სეზონის დასაწყისში პარიზში იყო. თუმცა, ამჯერად, ბოლო ხუთი წუთი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. გოლების გატანა, რა თქმა უნდა სასიამოვნოა, თუმცა, დღევანდელი გამარჯვება, ჩვენთვის უფრო მეტს ნიშნავს. მჯერა, რომ გვაქვს პოტენციალი ჩემპიონთა ლიგაში გავწიოთ კონკურენცია. ამის ყველას გვჯერა. სწორედ, ამის გამო, ეს გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია. ახლა ამ გრძნობის გამოცდა, ერთ კვირაში, „ცელიეს" წინააღმდეგ მოგვიწევს", - ამბობს გიორგი ცხოვრებაძე, საკლუბო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.


ამისდა მიუხედავად, პარიზელები მეინ-რაუნდში აგრძელებენ ასპარეზობას. „ზაგრები" კი, რომელმაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა (იხილეთ სატურნირო მდგომარეობა) და ამის გამო, მეინ-რაუნდის მიღმა დარჩა ასპარეზობას ევროპა ლიგის გათამაშებაში გააგრძელებს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას, ქართველის გუნდი 28 ოქტომბერს, „ცელიეს" წინააღმდეგ გამართავს.